Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:13 - 16 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტერორიზმში ბრალდებული ჩატაევის საქმეზე დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდა
Civil Georgia, Tbilisi / 4 იან.'18 / 19:57


პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე, თემირლან მაჩალიკაშვილი, და 21 ნოემბერს თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე, შოაიფ ბორზიევი. ფოტო: კადრი სუს-ის ვიდეომასალიდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაასაჯაროვა ვიდეომასალა და ინფორმაცია სხვა მტკიცებულებების შესახებ, რის საფუძველზეც, სუს-ის თქმით, „დადგენილია“ კავშირები ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის ჯგუფსა და 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს შორის, რომლებსაც ბრალად ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ. 

სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის,
განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 26 დეკემბრის სპეცოპერციისას პანკისის ხეობაში დაკავებული „რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა“ ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებული და 22 ნოემბერს თბილისში ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების „საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას“. 

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად და დაჯგუფების წევრები მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან. „გორნაკაშვილი თბილისშიც უწევდა დახმარებას ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ჩატაევის ჯგუფის წევრები, რუსეთის მოქალაქეები, შოაიფ ბორზიევი და ასლამბეკ სოლტახმადოვი, სავარაუდოდ თბილისში გადაადგილებიან 26 დეკემბერს პანკისში დაჭრილ საქართველოს მოქალაქესთან, თემირლან მაჩალიკაშვილთან, ერთად. 

ნინო გიორგობიანის თანახმად, გამოძიებამ ისნის რაიონში მდებარე ჩატაევის ბინიდან ასევე ამოიღო თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც „ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები“. „ამ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შემოწმება“, - განაცხადა გიორგობიანმა. 

მისივე ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ საბანკო ხელშეკრულების ამსახველი ფოტომასალა აღმოჩენილია შოაიფ ბორზიევის მობილურ ტელეფონშიც. ამ უკანასკნელის დაკავება 21 ნოემბერს, თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოხდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, ვიდეომასალაც, 29 დეკემბერს პანკისის უხუცესთა კავშირის წარმომადგენლებს
წარუდგინა, მას შემდეგ, რაც 26 დეკემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

ადგილობრივთა განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაკავებისას სამართალდამცველებმა 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაჭრეს. ახალგაზრდა ეჭვმიტანილი ამ დრომდე თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 21-22 ნოემბერს თბილისში, ისნის რაიონში ჩატარებული
ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, სამი შეიარაღებული ეჭვმიტანილი გაანადგურა, ერთი კი - დააკავა. 1 დეკემბერს, სუს-მა დაადასტურა, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის იყო ისლამური სახლემწიფოს წევრი, ახმედ ჩატაევი, რომელიც აშშ-ის და გაეროს ტერორისტთა სიაში ირიცხებოდა. 26 დეკემბერს, სუს-მა ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული და დაკავებული პირების ვინაობაც დაასახელა და განაცხადა, რომ ტერორისტული ჯგუფი თურქეთსა და საქართველოში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდა. 

26 დეკემბერს, თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად,  სუს-მა ახმედ ჩატაევის ჯგუფისათვის მომსახურების გაწევის, აგრეთვე - რესურსებით და თავშესაფრით უზრუნველყოფის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. დაკავებულთაგან ოთხს წინასწარი პატიმრობა
შეეფარდა. სპეცოპერაციის დროს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, თემირლან მაჩალიკაშვილი, თავის არეში დაიჭრა. სუს-ის განმარტებით, ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა, რასაც სუს-ის მხრიდან „პროპორციული ძალის“ გამოყენება მოჰყვა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები კი ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს მძინარეს ესროლეს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.
15 იან.'18 18:32
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები ხელს არ უწყობს მედიამრავალფეროვნებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას.
15 იან.'18 16:16
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რაულ ხაჯიმბას და სემიონ გრიგორიევის შეხვედრაზე მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები იქნა განხილული.
15 იან.'18 12:28
ევროკავშირი მუხთარლის საქმის ‘საფუძვლიანი, გამჭირვალე’ გამოძიებისკენ მოუწოდებს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც საქართველოდან მაისში გაუჩინარდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
13 იან.'18 13:31
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდენო დღეს კი აზერბაიჯანში იქნა დაპატიმრებული.
12 იან.'18 15:12
საია-მ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსკოვმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.
12 იან.'18 13:04
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრნადაკი: ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
ამ განცხადებას წინ უძღოდა საპროტესტო ნოტა, რომელიც საქართველომ სარაევოს ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით გაუგზავნა.
11 იან.'18 18:30
ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პანკისის ხეობის მკვიდრი, ზურაბ იდოიძე, სუს-მა 9 იანვარს დააკავა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75