Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:15 - 23 ნოე.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტის ოთხი თავმჯდომარე ახალი კონსტიტუციის შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 26 ოქტ.'17 / 13:56


პარლამენტის თავმჯდომარეები ახალი საკონსტიტუციის შესახებ. ფოტო: Civil.ge-ის კომპილაცია

საქართველოს პარლამენტმა, პოლიტიკურ პარტიებს შორის მრავალთვიანი დაპირისპირებისა და უთანხმოების ფონზე, 13 ოქტომბერს საბოლოოდ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესები ახლებურად განისაზღვრა. 

Сivil.ge დაუკავშირდა საქართველოს მოქმედ და ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეებს და საკონსტიტუციო რეფორმის შეფასება სთხოვა. 

გთავაზობთ ირაკლი კობახიძის, დავით უსუფაშვილის, დავით ბაქრაძისა და ნინო ბურჯანაძის მოსაზრებებს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

 
ირაკლი კობახიძე,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი


საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი იყო დემოკრატიის სტანდარტების გაუმჯობესება და ქართული დემოკრატიის გაძლიერება.

დღეს, როგორც მოგეხსენებათ მოქმედებს კონსტიტუცია, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებთან. მათ შორის ხელისუფლების დანაწევრების პრინციპთან, რაც ხაზგასმულია ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ამ ხარვეზების გამოსწორება და ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვაცილებდა ავტოკრატიის განმეორების ყოველგვარ საფრთხეს.

ამ პოზიტიური და ძალიან ამბიციური დღის წესრიგით იმოქმედა ჯერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და შემდეგ საქართველოს პარლამენტმა და იმ დოკუმენტით, რომელიც არის შემუშავებული ეს მიზანი არის სათანადოდ მიღწეული.

დღევანდელი კონსტიტუციით, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში შესაძლებელია ავტოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება, მაშინ როდესაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამას სრულად გამორიცხავს. ეს არის საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიღწევა.

ახალი დოკუმენტით ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რაც არის ამ საკონსტიტუციო რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. მსგავსი ნაბიჯი დღემდე არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს.

კონსტიტუციის ახალ ვერსიაში ვერ დაასახელებთ ვერც ერთ მუხლს, რომლითაც მმართველი პარტია იუმჯობესებს საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს. უფრო მეტიც არაერთი მუხლია, რომელიც ასუსტებს მმართველი პარტიის სუბიექტურ პოზიციებს, აძლიერებს ოპოზიციის როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს კეთდება იმისთვის, რომ მთლიანობაში დემოკრატიული სისტემა გაძლიერდეს.

კიდევ ერთხელ, ეს არის ის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული პრინციპების შეუქცევად განვითარებას ჩვენ ქვეყანაში.

ახალი საკონსტიტუციო რეფორმით  ჩვენ პრაქტიკულად ვცვლით საკონსტიტუციო ტრადიციას და საკონსტიტუციო კულტურას საქართველოში.


დავით უსუფაშვილი, 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2012-2016 წლებში, შენების მოძრაობის ლიდერი


ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება არ მომხდარა ცუდი ადამიანების გამო. ეს მოხდა ცუდი სისტემის - ერთპარტიული მმართველობის - გამო. ამგვარი სისტემა ერთსა და იმავე კანონზომიერებას ექვემდებარება, იქნება ის „ნაცმოძრაობული“ თუ „ოცნებური“.

მმართველმა პარტიამ ვერ გაიაზრა კონსტიტუციური პროცესის პოლიტიკური დატვირთვა და ფართო კონსენსუსის აბსოლუტური აუცილებლობა. გარდა ამისა, მთლიანად გადაიწერა 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია - ისიც, რაც შესაცვლელი იყო და ისიც, რაც მოსავლელი იყო, როგორც სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობითობის მთავარი ძარღვი. 

ფაქტია, რომ ერთ კონკრეტულ საძალაუფლებო საკითხზე - მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთჯერადად გამოსაყენებელ სისტემაზე -  შეუთანხმებლობას შეეწირა საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება მთლიანად კონსტიტუციისადმი. ადამიანებს, ვისაც დღეს სახელმწიფო საქმეების გაძღოლა ეკისრებათ, უნდა გაეაზრებინათ, რომ აუცილებელი იყო ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა; ან ამ საკითხისგან  კონსტიტუციური პროცესის „გათავისუფლება“ და მისი გადატანა საარჩევნო კოდექსზე დიალოგის დღის წესრიგში.
ამ შემთხვევაში არც კონსტიტუციას გავწირავდით შემდგომ პოლიტიკურ პროცესში დასაჯიჯგნად და თავად პოლიტიკურ პროცესსაც ნაკლებად ხისტ და კონფრონტაციულ კალაპოტში გადავიყვანდით. 

სამწუხაროდ, ბოლო მომენტში, საქართველოს პრეზიდენტმაც დაუშვა, ჩემი აზრით, სერიოზული ტაქტიკური შეცდომა, როდესაც არ გაიზიარა ვენეციის კომისიის მიერ 5 ოქტომბერს შემოთავაზებული კომპრომისული წინადადება, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სისტემის საკითხის კონსტიტუციიდან ამოღებას და საარჩევნო კოდექსის დონეზე გადატანას ითვალისწინებდა. 

პრეზიდენტმა სხვა გზა აირჩია და ვეტოს მეშვეობით კვლავ მოითხოვა კონსტიტუციით 2020 წელს პროპორციული არჩევნების გარანტირება. ამით მან შეინარჩუნა საკუთარი და ოპოზიციური პარტიების პრინციპული პოზიცია, მაგრამ ხელისუფლება გაათავისუფლა ვენეციის კომისიის და საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ-საექსპერტო წნეხისგან, როგორც ვეტოსთან დაკავშირებულ მოვლენებში, ისე შემდგომ პოლიტიკურ-საარჩევნო პროცესებში. 

საბოლოო ჯამში, ჩვენ ერთდროულად მივიღეთ ხელისუფლებისთვის სასურველი კონსტიტუციაც, საარჩევნო სისტემაც, საერთაშორისო პოლიტიკური გარემოც და „ძლევამოსილად“ დამარცხებულია ყველა, გარდა ერთისა.

ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ არანაკლები შეცდომა იქნება, თუ კონსტიტუციისადმი საზოგადოების გაუცხოების ზრდას დავუშვებთ. 

შეცდომები, სხვისიც და საკუთარიც, უნდა გავასწოროთ და არ უნდა გავაორმაგოთ. ამიტომაც ვთვლი, რომ პრეზიდენტი სწორად მოიქცა, როდესაც კონსტიტუციის საბოლოო, თუნდაც მისთვის მიუღებელ, ტექსტს სახელმწიფოს მეთაურის ხელმოწერა დაუსვა და სახელმწიფოს სამართლებრივ ფუნდამენტს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ შეულახა.


დავით ბაქრაძე, 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2008-2012 წლებში, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი


ნებისმიერ კონსტიტუციას ლეგიტიმაციის სამი საფუძველი აქვს: პირველი - ეთანხმება თუ არა მას ხალხი, მეორე - ეთანხმება თუ არა მას პოლიტიკური სპექტრი, ანუ არსებობს თუ არა პოლიტიკური კონსემსუსი, და მესამე - რა აზრის არის მასზე საერთაშორისო საზოგადოება.

ამ კონსტიტუციას თუ შევხედავთ, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაური უნდა ირჩეოდეს პირდაპირი წესით. შესაბამისად, ამ არჩევნების გაუქმება ნიშნავს იმას, რომ არსებული რედაქციით ეს კონსტიტუცია მოსახლეობის უმრავლესობის აზრს ეწინააღმდეგება.

მეორე საკითხი გახლავთ კონსესუსი პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, და აქაც ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის ქართული ოცნება და მეორე მხარეს დგას მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი - ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები. ანუ, ამ შემთხვევაშიც არ გვაქვს კონსენსუსი, რაც კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთ-ერთი საფუძველი უნდა ყოფილიყო. 

მესამე, რაც შეეხება საერთაშორისო აზრს, ამ მხრივ, კონსტიტუციის ბოლო ვარიანტში ნაწილობრივი პროგრესი შეიმჩნევა. კონსტიტუციის ბოლო ვარიანტი უკეთესია, ვიდრე ის, რაც ქართულმა ოცნებამ თავიდან წარმოადგინა. შედარებით გაუმჯობესებულია ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნაც, მაგრამ მთლიანობაში ეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს არ გამოხატავს.

ამდენად, ამ სამ კომპონენეტს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ახალი რედაქციის კონსტიტუცია პრაქტიკულად ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს.
ბუნებრივია, რომ, ამ შემთხვევაში, შეფასება არის უარყოფითი.


ნინო ბურჯანაძე, 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001-2008 წლებში, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი

საერთოდ, კონსტიტუცია სახელმწიფოში უნდა იყოს თანხმობის დოკუმენტი. კონსტიტუცია, კლასიკური გაგებით, არის სწორედ ის დოკუმენტი, რომელზეც სრულიად საზოგადოება თანხმდება, რომ ეს არის ქვეყნის ძირითადი კანონი.

ძალიან დასანანი და სამწუხაროა, რომ კონსტიტუცია ჩვენთან  იქცა არა თანხმობის, არამედ უთანხმოების დოკუმენტად. რეალურად, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქართული ოცნების კონსტიტუცია, ეს არის პარტიული კონსტიტუცია, რომელიც არ ითვალისწინებს არც სახელმწიფოს და არც პოლიტიკური პარტიების ინტერესებს.

ის ანგრევს მმართველობის ბალანსის პრინციპებს,  ის ანგრევს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ის ანგრევს, ასე ვთქვათ, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას და ადამიანებისთვის არჩევანის შესაძლებლობას.

ასე რომ, ჩემი შეფასება არის ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
23 ნოე.'17 12:15
პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგებს აფასებს
სუს-ის უფროსი კი, ბოროტმოქმედების მიერ გაწეულ შეიარაღებულ წინააღდეგობას „ტერორისტულ აქტს“ უწოდებს. 
23 ნოე.'17 09:55
მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი ეთქვა
სასამართლომ ჩაბუქის მიერ ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
22 ნოე.'17 19:30
სუსი: სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაიმეორა, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.
22 ნოე.'17 18:30
საქართველოს ოფიციალური პირების თქმით, ჯაველინის სისტემა ‘მხოლოდ თავდაცვითი’ მიზნით გამოიყენება
დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ასახავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას“.
22 ნოე.'17 18:26
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია დასრულდა
ეჭვმიტანილთა ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.
22 ნოე.'17 16:24
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია გრძელდება
ეჭვმიტანილთა რაოდენობა და ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.
22 ნოე.'17 13:47
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას ერთი პირი დააკავეს
სპეცოპერაციის ადგილას ჯავშანმანქანები და სპეცრაზმი განთავსდა.
22 ნოე.'17 10:55
თბილისში მასშტაბური სპეცოპერაცია ტარდება
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებს.
21 ნოე.'17 17:56
უკრაინაში საქართველოს ელჩი: საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია უკრაინის ‘უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებს’ უკავშირდება
გელა დუმბაძე არ ადასტურებს, რომ უკრაინიდან ქართველების გაძევება სააკაშვილთან მათი შესაძლო კავშირის გამო მოხდა.
21 ნოე.'17 17:28
ევროკავშირმა და საქართველომ განახლებული ასოცირების დღის წესრიგი დაამტკიცეს
ახალი დოკუმენტი 2017-2020 წლებში ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) განხორციელებას შეუწყობს ხელს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
94