Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:53 - 20 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაციისას ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციის ფაქტი დაადასტურა
Civil Georgia, Tbilisi / 1 დეკ.'17 / 16:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დაადასტურა, რომ 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი - ჩეჩნური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქე, ISIS-ის წევრი, ახმედ ჩატაევია, რომელმაც სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის მიერ, 1 დეკემბერს, პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ჩატაევის იდენტიფიცირება „ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის, დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით“ მოხდა. მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული დანარჩენ ორი პირის იდენტიფიკაციის პროცესი „საერთაშორისო პარტნიორების“ ჩართულობით გრძელდება. 

ნინო გიორგობიანის განცხადებით, „გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან“. 

დღესვე, სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში კიდევ ორი პირი შედიოდა, რომლებმაც სპეცოპერაციის დროს გაქცევა მოახერხეს.

ანტი-ტერორისტული ოპერაციის თემაზე, 1 დეკემბერს, კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამაც გააკეთა. დანაშაულებრივი ჯგუფის საქართველოში შემოღწევის გზებზე საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ „პირველადი მონაცემებით“ ეს იყო „არალეგალური გზა“. 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ასევე გააკეთა კომენტარი გამოძიების შესახებ და აღნიშნა, რომ „ჩვენ ნამდვილად გვაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდნენ ეს პირები საქართველოში“. მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკული მხარე „ძალიან მჭიდროდ“ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით „გამოძიების ფედერალური ბიუროს რამდენიმე ექსპერტი“ ჩამოვიდა ქვეყანაში გამოძიების საქმეში დახმარების მიზნით.

ახმედ ჩატაევი, რომლის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ეჭვები აქამდეც ვრცელდებოდა, აშშ-მა ტერორისტთა სიაში 2015 წელს შეიყვანა. გადაწყვეტილების მიზეზად კი დაასახელა, რომ ჩატაევი აშშ-ის და თურქეთის დაუდგენელ ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავდა. 2015 წელს ჩატაევი ასევე მოხვდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული ე.წ. ალ-ქაიდას სანქციების სიაში. იგი ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. 

ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაჭრეს და დააკავეს, თუმცა მოკლე დროში ციხიდან გაათავისუფლეს. 2013 წლის იანვარში, პროკურატურამ, მტკიცებულების არქონის მოტივით, მის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა. გათავისუფლებიდან მალევე, ჩატაევმა საქართველო დატოვა და განაცხადა, რომ რეაბილიტაციის მიზნით ავსტრიაში აპირებდა გამგზავრებას. 2015 წლისთვის იგი უკვე სირიასა და ერაყში ISIS-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებოდა.

21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული მრავალსაათიანი სპეცოპერაცია სამი პირის ლიკვიდაციით და ერთის დაკავებით დასრულდა. დაკავებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22