Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:52 - 22 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება
Civil Georgia, Tbilisi / 13 ნოე.'17 / 12:36


პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის საგანგებო ბრიფინგი, 13 ნოემბერი, 2017. ფოტო: gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე დღეს „ცვლილებების ახალი ტალღა“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება.

ცვლილებების შედეგად, საქართველოს მთავრობაში, დღეს არსებული 16 სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრების ორი აპარატის ნაცვლად, 13 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი დარჩება. 

ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინიტროს შეუერთდება, ხოლო გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაიყოფა. ამ უკანასკნელის ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, ხოლო გარემოს დაცვის მიმართულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაში შევა. ახალ სამინისტროს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეწოდება.

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მსგავსად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც გაიყოფა. სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შევა, ახალგაზრდობის საქმეთა მართვა კი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოექცევა. 

უქმდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. შედეგად, სახელმწიფო მინისტრების აპარატებიდან, საქართველოს მთავრობის სისტემაში ფუნქციონირებას მხოლოდ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს.

ცვლილებები შეეხება ძალოვან სტრუქტურებსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელიც აქამდე პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების დაწესებულებას წარმოადგენდა.

სტრუქტურულ რეორგანიზაციას საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელსაც ფინანსთა მინისტრის პოსტზე „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე შეცვლის. დიმიტრი ქუმსიშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობას შეინარჩუნებს. 

შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ჩაუდგება სათავეში, მის ნაცვლად კი, შსს-ს ეკონომიკის მოქმედი მინისტრი, გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. გახარია ასევე ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს.

სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავ მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერის პოსტსაც შეინარჩუნებს. 

ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნება, რომელიც დღესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობს. სპორტის კომპონენტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კომპეტენციაში შესვლის შემდეგ კი, მინისტრის პოსტს მიხეილ გიორგაძე შეინარჩუნებს.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, ასევე პარლმენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას მოითხოვს. 

პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა პარლამენტს შესაბამისი ცვლილებების პაკეტს უახლოეს მომავალში წარუდგენს. მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება კი, წლის ბოლომდე მოხდება.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, „ცვლილებები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, არა რადიკალურად, არამედ ევოლუციურად“ განხორციელდება, რაც ქართული ოცნების „ხელწერას“ წარმოადგენს.

უახლესი ამბები
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43