Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:03 - 24 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ECHR-ის დიდი პალატის გადაწყვეტილება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე
Civil Georgia, Tbilisi / 28 ნოე.'17 / 18:52

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად გამართლებული იყო, მაგრამ მოგვიანებით გამოყენებულ იქნა სხვა საქმეების თაობზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ (ECHR) 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

შედეგად, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ  დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), მე–5 მუხლის 1–ელ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).  

მართალია, სტრასბურგის სასამართლომ ვერანაირი დარღვევა ვერ იპოვა 2013 წლის მაისში მერაბიშვილისთვის წინასწარ პატიმრობის თავდაპირველად შეფარდების დროს, მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ ოთხი თვის თავზე მის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას საკმარისი საფუძვლები აკლდა და შესაბამისად, კონვენციის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის დარღვევას წარმოადგენს.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ მერაბიშვილის დაკავებასთან ან მის წინასწარ პატიმრობასთან მიმართებაში კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) დარღვევას ადგილი არ ჰქონია.  

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დამარცხებამდე რამდენიმე თვე პრემიერ–მინისტრი იყო, 2013 წლის მაისში დააკავეს მითვისება–გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, თუმცა მერაბიშვილი ყველა მათგანს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 2014 წელს მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე.

სტრასბურგის სასამართლოში მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ წარდგენილ სარჩელში, მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი.

ერთ–ერთ პრეტენზიაში, რომელიც კონვენციის მე–18 მუხლს ეფუძნება, მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და მისი დაკავება ხელისუფლებამ იმისთვის გამოიყენა, რომ ის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოეშორებინა, რასაც ნაციონალური მოძრაობის დასუსტება მოჰყვა, ხოლო თავად მან ვეღარ შეძლო 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება.

ის ასევე აცხადებდა, რომ მისი დევნა წინასწარი პატიმრობის დროსაც გრძელდებოდა, როდესაც 2013 წლის დეკემბერში, მისი თქმით, ის გამოიყვანეს საკნიდან, რათა გვიან ღამით მაშინდელ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, შეხვედროდა, რომელიც მერაბიშვილმა მის დაშინებაში დაადანაშაულა ყოფილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ასევე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საიდუმლო ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

თავის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ მართალია მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა „ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას შორის მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე“ მოხდა, მისი არგუმენტები „არ არის საკმარისი იმის საჩვენებლად, რომ დაპატიმრების მთავარი მიზანი - ქართული პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება და არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი წარმოების სათანადო განხორციელება იყო “.

თუმცა, სასამართლომ „საკმაოდ დამაჯერებლად“ მიიჩნია მერაბიშვილის განცხადებები 2013 წლის დეკემბერში საკნიდან ფარულად გაყვანის შესახებ. თავდაპირველად „წინასწარი პატიმრობის მიზანი იყო დანაშაულების გამოძიება გონივრული ეჭვის საფუძველზე“, მოგვიანებით კი ინფორმაციის მიღება ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე, ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ევროპის სასამართლომ მერაბიშვილისთვის 4 000 ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
24 თებ.'18 20:03
ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „მზად არის მხარი დაუჭიროს“ მიმდინარე გამოძიებას. 
23 თებ.'18 20:31
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
თბილისი მკაცრად გმობს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებისა და გარდაცვალების ფაქტს.
23 თებ.'18 17:27
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
თბილისში გამართულ შეხვედრებზე ანდერს სამუელსენმა საგარეო პოლიტიკის და ფინანსური დახმარების პროგრამის საკითხები განიხილა.
23 თებ.'18 15:05
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში ცხინვალის უშიშროების სამსახურმა დააკავა.
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
57