Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:10 - 24 ნოე.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №6
Civil Georgia, Tbilisi / 16 ოქტ.'17 / 16:11


ცესკომ საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. ფოტო: კადრი ცესკოს ვიდეორგოლიდან

2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს პირდაპირი წესით აირჩევენ.

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, Civil.ge გთავაზობთ ყოველკვირეულ მიმოხილვას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის მეექვსე გამოცემაში 9-15 ოქტომბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.


ბრძოლა თბილისის მერობისთვის - კალაძე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას განაგრძობს; უდუმაშვილმა და ელისაშვილმა მერიის საქალაქო სამსახურების მომავალი ხელმძღვანელები დაასახელეს; ტელეკომპანია „იმედმა“ თბილისის მერობის კანდიდატთა პირველ სატელევიზიო დებატებს უმასპინძლა; თბილისში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა მასშტაბური აქციები გაიმართა:

  • ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას განაგრძობს. 9 ოქტომბერს მან განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. 15 ოქტომბერს კი ახალგაზრდა ამომრჩევლებს შეხვდა და მათთვის გათვალისწინებული ინიციატივები გააცნო. 
     
  • თბილისის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატებმა პოლიტიკური გუნდები წარადგინეს, რომლებთან ერთადაც მერიაში მუშაობას და საარჩევნო დაპირებების შესრულებას გეგმავენ. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ამომრჩეველს ვიცე-მერობის კანდიდატები და საქალაქო სამსახურების მომავალი ხელმძღვანელები გააცნო. თავისი გუნდის წევრები დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმაც, დაასახელა
     
  • 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თბილისი მერობის კანდიდატთა პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობა შვიდმა კანდიდატმა, მათ შორის, ალექსანდე ელისაშვილმა (დამოუკიდებელი კანდიდატი), ელენე ხოშტარიამ (ევროპული საქართველო), კახა კუკავამ (დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო), ზაალ უდუმაშვილმა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), ირმა ინაშვილმა (პატრიოტთა ალიანსი), გიორგი ვაშაძემ (ერთობა - ახალი საქართველო) და კახა კალაძემ (ქართული ოცნება) მიიღეს. მათ უპასუხეს მოქალაქეთა შეკითხვებს საცობების, ტრანსპორტისა და ჰაერის დაბინძურების თაობაზე. ტელეკომპანია „იმედმა“ უარი თქვა დებატებზე ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატის, გიორგი გუგავას, მოწვევაზე, რაც პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ ტელეკომპანიის მისამართით გაკეთებული „შეურაცხმყოფელი განცხადებებით“ დაასაბუთა. დებატებში მონაწილება ვერ შეძლო შენების მოძრაობის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა, რაც ტელეკომპანიამ „გაუგებრობით“ ახსნა. 
     
  • გასულ კვირას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების მობილიზებას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მეშვეობით ცდილობდა. 10 ოქტომბერს, ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოსთან ყოფილი პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის შეღავათიანი პირობებით მიწის ნაკვეთების გადაცემა გააპროტესტა. 15 ოქტომბერს კი, მეტრო რუსთაველიდან ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით მსვლელობა მოაწყო. „აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი „ფაროსანა“, რომელიც შემოსეულია მთელ საქართველოზე და იტაცებს და იტაცებს მთელ ქართულ მიწებს და ტერიტორიებს... თბილისი არ დაუშვებს, რომ მისი ისტორიული ნაწილი მიიტაცოს ამ ადამიანმა, რომლის სახლი პირამდე სავსეა ამ ქვეყნის მოქალაქეების ფულით“, - მიმართა უდუმაშვილმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილ მხარდამჭერებს. ივანიშვილის წინააღმდეგ მწვავე განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამაც გააკეთა. „ხელი არ წაგიცდეთ ბატონო ბიძინა 21 ოქტომბერს გაყალბებისკენ, ხელი არ წაგიცდეთ საარჩევნო უბნების დარბევისაკენ. ხელი არ წაგიცდეთ, რომ მოპაროთ ხმა საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის თბილისში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არც ბატონ კვირიკაშვილთან, არც საკრებულოსთან, არც ნარმანიასთან და კალაძესთან კი არ მივალთ, აქ მოვალთ 21 ოქტომბერს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 
     
  • ქართული ოცნების ლიდერები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციებს საპასუხო კრიტიკით გამოეხმაურნენ. 10 ოქტომბერს, გიორგი კვირკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის მიერ თბილისის საკრებულოსთან გამართული აქციის თაობაზე განაცხადა: „დაინახეთ თქვენ დღეს, რაც ხდებოდა საკრებულოს წინ. მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, დავიცვათ ის მონაპოვარი, რომელიც 2012 წელს ჩვენ ერთად მოვიპოვეთ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ეს აუცილებლად, არასოდეს არავინ არ უნდა დაივიწყოს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, ამ ადამიანების უკიდურეს უმადურობას, ამას ჩვენ ყველანი ერთად გადავლახავთ“. 15 ოქტომბრის აქციის კომენტირებისას კი მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, ნაციონალური მოძრაობას „გაკოტრებული პოლიტიკური პარტია, მარგინალები“ უწოდა.
     
  • ევროპულმა საქართველომ, რომელმაც ივანიშვილის წინააღმდეგ 10 ოქტომბერს საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, კვირის ბოლოს, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა, გიგი უგულავამ, ელენე ხოშტარიამ და დავით ბაქრაძემ მიმართეს. „ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ პენსიონერი არ ფიქრობდეს, როგორ იყიდოს წამალი. მე ეს ყველაფერი ვნახე და ზუსტად ვიცი, აღარ უნდა იყოს ასე, ამიტომ პირველივე 100 დღეში პენსია მოიმატებს 50 ლარით. ჩვენ გამოვაცლით ფულს ბიუროკრატიას და მივცემთ ყველა სოციალურად დაუცველს 70 ლარს. 4 წელიწადში ჩვენ შევქმნით 35000 ახალ სამუშაო ადგილს, რათა თქვენ ღირსეულად დასაქმდეთ. არ შეიძლება, რომ ადამიანები ასეთ პირობებში ცხოვრობდნენ. აღარ იქნება თბილისი ავარიული სახლების ქალაქი. თბილისი იქნება რეაბილიტირებული და ევროპული ქალაქი“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ. 
     
  • შემაჯამებელი შეხვედრა შენების მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, და პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმაც, გამართეს. „შენების მოძრაობას აქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი ქართულ პოლიტიკაში... ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის გორში, ჩოხატაურში. ჩვენ ვიბრძვით სერიოზული შედეგებისთვის თბილისში. ამ მოპოვებულ შედეგზე შენების მოძრაობა დააფუძნებს თავის წარმატებებს შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებში და 2020-ში გავაოცებთ საქართველოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. რიყის პარკში შეკრებილ მხარდამჭერებს შერგელაშვილმაც მიმართა. „ჩვენ შევქმნით ისეთ მერიას, რომელიც იქნება მოქალაქეზე ორიენტირებული. ამისთვის 10 რაიონის ნაცვლად ჩვენ, 25 უბანში გვეყოლება მერიის სტრუქტურა, რომელთანაც ადამიანებს ექნებათ ყოველდღიური ურთიერთობა. ეს ურთიერთობა იქნება აგებული ურთიერთკავშირზე, იქნება ყველა ის ახალი ტექნოლოგია გამოყენებული, რომელიც ადამიანების პრობლემების გადაჭრას თბილისი მერიის მთავარ ამოცანად აქცევს“, - აღნიშნა შერგელაშვილმა.


კანდიდატთა წარდგენა - პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქართული ოცნების მერობის კანდიდატები წარადგინა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა:

  • პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 10 ოქტომბერს ამომრჩეველს მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების მერობის კანდიდატები წარუდგინა. კანდიდატებს შორის ერთი ქალია. ლელა ქიტესაშვილი, რომელიც თიანეთის მერობისთვის იბრძოლებს, არჩევნებზე ქართული ოცნების ყოფილ წევრს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურს, დაუპირისპირდება. 
     
  • კვირის ბოლოს, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკრებულოს მოქმედი წევრი, გიორგი ტყემალაძე, დაასახელა. „გიორგი ტყემალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავე დროს გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამჯერად უკვე თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში“, - ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელიც 15 ოქტომბერს გავრცელდა.

არჩევნების მონიტორინგი და აღმოჩენილი დარღვევები - სავარუდო ზეწოლის გამო, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს კანდიდატებმა თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს; დმანისში შენების მოძრაობის მერობის კანდიდატის ბანერს ესროლეს; არასაპარლამენტო ოპოზიცია „დისკრიმინაციულ და არათანაბარ“ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, მიღებული შემოწირულობებით კვლავაც ქართული ოცნება ლიდერობს:

  • გასულ კვირას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარუდო ზეწოლის გამო, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს. არჩევნებში მონაწილეობაზე უარის გამო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროპული საქართველოს პარტიული სია გაუქმდა. მომხდარს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. „მსგავსი ფაქტები, მიუღებელია და დადასტურების შემთხვევაში ჩრდილს მიაყენებს მშვიდ, თანაბარ, სამართლიან და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს. ამავდროულად, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია მათზე მყისიერი რეაგირება“, - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში. თეთრიწყაროს გარდა, ევროპული საქართველოს კანდიდატზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტს ადგილი ჰქონდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. კვირის ბოლოს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი ნაციონალური მოძრაობის მიერ ზუგდიდში წარდგენილმა ოთხმა კანდიდატმაც განაცხადა
     
  • შენების მოძრაობა საზოგადოების ყურადღებას კვლავაც დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარ დარღვევებზე ამახვილებს. პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დმანისში შენების მოძრაობის მერობის კანდიდატის, გოგი ბარბაქაძის, ბანერი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს. მანამდე პარტია იტყობინებოდა ქართული ოცნების კოორდინატორების მიერ დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ეთნიკურად აზერბაიჯანელ ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე. შენების მოძრაობის მერობის კანდიდატი დმანისის მოქმედი გამგებელია, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ქართული ოცნების რიგები დატოვა და უსუფაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიას შეუერთდა. 
     
  • ცამეტმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ 10 ოქტომბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი „არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს“ გამო და მოუწოდა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ეს თავიანთ შეფასებებში გაითვალისწინონ.
     
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სექტემბრის თვეში მიღებული შემოწირულობებით კვლავ ქართული ოცნება ლიდერობს. სექტემბრის თვეში პარტიების სასარგებლოდ გაღებული 4.5 მლნ. ლარიდან 88% - 4 მლნ. ლარზე მეტი მმართველმა პარტიამ მიიღო. მეორე ადგილს, 335 964 ლარით, ევროპული საქართველო იკავებს. მესამე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, რომელმაც სექტემბრის თვეში 36 ათას ლარზე მეტი მიიღო.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა - ცესკომ შუალედური ანგარიში წარმოადგინა; 21 ოქტომბრისათვის 9 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიბეჭდება:

  • 13 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს ადგილობრივი არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ცესკოს თანახმად, თამარ ჟვანიამ მათ მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
     
  • 14 ოქტომბერს, საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. ცესკოს ინფორმაციით, სულ 9 546 450 ბიულეტენი დაიბეჭდება. 21 ოქტომბერს, ამომრჩეველს 3 სახის ბიულეტენი გადაეცემა: ერთი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად; მეორე - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად, ხოლო მესამე - თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის ასარჩევად.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
24 ნოე.'17 18:10
ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს.
24 ნოე.'17 17:38
კვირიკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტს ესწრება.
24 ნოე.'17 16:34
მარგველაშვილი ანტი-ტერორისტული ოპერაციის შესახებ
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მთავრობა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამო.
24 ნოე.'17 14:19
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში
ევროპის სახალხო პარტიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა მე-6 შეხვედრა 23 ნოემბერს გამართა.
23 ნოე.'17 12:15
პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგებს აფასებს
სუს-ის უფროსი კი, ბოროტმოქმედების მიერ გაწეულ შეიარაღებულ წინააღდეგობას „ტერორისტულ აქტს“ უწოდებს. 
23 ნოე.'17 09:55
მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი ეთქვა
სასამართლომ ჩაბუქის მიერ ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
22 ნოე.'17 19:30
სუსი: სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაიმეორა, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.
22 ნოე.'17 18:30
საქართველოს ოფიციალური პირების თქმით, ჯაველინის სისტემა ‘მხოლოდ თავდაცვითი’ მიზნით გამოიყენება
დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ასახავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას“.
22 ნოე.'17 18:26
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია დასრულდა
ეჭვმიტანილთა ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.
22 ნოე.'17 16:24
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია გრძელდება
ეჭვმიტანილთა რაოდენობა და ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
80