Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:13 - 16 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
Civil Georgia, Tbilisi / 14 დეკ.'17 / 19:26

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი 12-13 დეკემბერს გაიმართა, სადაც მონაწილეებმა უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში მონაწილეობენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ცხინვალიდან და სოხუმიდან.

თბილისის პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12-13 დეკემბრის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ძალის არგამოყენებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხი“.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მილიტარიზაციამ ადგილზე სიტუაციის დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი.

თბილისის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებზე შეშფოთება გამოხატეს „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების გამო, კერძოდ სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო პოსტის შექმნა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებები ახალგორში ანალოგიური სტრუქტურის შექმნის შესახებ“.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „მწვავე დისკუსიის“ საგანი იყო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება, ასევე გამშვები პუნქტების დახურვა, ადგილობრივების თავისუფალი გადაადგილება და უკანონო დაკავებები. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ხაზი გაესვა ორ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას, მათ შორის გალში მცხოვრებ ქართველებზე ზეწოლას, რომ შეიცვალონ გვარები და იდენტობა, სოფელ ერედვში ქართველების სახლების განადგურებას და გალის და ახალგორის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას.

ქართველმა დიპლომატებმა „ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების, შესრულებისა და აღნიშნულის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით გარანტირების აუცილებლობას“.

„თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს მოუწოდეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჟენევის ფორმატს და ჩაერთონ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებში. ამის მიუხედავად, მათ კვლავ სცადეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დევნილობაში მყოფმა აფხაზეთის მთავრობამ ასევე გაავრცელა განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივ დაკავებისკენ მოუწოდა.

რუსეთის, ცხინვალის და სოხუმის პოზიციები  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში საქართველოსთვის ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინის“ შესაძლო მიყიდვის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „დამღუპველ“ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „2008 წლის შემდეგ დადებული ეს უმსხვილესი სამხედრო გარიგება ვაშინგტონს და თბილისს ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგებს“. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  „ამ კონტექსტში აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დაადასტურეს, რომ სავსებით გამართლებულად მიაჩნიათ რუსეთის მიერ მათთვის თავდაცვის სფეროში აღმოჩენილი დახმარება“ და საქართველო ძალის არგამოყენების შესახებ განცხადების “დაბლოკვაშია“ დადანაშაულებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოც გააკრიტიკა შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში მდებარე აფხაზეთის ომის მემორიალის არსებული ფორმით აღების მცდელობის გამო.

სოხუმის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ძალის არგამოყენების შესახებ განცხადების ტექსტზე“, ხოლო ცხინვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თბილისია დადანაშაულებული „აგრესიული რევანშისტული რიტორიკის“ გამო და შეშფოთებაა გამოხატული „საქართველოში ნატოს გაძლიერებულ სამხედრო ყოფნასა“ და ჯაველინების სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია

აშშ-ის დელეგაციამ განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ, რომ „მონაწილეებმა პროგრესს მიაღწიეს ძალის არგამოყენების განცხადებაზე შეთანხმების კუთხით“, თუმცა შეშფოთება გამოხატა მზარდი შეზღუდვების გამო, რაც ზღუდავს აფხაზეთთან წვდომას. აშშ-ის დელეგაციამ ორი გამშვები პუნქტის გახსნისა და იმ პოლიტიკის გაუქმებისკენ მოუწოდა, რომელიც აფხაზეთში ეთნიკური ქართველების უფლებებს ზღუდავს.

აშშ-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ფიზიკური ბარიერები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებზე ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და „ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის“.

განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე აღნიშნა, რომ  სოფელ ერედვში ეთნიკური ქართველების სახლების დანგრევა მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველ დევნილთა უფლებას, რომ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები წუხს, რომ მონაწილეებმა ვერ შეძლეს დისკუსიების დასრულება დღის წესრიგის ყველა საკითხზე, მათ შორის დევნილებზე, ვინაიდან მეორე სამუშაო ჯგუფი მონაწილეებმა შეხვედრა დატოვეს“. 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა საკუთარიკომუნიკე გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც „მონაწილეებმა ადგილზე არსებული ვითარება განიხილეს და შეაფასეს ის, როგორც შედარებით წყნარი და სტაბილური“.

კომუნიკეში ასევე ნათქვამია, რომ დევნილების და ლტოლვილების შესახებ საკითხის მიმართ წინააღმდეგობრივი პოზიციების გამო, კვლავ შეუძლებელი გახდა დღის წესრიგის ყველა საკითხზე დისკუსიების დასრულება. „ამ კონტექსტში, თანათავმჯდომარეები სინანულს გამოთქვამენ ზოგიერთი მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო, რამაც ამ რაუნდის ჩაშლა გამოიწვია“, - ნათქვამია კომუნიკეში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 12-13 დეკემბრის რაუნდი პირველი იყო სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის და დისკუსიების თანათავმჯდომარისთვის, ტოივო კლაარისთვის. დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2018 წლის 27-28 მარტს გაიმართება. 

უახლესი ამბები
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.
15 იან.'18 18:32
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები ხელს არ უწყობს მედიამრავალფეროვნებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას.
15 იან.'18 16:16
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რაულ ხაჯიმბას და სემიონ გრიგორიევის შეხვედრაზე მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები იქნა განხილული.
15 იან.'18 12:28
ევროკავშირი მუხთარლის საქმის ‘საფუძვლიანი, გამჭირვალე’ გამოძიებისკენ მოუწოდებს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც საქართველოდან მაისში გაუჩინარდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
13 იან.'18 13:31
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდენო დღეს კი აზერბაიჯანში იქნა დაპატიმრებული.
12 იან.'18 15:12
საია-მ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსკოვმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.
12 იან.'18 13:04
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრნადაკი: ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
ამ განცხადებას წინ უძღოდა საპროტესტო ნოტა, რომელიც საქართველომ სარაევოს ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით გაუგზავნა.
11 იან.'18 18:30
ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პანკისის ხეობის მკვიდრი, ზურაბ იდოიძე, სუს-მა 9 იანვარს დააკავა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
89