Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:15 - 16 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ
Civil Georgia, Tbilisi / 19 დეკ.'17 / 12:14


მარგველაშვილი მედიის და არასამთავრობოების წარმომადგენლებს ხვდება, 18 დეკემბერი, 2017. ფოტო: facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 18 დეკემბერს სამოქალაქო სექტორისა და კერძო მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა, ასევე კონსულტაციები გამართა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან და მოისმინა მათი პოზიციები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული სადავო ცვლილებების შესახებ.

კერძო ტელეკომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებენ პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს. 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში უთანხმოებას შემდეგი საკითხები იწვევს:

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ იქნება ვალდებული მედიაპროდუქციის შესაძენად ან დასამზადებლად პროცედურები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის დაცვით წარმართოს. შედეგად, მაუწყებელს აღარ მოუწევს საჯარო ტენდერების გამოცხადება და მომწოდებლების შერჩევა კონკურენციის გზით.
  • საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება შესაძლებლობა, რომ სპორტულ და საერთაშორისო ღონისძიებებთან ერთად, კომერციული რეკლამა ნებისმიერი სხვა პროგრამის დროსაც განათავსოს, გარდა უქმე დღეებისა და სამუშაო დღეების „საუკეთესო დროისა“ (19:00 სთ-24:00 სთ). იზრდება კომერციული რეკლამის განთავსების ხანგრძლივობა (დღე-ღამის განმავლობაში 30 წუთიდან 60 წუთამდე). დასაშვები ხდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. მცირდება სოციალური რეკლამისთვის გამოსაყოფი უფასო საეთერო დრო (ყოველ სამ საათში სავალდებულო 180 წამიდან - 90 წამამდე).
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელის საბიუჯეტო დაფინანსება ყოველწლიურად - მშპ-ის 0.14%-ს, მომავალი წლის ბიუჯეტში კი - 52.5 მლნ ლარს შეადგენს, აღარ იქნება ვალდებული წლის ბოლოს დარჩენილი თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნოს. მასვე ეძლევა უფლება, საბიუჯეტო სახსრები ნებისმიერი სახის დამწყები საწარმოს (სტარტაპის) დაფინანსებაზე მიმართოს.
  • სხვადასხვა ვალდებულებისგან საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლების პარალელურად, იზღუდება მისი სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება. კერძოდ, საბჭო ვეღარ შეძლებს, დირექტორის თანხმობის გარეშე, მაუწყებლის სტრუქტურა შეცვალოს. 

კერძო ტელეკომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, ცვლილებები „დარტყმას მიაყენებს“ კერძო მაუწყებლებს, რომელთა შემოსავალიც მნიშვნელოვანწილად კომერციული რეკლამის განთავსებიდან მიღებული თანხებით განისაზღვრება. ისინი ასევე ყურადღებას ამახვილებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულების შესუსტებასა და კორუფციის საფრთხეზე. 

თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა არხის უფლებამოსილებების გაფართოების აუცილებლობას მაუწყებლის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ახალი შენობის მშენებლობისთვის რესურსების მობილიზებას და თანამშრომელთა ფინანსური მოტივირების საჭიროებას უკავშირებს.

გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე, კერძო მაუწყებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს. მათი მოთხოვნა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გაიზიარეს

პარლამენტის წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლმა, რომან გოცირიძემ  იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რადგან „ის ხელს უშლის საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებას“. 

ვეტოს დადების აუცილებლობაზე ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანიმაც ისაუბრა და სამი პრობლემური საკითხი, მათ შორის, „თავისუფალი მედიისთვის სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა“, „კორუფცია და პროტექციონიზმი“ და „ბორდის უფლებამოსილების შემცირება“ გამოყო. 

ვეტოს უფლების გამოყენების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ არ საუბრობენ. მედიის წარმომადგენლებთან მარგველაშვილის შეხვედრების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ერთის მხრივ, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას, რომ მან ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, და ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პლურალისტური მედია არ დაზარალდეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გარკვეული რესურსების წვდომაზე“. 

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილების გაფართოებას მოწინააღმდეგეები მმართველ გუნდშიც ჰყავს. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, წამყვანმა საპარლამენტო კომიტეტმა - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტს მხარი არ დაუჭირა, თუმცა 14 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე, ის 85 ხმით 6 წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მაინც დაამტკიცეს. 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მესამე მოსმენით მიღება მიმდინარე კვირის ბოლომდე იგეგმება.

უახლესი ამბები
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.
15 იან.'18 18:32
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები ხელს არ უწყობს მედიამრავალფეროვნებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას.
15 იან.'18 16:16
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რაულ ხაჯიმბას და სემიონ გრიგორიევის შეხვედრაზე მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები იქნა განხილული.
15 იან.'18 12:28
ევროკავშირი მუხთარლის საქმის ‘საფუძვლიანი, გამჭირვალე’ გამოძიებისკენ მოუწოდებს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც საქართველოდან მაისში გაუჩინარდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
13 იან.'18 13:31
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდენო დღეს კი აზერბაიჯანში იქნა დაპატიმრებული.
12 იან.'18 15:12
საია-მ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსკოვმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.
12 იან.'18 13:04
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრნადაკი: ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
ამ განცხადებას წინ უძღოდა საპროტესტო ნოტა, რომელიც საქართველომ სარაევოს ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით გაუგზავნა.
11 იან.'18 18:30
ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პანკისის ხეობის მკვიდრი, ზურაბ იდოიძე, სუს-მა 9 იანვარს დააკავა.
11 იან.'18 18:12
საქართველოს ხელმძღვანელობა მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებს
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბრის სპეცოპერაციის დროს თავში დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
124