Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:20 - 19 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 41-ე რაუნდი
Civil Georgia, Tbilisi / 12 ოქტ.'17 / 19:05

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 41-ე რაუნდი 10-11 ოქტომბერს გაიმართა, სადაც მონაწილეებმა უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში მონაწილეობენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ცხინვალიდან და სოხუმიდან.

უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში გაიმართა.

თბილისის პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ მიმდინარე ეთნიკური წმენდა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები“. 
 
„საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დააყენეს სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურება, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი განსახილველი საკითხი იყო „გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია“, მათ შორის ზეწოლა ადგილობრივ ქართულ მოსახლეობაზე, რომ გვარები და ეთნიკური იდენტობა შეეცვალათ. 

„აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე აკრძალვაზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა საქართველოდან კვლავ დააყენეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „ფაქტობრივი ანექსიის განხორციელება“. „ამ პროცესის ბოლოდროინდელ მაგალითად დასახელდა კრემლის გადაწყვეტილება სოხუმში რუსეთის სპეციალური საბაჟო პუნქტის შექმნის თაობაზე, რომელიც აფხაზეთის რეგიონის მთელ ტერიტორიას დაფარავს“, - განაცხადა სამინისტრომ.

ქართველმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს, ხოლო ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები შეიქმნას.   

„ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა განცხადების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან გამოჩენილი კონსტრუქციული მიდგომის მიუხედავად, რუსეთი კვლავ უარს ამბობს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის განხილვაზე, რითაც მოსკოვი უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-5 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიებზე დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის დღის წესრიგში რიგი საკითხები შედიოდა, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მძიმე სოციალურ და ჰუმანიტარულ მდგომარეობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები, საკუთრების, თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვა.

რუსეთის, ცხინვალის და სოხუმის პოზიციები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა „თბილისსა და ნატოს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გამო“ და აღნიშნა, რომ ეს „რეგიონულ უსაფრთხოებას რეალურ საფრთხეს უქმნის“.

რუსეთის საგარეო უწყება 2017 წელს საქართველოში ჩატარებულ ნატოს სამხედრო წვრთნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თბილისის და ალიანსის წევრების ამგვარი ქმედებები ჟენევის დისკუსიების მიზნებს არ ემსახურება, ამ ფორმატის გაუფასურებას და რეგიონში მეტ დაძაბულობას იწვევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგმო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუცია საქართველოს შესახებ და მას „მიუღებელი და პროვოკაციული“ უწოდა.

რუსმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ისინი ძალის გამოუყენებლობას ჟენევის დისკუსიების მთავარ მიზნად მიიჩნევენ, თუმცა ქართული მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და თბილისის პოზიციას უსაფრთხოების საერთაშორისო მექამიზმების შექმნის თაობაზე „დოგმატური“ უწოდეს.

სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების მონაწილეებმა კვლავ ვერ მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების ტექსტზე. იმავდროულად, ცხინვალის მიერ გაკეთებული განცხადება იმეორებს რუსეთის წუხილებს საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია

აშშ-ის დელეგაციამ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ მან პროტესტი გამოთქვა აფხაზეთის ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე ორი გამშვები პუნქტის დახურვის და ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლებზე ფიზიკური ბარიერების და სადემარკაციო ნიშნების აღმართვის გამო, რაც „საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა“. „ამგვარი ქმედებები ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას და ადგილობრივი მაცხოვრებლების სასიცოცხლო გარემოს ზიანს აყენებს“, - ნათქვამია მისიის განცხადებაში.   

აშშ-ის წარმომადგენლებმა ასევე პროტესტი გამოთქვეს სოფელ ერედვში ეთნიკური ქართველების სახლების დანგრევის გამო და აღნიშნეს, რომ „ქართველებს აქვთ სახლში დაბრუნების უფლება“. მათ ასევე წუხილი გამოთქვეს სოხუმის გადაწყვეტილების გამო საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით. აშშ-ის დელეგაციის თქმით, ამ ტიპის გადაწყვეტილებები ძირს უთხრის იმ ნდობას, რომელიც ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის შედეგად ჩამოყალიბდა და ასევე ხელს უშლის ზოგადად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს. 

რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის საკითხს, ამერიკელმა დიპლომატებმა „მოუწოდეს მხარეებს, რომ განაგრძონ კონსტრუქციული მოლაპარაკებები ურთიერთმისაღები განცხადების მიღების მიზნით“.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა პრესისთვის კომუნიკეც გაავრცელეს, სადაც განხილულ საკითხებს შორის ჩამოთვლილია „დაკავებები გამყოფი ხაზების გასწვრივ, წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, სამხედრო საქმიანობებზე ინფორმაციის გაცვლა და სერიოზულ დანაშაულებზე მართლმსაჯულების უზრუნველყოფის საჭიროება“, ასევე კონსულტაციები ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადებაზე.

მოლაპარაკებების დროს არაპოლიტიკური საკითხებიც იქნა განხილული, მათ შორის ის საფრთხე, რომელიც დასავლეთ საქართველოს, მათ შორის აფხაზეთს, აზიურმა ფაროსანამ შეუქმნა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის მოსავალს სერიოზული ზიანი მიაყენა. 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2017 წლის 12-13 დეკემბერსაა დაგეგმილი.

უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
82