Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:10 - 24 ნოე.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არჩევნები 2017: თბილისის მერობის კანდიდატები გარემოს დაცვის შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 14 ოქტ.'17 / 12:11


არჩევნები 2017: თბილისის მერობის კანდიდატები Civil.ge-ის კითხვებს პასუხობენ

21 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. თბილისი, სადაც ამომრჩეველთა მესამედია რეგისტრირებული, მერს და 50-წევრიან საკრებულოს აირჩევს.

Civil.ge განაგრძობს მკითხველის ინფორმირებას 2017 წლის ადგილობრივი არჩვენების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ახალი ინიციატივის ფარგლებში, Civil.ge მკითხველს გააცნოს თბილისის მერობის კანდიდატთა ხედვებს დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ, რომელიც შეეხება დასაქმებას, სოციალურ დახმარებას, გარემოს დაცვას, ტრანსპორტსა და ქალაქის მართვის საკითხებს.

Civil.ge-მ ხუთი კითხვით მიმართა მერობის 9 კანდიდატს. ჩვენს კითხვებს გამოეხმაურა თბილისის მერობის 7 კანდიდატი, მათ შორის, ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო), კახა კუკავა (დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო), ზაალ უდუმაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი გუგავა (ლეიბორისტული პარტია), თენგიზ შერგელაშვილი (შენების მოძრაობა), კახა კალაძე (ქართული ოცნება) და დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი.

კითხვა: NDI-ის მიერ 2017 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისელთა 44% გარემოს დაბინძურებას მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებს, 23%-ს კი პარკებისა და გამწვანების საკითხი აღელვებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოში, თბილისში, ჰაერის ანალიზის შედეგად, აზოტის დიოქსიდის და სხვა მავნე ნივთიერებების ჭარბი ოდენობა დაფიქსირდა. ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზები მწვანე საფარის განადგურება, ასევე - ძველი და გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. როგორ ხედავთ თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების როლს გარემოს დაცვის სფეროში? რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

ქვემოთ გთავაზობთ მათ მოსაზრებებს გარემოს დაცვის პრობლემის შესახებ.

№2 ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველო


ფოტო: facebook.com/tbilisimayor/

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ქალაქის გაჯანსაღება ყველა მიმართულებით. გარემოს დაცვას რაც შეეხება, აქ, პირველ რიგში, გარემოს დაბინძურების მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ. ეს არის მშენებლობები, ტრანსპორტი, ასევე - ქალაქში რეკრეაციული ზონების ნაკლებობა. ყველა ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. 

ჩვენ ვგეგმავთ სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებას, რაც ავტომანქანების რაოდენობას შეამცირებს და დედაქალაქში გარემოს გააჯანსაღებს. 

უნდა მოწესრიგდეს მშენებლობის ნებართვების გაცემის პოლიტიკაც, ასევე - დაიწყოს გამწვანება, თუმცა არა ყველა უბანში, არამედ იქ სადაც ამის საჭიროებაა, ხოლო სადაც უკვე საკმარისი გამწვანებაა იმ მწვანე საფარის მოვლა და შენარჩუნება უნდა უზრუნველვყოთ.

ამ საკითხების კომპლექსურად მოგვარება, ზოგადად, გარემოს გაჯანსაღებამდე მიგვიყვანს. 

№3 კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო


ფოტო: facebook.com/freegeorgia/

გარემოს დაცვის საკითხის მიმართ ჩვენი მიდგომა არის რადიკალური: თბილისს აღარ სჭირდება მეტი საცხოვრებელი ფართი, უნდა შეწყდეს ყველა მშენებლობა, რომელიც ჯერჯერობით არ არის დაწყებული, ყველა ნებართვა უნდა იქნეს გაუქმებული. ფართი და რესურსი რომელიც დარჩენილი აქვს თბილისს, გამოყენებული უნდა იქნას პრიორიტეტულობის მიხედვით: 1) ავტომაგისტრალების მშენებლობა; 2) მწვანე საფარის გაფართოება; 3) ავტოსადგომები. 

ეს იქნება ქალაქის ახალი ხელმძღვანელობის ახალი კონცეფცია და ეს გადაარჩენს თბილისს. წინაამდეგ შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე, რაც უფრო გაიზრდება მოსახლეობა, ბუნებრივია, რომ ეს კიდევ უფრო დააბინძურებს ქალაქს.

მეორე მიდგომა იქნება ის, რომ სავალდებულოს გავხდით მანქანებზე კატალიზატორების დამონტაჟებას, ვინაიდან გამონაბოლქვის გამო მართლაც საშინელება ხდება. ჩვენ გვესმის, რომ ეს ვალდებულება შეიძლება დამატებით ტვირთად იქცეს თბილისელებისათვის, ამიტომაც თბილისის მერია გასცემს სპეციალურ ვაუჩერს და კატალიზატორების დამონტაჟების ხარჯების უდიდეს ნაწილს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს. 

№5 ზაალ უდუმაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა


ფოტო: facebook.com/pg/nacionalurimodzraoba/

გარემოს დაცვა ეს არის ძალიან რთული პრობლემა, თან ეს არ არის პრობლემა, რომელიც შეგვიძლია ცალკე ავიღოთ და მოვაგვაროთ. ეს გადაჯაჭვული პრობლემაა სხვადასხვა პრობლემებთან, იგივე ტრანსპორტთან, იგივე ინფრასტრუქტურასთან. 

აქ არის საჭირო ძალიან კომპლექსური მიდგომა. ყველა მიმართულებით უნდა დაიწყოს მუშაობა. რა თქმა უნდა გამწვანების საკითხი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია მეტი სიმწვანე იყოს, მაგრამ ამავე დროს უნდა აღმოვფხვრათ თბილისში საცობების პრობლემა, რაც ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. 

ასევე მოსაგვარებელია მშენებლობების პრობლემა, რომელიც დღეს ისე მიმდინარეობს, რომ არანაირი ნორმები დაცული არ არის. 

ეს არის ძალიან კომპლექსური პრობლემა და ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. 

№10 გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტია


ფოტო: facebook.com/GiorgiGugavaOfficial/

ფაქტია, რომ თბილისი დღეს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია უკანონო მშენებლობებთან, რეკრეაციული ზონების განადგურებასთან, ტრანსპორტთან, უხარისხო საწვავთან. აქედან გამომდინარე კომპლექსურად უნდა დაისახოს ამ პრობლემის გადაჭრის გზები.

პირველ რიგში, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მშენებლობაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, უნდა გამკაცრდეს პასუხისმგებლობა ჯანსაღი ხის მოჭრაზე.

თბილისში უნდა გაჩნდეს რაც შეიძლება მეტი რეკრეციული ზონა. მოსაგვარებელია ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემებიც. უნდა მოხდეს უხარისხო საწვავის რეგულაციაც.

ერთი სიტყვით, ამ მიმართულებით გლობალური გეგმები უნდა დავისახოთ.

№20 თენგიზ შერგელაშვილი, შენების მოძრაობა


ფოტო: facebook.com/TengizShergelashviliOfficial/

შენების მოძრაობა „ჯანსაღი ქალაქის“ პროგრამის განხორციელებას აპირებს. პროგრამის ფარგლებში, გაფართოვდება და მოდერნიზდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შემფასებელი საზედამხედველო ქსელი (დაემატება, სულ მცირე, 5 სადგური); ამოქმედდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სრულფასოვანი, თანამედროვე სისტემა. შემუშავდება ნარჩენების მართვის გეგმა; განხორციელდება ენერგოეფექტიანობის პროგრამა, რაც შეამცირებს მოსახლეობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

თბილისის 33 უბნიდან მხოლოდ 9 არის უზრუნველყოფილი შედარებით ადეკვატური სარეკრეაციო სივრცით. ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მწვანე საფარის გაფართოების მიზნით, შემუშავდება მუნიციპალური პროგრამა; შემოღებული იქნება შენობებისათვის გამწვანების ახალი სტანდარტი, ხოლო იმ ადგილებში, სადაც სარეკრეაციო ზონის გაზრდა შეუძლებელია, ერთ სულ მოსახლეზე დღეს არსებული 4-7 კვ.მ. მწვანე საფარი გაიზრდება მინიმუმ 10 კვ.მ-მდე, ხოლო ქალაქის ცენტრში - 1.5 კვ.მ. გაიზრდება 3-5 კვ.მ-მდე; ყოველი ახალი კორპუსის მაცხოვრებლებზე სტანდარტად დავაწესებთ ერთ სულ მოსახლეზე 10 კვ.მ. მწვანე საფარის მოწყობას; გარდა ამისა, თბილისის მასტშაბით 10 თანამედროვე პარკი მოეწყობა, თითოეული არანაკლებ 2 ჰექტარი ფართობის.

გამოყენებული იქნება მსოფლიოს ქალაქებში წარმატებით რეალიზებული გამწვანების ინოვაციური ფორმები. შემუშავდება და ამოქმედდება რეგულაციები, რომლებიც დაავალდებულებს სამშენებლო კომპანიებს, დაიცვან გარემოს დაცვის წესები და გამწვანების ნორმები.

№41 კახა კალაძე, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო


ფოტო: facebook.com/kakhakaladzeofficial/

პირველ რიგში, აღვნიშნავდი, რომ გარემოს დაცვა თბილისში ურთულესია. ერთდროულად უნდა მოგვარდეს რამდენიმე საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი განცხადება, გეგმა, ქმედება მხოლოდ პიარში შეფუთული პოპულიზმი გამოვა. 

მისახედია გამწვანების სისტემა და მოსარგებია ქალაქის გეგმაზე; მისახედია სატრანსპორტო დაქსელვა, გზები და სხვა კომუნიკაციები; მისახედია მინიციპალური ავტოპარკის განახლება, საცობების პრობლემა, ზოგადად, ავტომანქანების ტექდათვალიერების მოწესრიგება, საწვავის თუ სამშენებლო მასალების ხარისხი, მშენებლობებზე ნორმების დაცვა, თუნდაც ნაგვის გადამუშავება. შეიძლება ითქვას, რომ ტრანსპორტის გაუმართაობა ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორია, რომელიც მოსახლეობას ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და ცხადია, ეს უნდა მოგვარდეს. ამას გულისხმობს სიცოცხლით სავსე ქალაქის იდეა.

№42 ალექსანდრე ელისაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი


ფოტო: facebook.com/AlexanderElisashvili/

გარემოს დაცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის ჩვენი გადარჩენის და ჯანმრთელობის საკითხი. იმიტომ, რომ ქალაქში მძიმე დაავადებების ეპიდემიაა, რისი გამომწვევიც უმეტეს შემთხვევაში დაბინძურებული გარემოა. ეს არის საგანგაშო ვითარება. 

აქ არის ერთი კომპონენტი - სიმწვანის ნაკლებობა და მე პირობას ვდებ, რომ გაოთხმაგდება ქალაქში სიმწვანის რაოდენობა და ეს მოხდება ყოფილი საწარმოების ხარჯზე, რომლებიც უფუნქციოდ არის. 700 ჰექტარი მაინც შეიძლება რეკრეაციული ფუნქციით განვითარდეს. 

უნდა გამკაცრდეს სამშენებლო რეგულაციები. ასევე საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის განვითარება, რაც გამოიწვევს მანქანების რაოდენობის შემცირებას.

ოთხი წლის განმავლობაში სავსებით რეალურია, რომ 100 ათასი მანქანა მოაკლდეს ქალაქს. ეს არის 450 ათასი ტონა ნახშირორჟანგის მოკლება ქალაქისთვის, რაც, ნამდვილად, შვება იქნება. 

მე გამარჯვების შემთხვევაში არ ვაპირებ ოთხწლიანი და ერთ საარჩევნო ციკლზე გაწერილი პროექტების წარმოდგენას. ქალაქს უნდა ჰქონდეს განვითარების 20 წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად დაისახავს მანქანების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანას, ასევე წაახალისებს ელექტროტრანსპორტის განვითარებას. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
24 ნოე.'17 18:10
ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს.
24 ნოე.'17 17:38
კვირიკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტს ესწრება.
24 ნოე.'17 16:34
მარგველაშვილი ანტი-ტერორისტული ოპერაციის შესახებ
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მთავრობა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამო.
24 ნოე.'17 14:19
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში
ევროპის სახალხო პარტიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა მე-6 შეხვედრა 23 ნოემბერს გამართა.
23 ნოე.'17 12:15
პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგებს აფასებს
სუს-ის უფროსი კი, ბოროტმოქმედების მიერ გაწეულ შეიარაღებულ წინააღდეგობას „ტერორისტულ აქტს“ უწოდებს. 
23 ნოე.'17 09:55
მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი ეთქვა
სასამართლომ ჩაბუქის მიერ ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
22 ნოე.'17 19:30
სუსი: სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაიმეორა, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.
22 ნოე.'17 18:30
საქართველოს ოფიციალური პირების თქმით, ჯაველინის სისტემა ‘მხოლოდ თავდაცვითი’ მიზნით გამოიყენება
დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ასახავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას“.
22 ნოე.'17 18:26
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია დასრულდა
ეჭვმიტანილთა ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.
22 ნოე.'17 16:24
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია გრძელდება
ეჭვმიტანილთა რაოდენობა და ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28