Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:37 - 13 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №3
Civil Georgia, Tbilisi / 25 სექ.'17 / 17:27

2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს პირდაპირი წესით აირჩევენ. 

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, Civil.ge გთავაზობთ ყოველკვირეულ მიმოხილვას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების,
საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის მესამე გამოცემაში 18-24 სექტემბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.

ბრძოლა თბილისის მერობისათვის - კანდიდატები საარჩევნო პროგრამების პრეზენტაციას განაგრძობენ:

  • გასულ კვირას მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის ორი მიმართულება გააცნო. 18 სექტემბერს მან სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა, 22 სექტემბერს კი ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. მერად არჩევის შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კალაძე საგზაო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო სისტემის განვითარებაზე 800 მლნ ლარამდე დახარჯვას გეგმავს. კალაძე ამომრჩეველს თბილისში არსებული სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას და ახალი პარკების მოწყობასაც ჰპირდება. 
  • საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ოპოზიციური პარტიის, ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამაც გამართა. მერად არჩევის შემთხვევაში, ხოშტარია პენსიის - 50 ლარით, ხოლო სოციალური დახმარების 70 ლარით გაზრდას გეგმავს. ევროპული საქართველოს კანდიდატი ამომრჩეველს 35 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას და კომპლექსური სატრანსპორტო რეფორმის გატარებას, მათ შორის, ახალი ავტობუსების შემოყვანას, აგრეთვე ტრამვაის და საბაგიროების განვითარებას ჰპირდება. ხოშტარია ქალაქის ცენტრიდან სატვირთო რკინიგზის გადატანას და მის ადგილზე ცენტრალური პარკის მოწყობას გეგმავს. 
  • საარჩევნო პროგრამის წარდგენას თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილიც განაგრძობს. 21 სექტემბერს მან გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული გეგმა წარმოადგინა. ელისაშვილი ამომრჩეველს სამშენებლო ნორმების გამკაცრებას და ხეების მოჭრაზე კონტროლის გამკაცრებას ჰპირდება. იგი ასევე მწვანე საფარის და სარეკრეაციო ზონების გაოთხმაგებას გეგმავს, რისთვისაც დედაქალაქის ტერიტორიაზე მიტოვებული საწარმოებისა და სამხედრო ობიექტების ათვისებას აპირებს. ელისაშვილი მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების სარეკრეაციო პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზეც საუბრობს და 20 წელზე გაწერილი დენდროლოგიური გეგმის შემუშავების იდეით გამოდის.

კანდიდატების წარდგენა - პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების საარჩევნო ადმინისტრაციისათვის წარდგენა დაასრულეს; დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ მმართველი პარტიის წევრებით შეივსო; საინიციატივო ჯგუფების მიერ ნომინირებული დამოუკიდებელი კანდიდატები კი ძალისხმევას პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ აერთიანებენ:

  • 21 სექტემბერს პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს საარჩევნო ადმინისტრაციაში მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენის ვადა ამოეწურათ. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა კანდიდატთა დოკუმენტაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინეს, რეგიონებში კანდიდატთა დასარეგისტრირებელად კი პარტიებმა და ბლოკებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართეს. 21 სექტემბრისთვის ცესკოში საბუთები 18-მა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის, ქართულმა ოცნებამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ შეიტანა. კანდიდატთა წარდგენის უფლების მოსაპოვებლად 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის სულ 23 პარტია, ხუთი საარჩევნო ბლოკი და 200-ზე მეტი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა
  • თბილისის 50-წევრიან საკრებულოში 25 მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის შემდეგ, გასულ კვირას ქართულმა ოცნებამ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატებიც დაასახელა, რომლებიც, დანარჩენი 25 მანდატის მოსაპოვებლად მონაწილეობას პროპორციულ არჩევნებში მიიღებენ. პარტიულ სიაში ხუთი ქალი მოხვდა. სიის პირველ ნომრად მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია დასახელდა. პარტიულ სიაში თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილიც შევიდა. პროპორციულ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 21 სექტემბერს წარადგინა.
  • გასულ კვირას, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერის დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობას“ ქართული ოცნების რამდენიმე ათეული წევრი, მათ შორის, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს დეპუტატი, შეუერთდა. უსუფაშვილმა გორსა და დმანისში მერობის კანდიდატებად ქართული ოცნების მოქმედი გამგებლები წარადგინა. საკითხის კომენტირებისას, რესპუბლიკელების თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ უსუფაშვილის პარტია „ფსევდოოპოზიციური, სატელიტი პარტიაა“, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი „საყრდენს“ ქართული ოცნების გარეთ იქმნის.
  • პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების გააქტიურების ფონზე, ზოგიერთი დამოუკიდებელი კანდიდატი წინასაარჩევნოდ ძალისხმევის გაერთიანებას ცდილობს. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს ჯოზეფ ალექსანდერ სმიტს, რომელიც კენჭს საბურთალოს ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში იყრის. ამომრჩეველს სმიტის კანდიდატურა თავად ელისაშვილმა წარუდგინა, რომელიც 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში საბურთალოზე იყრიდა კენჭს და ამ რაიონიდან მაჟორიტარი დეპუტატის მანდატიც მოიპოვა. 32 წლის ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი ბრიტანეთიდან ხუთი წლის წინ ჩამოვიდა. საარჩევნო კამპანიაში ჩართვამდე, სმიტი ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და სამოქალაქო აქტივისტი იყო.

საპროტესო აქციები წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად - ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია ბანკ „ქართუსთან“; პატრიოტთა ალიანსმა მორიგი აქცია ბათუმში გამართა:

  • „შენ შრომობ - ესენი იპარავენ“, - ამ ლოზუნგით ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და წევრები 19 სექტემბერს, თბილისში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ და ბანკი „ფულის გათეთრებაში“ დაადანაშაულეს. აქციაზე მისულ მხარდამჭერებს სიტყვით ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მიმართა. „ეს არის ბანკი, რომელიც პირთამდე სავსეა გაუმჭვირვალე და უკანონო ტენდერებში მოპოვებული ფულით. ეს არის ბანკი, რომელიც იქცა ბიძინა ივანიშვილის ძარცვის ინსტრუმენტად“, - განაცხადა უდუმაშვილმა. ბანკი „ქართუს“ ოფისთან მობილიზებული იყო პოლიცია. აქციის მონაწილემ, ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატმა მაია დათუკიშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა მას სახეში გაარტყა. 
  • პატრიოტთა ალიანსი განაგრძობს საქართველო-ნატო-რუსეთის მოლაპარაკების ფორმატის ამოქმედების, ასევე - აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მოთხოვნით დაწყებულ საპროტესტო აქციებს. თბილისში გამართული საპროტესტო მსვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ, 24 სექტემბერს მორიგი საპროტესტო აქცია ბათუმში გაიმართა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატის, ირმა ინაშვილის განცხადებით, დედაქალაქში პარლამენტის შენობასთან შიმშილობის აქციას ამ დრომდე 20 აქტივისტი განაგრძობს. მისი თქმით, თბილისელ მოშიმშილეებს ბათუმელი აქტივისტებიც შეუერთდებიან.

არჩევნების მონიტორინგი და აღმოჩენილი დარღვევები - ევროპული საქართველო კანდიდატებზე თავდასხმების შესახებ იტყობინება; ენმ საარჩევნო ადმინისტრაციას ქართული ოცნების მითითებით მოქმედებაში ადანაშაულებს; რამდენიმე საარჩევნო უბანზე უცნობი პირები შეიჭრნენ; „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თბილისის მერიის ვიდეორგოლს ხელისუფლების სასარგებლო რეკლამად აფასებს:

  • ოპოზიციური პარტია ევროპული საქართველო ხობში და მარნეულში საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე თავდასხმების შესახებ იტყობინება. ხობში თავდამსხმელები უცნობი პირები იყვნენ. მარნეულში კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ქართული ოცნების კანდიდატს ადანაშაულებენ. მარნეულში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბრიფინგი გამართა. „ვაფრთხილებ ქართულ ოცნებას: მარნეულის ყველა უბანში განსაკუთრებული ყურადღება იქნება. ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ... რა ძალადობასაც არ უნდა მიმართოთ, უკან არ დავიხევთ“, - განაცხადა უგულავამ. 
  • ერთიან ნაციონალური მოძრაობაში 19 სექტემბერს განაცხადეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია 400 საარჩევნო უბანზე საუბნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის და მდივნის თანამდებობებზე ქართული ოცნების მიერ წინასწარ განსაზღვრული პირების არჩევას აპირებდა. პარტიის დავალებით, საუბნო კომისიებში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა კომისიების ხელმძღვანელ პირთა წინასწარ შერჩევა გააპროტესტეს და განსხვავებული აზრი წერილობით დააფიქსირეს. მოგვიანებით, ცესკომ ბრალდება უარყო და ოპოზიციური პარტია საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა
  • გასულ კვირას, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ძალადობრივი ინციდენტები დაფიქსირდა. ცესკოს ინფორმაციით, უცნობი პირები გარდაბნის და ოზურგეთის საარჩევნო უბნებში შეიჭრნენ და ამომრჩეველთა სიები ჩამოხიეს. სამართალდამცველები მომხდარს იძიებენ. „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია ასეთი ძალადობრივი ქმედებები და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული ინციდენტები წარმოადგენს იზოლირებულ, დაუგეგმავ ერთეულ შემთხვევებს და არ მიიღებს საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ სისტემურ ხასიათს“, - ნათქვამია ცეკოს მიერ 24 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ცესკო ასევე ბათუმში ერთ-ერთი საუბნო კომისიის პირველი სხდომის ჩაშლის მცდელობის შესახებ იტყობინებოდა. 
  • არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 20 სექტემბერს განაცხადა, რომ თბილისის მერიის ვიდეორგოლი, სლოგანით - „გაკეთდა თბილისისთვის“, რომელიც 2014-2017 წლებში მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავს, სატელევიზიო ეთერში კანონდარღვევით განთავსდა და წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს. არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, მერიის ვიდეორგოლი წარმოადგენს ირიბ რეკლამას მმართველი პარტიის, ქართული ოცნების სასარგებლოდ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნული სარეკლამო კამპანიის შეწყვეტას მოითხოვს

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა - ქვეყნის მასშტაბით 3634 საუბნო საარჩევნო კომისია მუშაობას შეუდგა; შინაგან საქმეთა მინისტრმა არჩევნებისთვის სპეციალური ბრძანება გამოსცა: 

  • საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკის შესაბამისად, 21 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით 3634 საუბნო საარჩევნო კომისია მუშაობას შეუდგა. საუბნო კომისიების წევრებმა პირველივე სხდომაზე კომისიების თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები აირჩიეს. ცესკოს ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიებმა ასევე დაიწყეს ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება. ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება მიიღოს არჩევნების, ასევე მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ამომრჩეველთა სიებში საკუთარი მონაცემები გადაამოწმოს. 
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად, სამართალდარღვევების პრევენციის, ასევე, მათზე დროული და შესაბამისი რეაგირებისთვის, საქართველოს თითოეულ რეგიონში შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე მოსალოდნელი საფრთხეების გამომწვევი მიზეზების გამოვლენას უზრუნველყოფენ. არჩევნების დღეს კი, საჭიროების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს განახორციელებენ.

უახლესი ამბები
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
104