Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არასამთავრობოები სუს-ის უფლებამოსილების გაფართოების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
Civil Georgia, Tbilisi / 30 ნოე.'17 / 16:55

სამოქალაქო სექტორი შეშფოთებას გამოთქვამს, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის „დაჩქარებული“ პროცესის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის უფლებამოსილების გაფართოების გამო.

12 არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთობლივ განცხადებაში, ყურადღებას სუს-ის და დაზვერვის სამსახურის შერწყმის საკითხზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ორი უწყების გაერთიანების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ჭარბი,  უკონტროლო ძალაუფლების და ტოტალური კონტროლის“ ბერკეტებს მიიღებს.

არასამთავრობოების შეშფოთების მთავარ საგანს წარმოადგენს სუს-ისთვის დაზვერვის სამსახურის იმ უფლებამოსილების მინიჭება, რომლის მიხედვითაც მის თანამშრომელს, „სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად“,  თანამდებობის დაკავება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, ასევე კერძო საწარმოებსა და ორგანიზაციებში შეეძლება. აქამდე სუს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თანამშრომლის მივლენა მხოლოდ მთავრობის მიერ დადგენილი „უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე“ სახელმწიფო ორგანიზაციებში შეეძლო. 

არასამთავრობოების თქმით, „ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ შემოთავაზებული ცვლილებები სწორედ წარმოადგენს მცდელობას დააბრუნოს და გააძლიეროს საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ე.წ.  ‘ოდეერის’ [რუს. - Офицер действующего резерва] პრაქტიკა“. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები „ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს“, ასევე „მაღალი ალბათობით, გამოიწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და საფუძველს შეურყევს ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას“. 

სუს-ის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის უარყოფით მხარეებზე საუბრობს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც (EMC). ორგანიზაციის თქმით, ეს განსაკუთრებით პრობლემურია, „იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციური მოწყობა, დაუბალანსებელი ფუნქციები, ანგარიშვალდებულების დაბალი ხარისხი, სამსახურის საქმიანობაზე არაეფექტური საპარლამენტო კონტროლი“ ისედაც წარმოადგენდა საზოგადოების კრიტიკის საგანს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებების გაფართოებას ეხმაურება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. საია, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს იმ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სუს-ის და ფარულ მიყურადებაზე პასუხისმგებელი სააგენტოს ხელმძღვანელ პირებზე აღარ გავრცელდება „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი, რომელიც თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა კონფლიქტის, საჩუქრის მიღების და ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის საკითხებს არეგულირებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს დაზვერვის სამსახურისთვის მინიჭებული „კონტროლის მექანიზმები არ გაავრცელოს მთლიანად უსაფრთხოების სამსახურზე“. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პროცესი წარიმართოს „გონივრულ ვადებში, ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართულობით“, რათა „მსგავსი მასშტაბის რეფორმები განხორციელდეს საჯარო განხილვებისა და მაქსიმალური კონსენსუსის ფონზე“.

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
51