Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველთა სახლების განადგურებას ეხმაურება
Civil Georgia, Tbilisi / 22 სექ.'17 / 23:53

საქართველოს ხელისუფლება „გენოციდის“ და „ეთნიკური წმენდის“ გაგრძელებად აფასებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სოფელ ერედვის ტერიტორია ქართველთა სახლებისგან „გაწმინდოს“. 
ერედვში მიმდინარე „გაწმენდითი“ სამუშაოების შესახებ ცნობილი გახდა ადგილობრივი ტელევიზიის სიუჟეტიდან, რომელიც 15 სექტემბერს გადაიცა. 
ერედვი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, სულ 268 სახლისგან უნდა გაიწმინდოს. ამათგან 163-ის მიწისზედა ნაგებობა უკვე მოსწორებულია. სამუშაოები, რომელიც რუსეთის მიერ დაფინანსებული „სამხრეთ ოსეთის სოციო-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, გამოთავისუფლებული მიწები კი - რეგიონის „სოფლის მეურნეობის სამინისტროს“ გადაეცემა. 
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე სოფელ ერედვში 1000-მდე მოსახლე ცხოვრობდა. 
ერედვში მიმდინარე პროცესის შესახებ განცხადებები საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მინისტრებმა გააკეთეს. ისინი ეთნიკური წმენდის გაგრძელებაზე, ანექსიაზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ. 
პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ სოფელ ერედვში დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა „მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიიდან“. 
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, საოკუპაციო ძალა ახორციელებს მორიგ ვანდალურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ“, - აცხადებს პრეზიდენტი.  
მარგველაშვილი ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების ქმედებებს აფასებს „ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებად“ და „ანექსიისკენ მიმართულ“ ნაბიჯებად, „რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი შეფასება უნდა მისცეს“.
დღესვე, საკითხის თაობაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, გააკეთა და ქართველების სახლების განადგურებას „აგრესიული პოლიტიკის სამწუხარო ტენდენცია“ უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივად საუბრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. 
სოფელ ერედვში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს „მიუღებელს“ უწოდებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი.
„ეს არ არის ნანგრევების სამშენებლო მასალა, ეს არის სახლები ცოცხალი, კონკრეტული ადამიანების, რომლებიც დღეს გამოდევნილი არიან საკუთარი სოფლებიდან და ვერ ახერხებენ დაბრუნებას სწორედ იმ განგრძობადი საოკუპაციო პოლიტიკის გამო და იმ მიზანმიმართული ხელისშეშლის პოლიტიკის გამო, რომელსაც ახორციელებს რუსეთი და სამწუხაროდ დე ფაქტო ხელისუფლებებიც“, - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ქეთევან ციხელაშვილმა. 
სოფელ ერედვში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. 
მიხეილ ჯანელიძე ერედვში მიმდინარე სამუშაოებს „გენოციდის გაგრძელებად“ მიიჩნევს. 
„ქართული დიპლომატია მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო ჩართულობით შევძლოთ ამ ძალიან რთული პრობლემის გადაჭრა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
76