Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:39 - 25 ნოე.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არასამთავრობოები სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესში ჩართვას ითხოვენ
Civil Georgia, Tbilisi / 19 ოქტ.'17 / 18:29

ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, სამართლიანმა არჩევნებმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და ფონდმა ღია საზოგადოება-საქართველომ, დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებენ, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში. 

ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხი დღის წესრიგში დადგა მოქმედი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, რაც საქართველოს პარლამენტს შესარჩევი პროცედურის დაწყებას ავალდებულებს. 

უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. პარლამენტმა მისი შემცვლელი მოქმედი ომბუდსმენის ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60 და ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა უნდა აირჩიოს.

ომბუდსმენის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში. ამის მიუხედავად, არასამთავრობოების განცხადებით, „საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა და განხილვებში, რომლებიც სახალხო დამცველის არჩევას თან სდევდა“. 

„შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და, განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობას უზრუნველყოს უფლებადამცველი ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის არჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვასთან დაკავშირებით კომენტარები ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს და ქართული ოცნების წარმომადგენლებმაც გააკეთეს. 

„ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ჩვენ მიგვეცა სწორედ არასამთავრობო სექტორისთვის შესაძლებლობა, რომ მათ დაასახელონ საკუთარი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა. „მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ კანდიდატურას, რომელსაც დაასახელებს მმართველი გუნდი და შემდეგ საკუთარი დიდი უპირატესობით პარლამენტში დაამტკიცებს ვერ ისარგებლებს იმ ნდობით როგორითაც შეიძლება ისარგებლოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ომბუდსმენის შერჩევასთან დაკავშირებით კომენტარი ყოფილმა სახალხო დამცველმა, ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი ტუღუშმაც გააკეთა.

„ნებისმიერი, ვინც დასახელდება და მომავალში არჩეულ იქნება ამ თანამდებობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად ესმოდეს ადამიანის უფლებების თემა და, ზოგადად, ამ თემის მნიშვნელობა საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის“, - განაცხადა ტუღუშმა. „რაც მთავარია, კანდიდატი უნდა აღიქმებოდეს როგორც მიუკერძოებელი“, - დასძინა მან.

„[სამოქალაქო საზოგადოების] ჩართულობას ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით და უფრო მეტიც, უზრუნველვყოფთ. თუმცა რაც შეეხება არჩევას, არჩევა არის პარლამენტის პრეროგატივა, კანდიდატის დასახელება არის ასევე პარლამენტის პრეროგატივა და ყველაფერი წარიმართება კანონმდებლობის შესაბამისად, კონსულტაციებიც რა თქმა უნდა იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტში ახალი სახალხო დამცველის შერჩევის შესახებ აქტიური განხილვები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნება ორ კანდიდატს - პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძეს, და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს, განიხილავს.  

საკუთარი კანდიდატურის შეთავაზებას გეგმავენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორში ამ ეტაპზე სამი კანდიდატურა განიხილება: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ვახუშტი მენაბდე, და პრეზიდენტთან არსებული პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი - ზვიად ქორიძე.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობს. ომბუდსმენს 5 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 2018 წელს შევა, სახალხო დამცველს 6 წლით აირჩევენ.

უახლესი ამბები
25 ნოე.'17 14:39
მმართველი გუნდი ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას წარადგენს
ლომჯარიას კანდიდატურა არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა.
25 ნოე.'17 12:55
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრე დანიშნა
მოსაყდრე ეკლესიის დროებით მართვას პატრიარქის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში განახორციელებს.
25 ნოე.'17 11:53
ბათუმში მომხდარ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა
დაღულებს შორის საქართველოს - ათი და ირანის ერთი მოქალაქეა. საავადმყოფოში მოთავსება 21 პირს დასჭირდა. 
24 ნოე.'17 18:10
ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს.
24 ნოე.'17 17:38
კვირიკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტს ესწრება.
24 ნოე.'17 16:34
მარგველაშვილი ანტი-ტერორისტული ოპერაციის შესახებ
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მთავრობა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამო.
24 ნოე.'17 14:19
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში
ევროპის სახალხო პარტიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა მე-6 შეხვედრა 23 ნოემბერს გამართა.
23 ნოე.'17 12:15
პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგებს აფასებს
სუს-ის უფროსი კი, ბოროტმოქმედების მიერ გაწეულ შეიარაღებულ წინააღდეგობას „ტერორისტულ აქტს“ უწოდებს. 
23 ნოე.'17 09:55
მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი ეთქვა
სასამართლომ ჩაბუქის მიერ ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
22 ნოე.'17 19:30
სუსი: სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაიმეორა, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86