Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:02 - 19 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ნდობა გამოუცხადა
Civil Georgia, Tbilisi / 22 დეკ.'17 / 12:26


მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ქუთაისი, 22 დეკემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა 22 დეკემბერს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 103  ხმით 17-ის წინააღმდეგ, ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. 

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა 13 ნოემბერს მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები დაიწყო და მასშტაბური სტრუქტურული რეორგანიზაცია განახორციელა, რომელიც რამდენიმე სამინიტროს შერწყმითა და რეორგანიზაციით დასრულდა.

სტრუქტურული რეფორმის შედეგად, ახალ მთავრობაში 18-ის ნაცვლად 14 მინისტრი დარჩა, მათგან 12 მინისტრი კვირიკაშვილის მთავრობაში პოსტს 2016 წლის ნოემბრიდან იკავებდა, ორი ახალი მინისტრი კი მთავრობას 13 ნოემბერს შეუერთდა. 

თანამდებობა შეინარჩუნეს შემდეგმა მინისტრებმა:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც 2017 წლის 13 ნოემბრამდე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ქუმსიშვილი ასევე პირველ ვიცე-პრემიერად რჩება;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე. ის ასევე ვიცე-პრემიერის პოსტსაც ინარჩუნებს;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი - გიორგი გახარია. 13 ნოემბრამდე ის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა;
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე;
  • თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;
  • იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

მთავრობაში ორი ძველი მინისტრია, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ სამინისტროებს უხელმძღვანელებენ. ეს მინისტრები არიან:

  • ლევან დავითაშვილი, რომელიც ახლად შექმნილ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უხელმძღვანელებს. 2016 წლის სექტემბრიდან იგი სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.
  • მიხეილ გიორგაძე, რომელიც კულტურისა და სპორტის მინისტრად დამტკიცდა. 2014 წლის ივლისიდან იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

მთავრობის ახალ წევრებს შორის არიან:

  • მამუკა ბახტაძე, რომელიც ფინანსთა მინისტრად დამტკიცდა. 13 ნოემბრამდე იგი საქართველოს რკინიგზის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
  • მიხეილ ჩხენკელი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დამტკიცდა, ხოლო 13 ნოემბრამდე თსუ-ს პრორექტორი იყო.

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ენერგეტიკის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაუქმდა. მათი უფლებამოსილებები კი, სხვადასხვა სამინისტროს შორის გადანაწილდა.

სამთავრობო პროგრამისა და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის ორდღიანი განხილვა საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა. პლენარულ სხდომაზე, რომელიც 22 დეკემბერს ღამის 2 საათზე, 8-საათიანი განხილვის შემდეგ დასრულდა, კვლავ ჰქონდა ადგილი დაძაბულობას, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ნიკა მელიას და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. ორ პოლიტიკოსს კონფლიქტი 20 დეკემბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზეც მოუვიდა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახლებულ მთავრობას მხარი არ დაუჭირეს. 

„ეს არ არის ხალხის პრობლემებზე ორიენტირებული მთავრობა“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, „ეს მთავრობა აღმოჩნდა უუნარო“. პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით კი, მათი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის გადადგომის თაობაზე ძალაში რჩება.

უახლესი ამბები
19 აპრ.'18 13:02
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.
18 აპრ.'18 19:32
მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას ხვალ საღამოს გამართავს.
18 აპრ.'18 19:07
ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
18 აპრ.'18 16:09
პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მის წინააღმდეგ შეთანხმებული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
18 აპრ.'18 14:06
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა დააკავეს.
18 აპრ.'18 12:04
მარგველაშვილი შეწყალების პრაქტიკის შესახებ კრიტიკას პასუხობს
პრეზიდენტი დროებით წყვეტს ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალებას.
17 აპრ.'18 16:12
ადვოკატის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები აკლდა
პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის მამას და ადვოკატს გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
16 აპრ.'18 18:46
შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
არჩევნები ვანის და ხონის მაჟორიტარული ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
16 აპრ.'18 17:48
სოციალ-დემოკრატები საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს
პარტიას ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში შვიდწევრიანი ფრაქცია ყავს.
16 აპრ.'18 15:07
ევროკავშირი: საქართველოს შრომის უსაფრთხოების კუთხით პროგრესი აკლია
ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების წუხილებს უპასუხა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
126