Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა
Civil Georgia, Tbilisi / 7 დეკ.'17 / 19:32


პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა, 7 დეკემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა 7 დეკემბერს დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც რამდენიმე სამინისტროს და ძალოვანი უწყების შერწყმას და რეორგანიზაციას ითვალისწინებს.

ცვლილებების მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინიტროს უერთდება, ხოლო გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იყოფა. ამ უკანასკნელის ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, ხოლო გარემოს დაცვის მიმართულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაში შევა. შედეგად, ახალ სამინისტროს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეწოდება.

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მსგავსად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც იყოფა. ახალგაზრდობის საქმეთა მართვა  განათლების და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციაში შევა. სპორტის კომპონენტი კი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შევა, ხოლო ახალ სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეწოდება. 

საკანონმდებლო ცვლილებები ძალოვან სტრუქტურებსაც შეეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმის შედეგად, მთავრობის მეთაურის დაქვემდებარებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქმნება. თავდაპირველი გეგმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებასაც ითვალისწინებდა, თუმცა მმართველ გუნდში, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტები უკან გაიწვია

პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 6-7 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით განიხილა. საპარლამენტო ოპოზიციამ მთავრობის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მხარი არ დაუჭირა. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მთავრობამ სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტი საკადრო და საბიუჯეტო ოპტიმიზაციის გეგმის გარეშე წარმოადგინა. პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი დაესწრო, თუმცა მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები კი პლენარულ სხდომას არ დასწრებიან. 

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმის ზოგიერთ კომპონენტს მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც აკრიტიკებდნენ. კრიტიკა ძირითადად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმებას შეეხებოდა.

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი დღევანდელი საკანონმდებლო ცვლილებებით არ შემოიფარგლება. პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ 13 ნოემბერს წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს შეუერთდება, რაც საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დამტკიცდება. 

საბოლოოდ, ცვლილებების შედეგად, საქართველოს მთავრობაში მანამდე არსებული 16 სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრების ორი აპარატის ნაცვლად, 13 სამინისტრო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.

სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში ახალი სამინისტროების შექმნა, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე კვირის წინ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილებები აჩენს პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საჭიროებას, რაც უახლოეს კვირებში განხორციელდება.

წლის ბოლომდე საქართველოს პარლამენტი ასევე  2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტსაც დაამტკიცებს, რომლის პროექტშიც მთავრობის ახალი სტრუქტურა უკვე ასახულია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49