Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:13 - 16 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კვირიკაშვილმა სამთავრობო პროგრამა ოპოზიციის კრიტიკის ფონზე წარადგინა
Civil Georgia, Tbilisi / 21 დეკ.'17 / 15:08


გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, 20 დეკემბერი, 2017. ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial/

მთავრობის განახლებული შემადგენლობის განხილვის ფარგლებში, 20 დეკემბერს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრებთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობის (ევროპული საქართველოს), ნაციონალური მოძრაობის და პატრიოტთა ალიანსის სხდომებზე წარდგა. კვირიკაშვილმა, განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, დეპუტატებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის პრიორიტეტები გააცნო. მანამდე, მთავრობის გეგმებზე მინისტრებმა კომიტეტების სხდომებზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი ყურადღება „ბიზნესსახლის“ პროექტზე გაამახვილა, რომელიც იუსტიციის სახლის ანალოგს წარმოადგენს, თუმცა მისგან განსხვავებით, ფიზიკური პირების ნაცვლად, ორიენტირებულია კომპანიების მომსახურებაზე. კვირიკაშვილის თქმით, ამ პროექტის განხორციელების შედეგად, 60-ზე მეტი სახელმწიფო უწყება ბიზნეს კომპანიებს 800-ზე მეტ საჯარო სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით მიაწვდის. 

„ეს  არის ფუნდამენტური მმართველობითი რეფორმა, რომელიც ძალიან პოზიტიურ შედეგებს მოიტანს როგორც ბიზნესის კეთების გაიოლების თვალსაზრისით, ასევე კორუფციის შემდგომი შანსების შემცირების თვალსაზრისით და გამჭვირვალობის და ეფექტურობის ზრდის კუთხით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

თავის გამოსვლაში მან საპენსიო რეფორმასა და კაპიტალის ბაზრის რეფორმაზეც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდაზე და ამ კუთხით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საჭიროებას და ამ კუთხით მძლავრი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. 

შიდა პრიორიტეტებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა თვითმმართველობის რეფორმა გამოყო, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ხელისუფლებისთვის მეტი უფლებამოსილების დელეგირება და შესაბამისი რესურსების გადაცემა იგეგმება. „ეს ჩვენი სტრატეგიული ხაზია“, - დასძინა კვირიკაშვილმა. 

კვირიკაშვილი ოკუპაციის პრობლემასაც შეეხო, რასაც „ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა“ უწოდა. მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით „ჩვენ გვაქვს ძალიან თამამი გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელსაც უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ პარლამენტში განსახილველად“.
 
საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა „მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმა“ უწოდა მთავრობის ახალ ინიციატივას - საგზაო რუკას ევროკავშირისკენ. „ამ გეგმის ამბიციები მნიშვნელოვნად სცდება ჩვენი ასოცირების დღის წესრიგს და გაცილებით უფრო მეტ დაახლოებას და ინტეგრაციას გულისხმობს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. „ეს არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი და, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს გეგმა წარმატებით განვახორციელოთ, და მზად ვიყოთ იმ მომენტისთვის, როცა საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება“, - დასძინა მან.

კვირიკაშვილმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზეც ისაუბრა და ამ კუთხით გამოყო „ნატოში ინტეგრაციის ძირითადი პაკეტი და თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ხორციელდება“. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ნატოსთან თავსებადობის საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით „არის სამაგალითო მდგომარეობა“. კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, რეზერვის განახლებული სისტემის შექმნა იგეგმება, რათა „მოსახლეობა ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობაში“ ჩაერთოს.

საპარლამენტო ოპოზიციის კითხვები და შეფასებები

სამთავრობო პროგრამისა და მინისტრების წარდგენისას, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს ოპოზიციის არაერთი კითხვისა და მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუხდა, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობის, ეკონომიკის, სიღარიბის და ლარის დევალვაციის, ასევე კორუფციისა და დანაშაულის ზრდის, მათ შორის, არასრულწლოვნებში ე.წ. ქურდული მენტალიტეტის გაძლიერების თაობაზე. 

ევროპული საქართველოს დეპუტატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს და, ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრს კითხვები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცებისა და თბილისში ლიკვიდირებული ტერორისტის ახმედ ჩატაევის  საქმეებზე დაუსვეს. 

„ეს ძალიან მძიმე საკითხია და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, რაც მოხდა, თუმცა საბოლოო სიმართლე ჯერ არ გარკვეულა “, - განაცხადა მუხთარლის საქმის კომენტირებისას კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ამ საქმეზე ხელისუფლების რეაგირება იყო „ადეკვატური“, რაც კონტრდაზვერვის სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსების გათავისუფლებაში გამოიხატა. „კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი ბრალეულობა ჯერ არ არის  დადასტურებული, მაგრამ მათ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

უსაფრთხოების სისტემაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს და დასძინა, რომ მისი მიმართვის საფუძველზე, აშშ-დან სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომელიც „სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის შეფასებას მოახდენს და აქცენტები გაკეთდება, თუ რა მიმართულებით გვჭირდება ჩვენ გაძლიერება“. 

ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს 2017 წლის ნოემბერში თბილისში ლიკვიდირებული ტერორისტის ახმედ ჩატაევის საქმეზეც. მათ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დააკისრეს 2012 წელს მისი ციხიდან გათავისუფლების და შემდგომ საქართველოში კვლავ შემოსვლის გამო.

კრიტიკის პასუხად, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში ნოემბერში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „მადლობას“ იმსახურებს. 2012 წელს ჩატაევის ციხიდან გათავისუფლება კი, მის წინააღმდეგ მტკიცებულებების სიმცირით ახსნა. „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში არ იყო მომზადებული საკმარისი მასალა იმისთვის, რომ ეს ადამიანი პატიმრობაში დარჩენილიყო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

სამივე ოპოზიციური ძალის, ევროპული საქართველოს, ნაციონალური მოძრაობის და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრისას, რუსეთთან ურთიერთობების საკითხი დასვეს. 

ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა ხელისუფლება რუსეთისადმი დამთმობი პოლიტიკის გამო მწვავედ გააკრიტიკეს და მას „დანაშაულებრივი“ უწოდეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები პრემიერ-მინისტრს იმ შეთანხმების გამო დაუპირისპირდნენ, რომელიც, მათი თქმით, როკის გვირაბისა და აფხაზეთის რკინიგზის გავლით ტვირთების მიმოსვლას ითვალისწინებს. პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა კი კვირიკაშვილი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ხელისუფლება „არ იწყებს დიალოგს“ აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთთან. 

საპარლამენტო ოპოზიციასთან გამართული სამი შეხვედრიდან ყველაზე მწვავე ნაციონალურ მოძრაობასთან გამართული შეხვედრა გამოდგა, რომელიც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს მდივანს, ნიკა მელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

უახლესი ამბები
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.
15 იან.'18 18:32
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები ხელს არ უწყობს მედიამრავალფეროვნებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას.
15 იან.'18 16:16
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რაულ ხაჯიმბას და სემიონ გრიგორიევის შეხვედრაზე მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები იქნა განხილული.
15 იან.'18 12:28
ევროკავშირი მუხთარლის საქმის ‘საფუძვლიანი, გამჭირვალე’ გამოძიებისკენ მოუწოდებს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც საქართველოდან მაისში გაუჩინარდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
13 იან.'18 13:31
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდენო დღეს კი აზერბაიჯანში იქნა დაპატიმრებული.
12 იან.'18 15:12
საია-მ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსკოვმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.
12 იან.'18 13:04
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრნადაკი: ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
ამ განცხადებას წინ უძღოდა საპროტესტო ნოტა, რომელიც საქართველომ სარაევოს ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით გაუგზავნა.
11 იან.'18 18:30
ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პანკისის ხეობის მკვიდრი, ზურაბ იდოიძე, სუს-მა 9 იანვარს დააკავა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75