Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:13 - 16 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკომისია: საქართველო განაგრძობს ვიზალიბერალიზაციის ამოცანების შესრულებას
Civil Georgia, Tbilisi / 21 დეკ.'17 / 18:56

საქართველო განაგრძობს ვიზალიბერალიზაციის ამოცანების შესრულებას, თუმცა მაინც დგას შემდგომი გაუმჯობესების საჭიროება, ნათქვამია ევროკომისიის შეფასების პირველ ანგარიშში შეჩარების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა.   
 
დოკუმენტი, რომელიც ევროპარლამენტს და საბჭოს წარედგინა, შეიცავს ინფორმაციას დასავლეთ ბალკანეთის ხუთი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების თაობაზე. 

ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეხება, ხაზს უსვამს, რომ უკანონოდ დარჩენის და შემოსვლაზე უარის თქმის ტენდენცია 2016 წლის მეორე ნახევრიდან 2017 წლის შუა პერიოდამდე „სტაბილური რჩებოდა“. „საქართველოს მოქალაქეების  მიერ ევროკავშირში წარდგენილი თავშესაფრის მოთხოვნები 2016 წლის მეორე ნახევრიდან (4750) 2017 წლის შუა პერიოდამდე (4630) არ მიუთითებს შემდგომ ზრდაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნების დატოვების შესახებ მიეთითათ, 12%-ით შემცირდა - 2015 წელს არსებული 6 415-დან 2016 წელს 5 635-მდე, ხოლო დაბრუნების მაჩვენებელი 2015 წელს არსებული 45.13%-იდან 2016 წელს 55.90%-მდე გაიზარდა.     

ევროკომისიის თქმით, თანამშრომლობა რეადმისიის ფარგლებში შეუფერხებლად მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის მქონე ყველა ქვეყანასთან, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ 2016 წელს წარდგენილი რეადმისიის მოთხოვნების დიდი უმრავლესობა დააკმაყოფილა.

ევროკომისიამ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს „შემდგომ პროგრესზე“ 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების საქმეში, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „შეშფოთების საგნად“ რჩება თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევები ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით და რომ ამ საკითხის „მოგვარებაა საჭირო“.   

ანგარიშში ასევე საუბარია ორგანიზებული დანაშაულის საკითხზე და ნათქვამია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ აქტიურად არიან ჩართულნი დანაშაულებრივ ქმედებებში ევროკავშირის მასშტაბით.

ევროკომისიის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველო კვლავ რჩება სატრანზიტო ქვეყნად სხვადასხვა უკანონო ტვირთებისთვის, რომლებიც ევროკავშირში შედის, კერძოდ კი ნარკოტიკებისთვის“.

ანგარიში ვიზალიბერალიზაციის ამოცანების განხორციელების შემდგომ ქმედებებს განსაზღვრავს. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ შემდეგ სფეროებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება:

  • განაგრძოს საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, დაასრულოს მიგრაციის ანალიტიკური და რისკების ანალიზის სისტემები და გააძლიეროს ძალისხმევა მიგრაციის ძირეული მიზეზების დასადგენად.
  • მყისიერად აამოქმედოს Europol-თან თანამშრომლობის შეთანხმება და დადოს თანამშრომლობის შეთანხმება Eurojust-თან. 
  • დაასრულოს ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის რეფორმა და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნა პრიორიტეტად აქციოს.
  • კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსსასაზღვრო სამართალდამცავი ღონისძიებები და სამართლებრივი თანამშრომლობა.
  • უფრო ინტენსიურად განახორციელოს კანონმდებლობა ფულის გათეთრების შესახებ, ასევე, დანაშაულებრივი აქტივების მიგნების, დაყადაღებისა და კონფისკაციის მიმართულებით, მათ შორის საზღვრებს მიღმაც; შეარჩიოს აქტივების აღდგენის ეროვნული სამსახური; კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მეოთხე დირექტივასთან.
  • დაამტკიცოს ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებები, რათა მისი განხორციელება უფრო ეფექტური გახდეს.

კომისიის სამუშაო დოკუმენტის თანახმად, რომელიც თან ახლავს შეფასების ანგარიშს, საქართველოს ხელისუფლება იტყობინება, რომ 2017 წლის 28 მარტიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 173 396-მა მოქალაქემ ისარგებლა.

უახლესი ამბები
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.
15 იან.'18 18:32
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები ხელს არ უწყობს მედიამრავალფეროვნებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას.
15 იან.'18 16:16
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რაულ ხაჯიმბას და სემიონ გრიგორიევის შეხვედრაზე მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები იქნა განხილული.
15 იან.'18 12:28
ევროკავშირი მუხთარლის საქმის ‘საფუძვლიანი, გამჭირვალე’ გამოძიებისკენ მოუწოდებს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც საქართველოდან მაისში გაუჩინარდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
13 იან.'18 13:31
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდენო დღეს კი აზერბაიჯანში იქნა დაპატიმრებული.
12 იან.'18 15:12
საია-მ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსკოვმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.
12 იან.'18 13:04
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრნადაკი: ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
ამ განცხადებას წინ უძღოდა საპროტესტო ნოტა, რომელიც საქართველომ სარაევოს ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით გაუგზავნა.
11 იან.'18 18:30
ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პანკისის ხეობის მკვიდრი, ზურაბ იდოიძე, სუს-მა 9 იანვარს დააკავა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
76