Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:32 - 17 ნოე.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №1
Civil Georgia, Tbilisi / 12 სექ.'17 / 13:50


კენჭისყრის პროცესი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, 2016. ფოტო: გურამ მურადოვი / Civil.ge

2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს პირდაპირი წესით აირჩევენ.

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, Civil.ge იწყებს ყოველკვირეული მიმოხილვების გამოქვეყნებას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის პირველ გამოცემაში გაგაცნობთ როგორც განვლილი კვირის (4-10 სექტემბერი) სიახლეებს, ისე - 4 სექტემბრამდე მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს.

27 მაისიდან - 4 სექტემბერამდე

ბრძოლა თბილისის მერობისათვის: წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი ოფიციალურად 22 აგვისტოს აიღო, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ადილობრივი არჩევნების თარიღი დანიშნა, თუმცა პოლიტიკურმა პარტიებმა დედაქალაქის მერობის კანდიდატთა წარდგენა მაისის ბოლოდან დაიწყეს.

  • 27 მაისს, პარტიებს შორის პირველმა თბილისის მერობის კანდიდატი ევროპულმა საქართველომ დაასახელა და  დედაქალაქის მერის პოსტზე პარლამენტის წევრი, ელენე ხოშტარია, წარადგინა. წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე, დედაქალაქის მერობის კანდიდატად ნაციონალურმა მოძრაობამ - ზაალ უდუმაშვილი, მმართველმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ - კახა კალაძე,  მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა - ალეკო ელისაშვილი, შენების მოძრაობამ - თენგიზ შერგელაშვილი, პატრიოტთა ალიანსმა - ირმა ინაშვილი, ხოლო ორმა პარტიამ - დემოკრატიულმა მოძრაობამ და თავისუფალმა საქართველომ - ერთიან კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა.


პირველი პოლიტიკური რეიტინგები თბილისში: ივლისის ბოლოს, NDI-მ პარტიების და კანდიდატების რეიტინგები გამოაქვეყნა.

  • კვლევის მიხედვით, იმ რესპონდენტთაგან, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, 37% ხმას ქართული ოცნების კანდიდატს - კახა კალაძეს მისცემდა, 22% მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს - ალეკო ელისაშვილის დაუჭერდა. 16%-ისთვის ფავორიტი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი - ზაალ უდუმაშვილი იქნებოდა, 5% უპირატესობას ევროპული საქართველოს კანდიდატს - ელენე ხოშტარიას მიანიჭებდა
     
  • გამოკითხვის თანახმად, პარტიების რეიტინგები შემდეგნაირია: ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს 27%–იანი მხარდაჭერა აქვს იმ ამომრჩევლებისგან, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში; ნაციონალურ მოძრაობას ხმას - 8%, ევროპულ საქართველოს - 3%, ხოლო სხვა პარტიებს -7% მისცემდა ხმას.

შვიდ თვითმმართველ ქალაქს დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ჩამოერთვა: ივნისის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საკუთარ მერს და საკრებულოს მხოლოდ ხუთი თვითმმართველი ქალაქი აირჩევს.

  • 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი მნიშნელოვანი ცვლილებების ფონზე იმართება. საქართველოს პარლამენტმა ჯერ 15 ივნისს მიღებული დადგენილებით, შემდეგ კი - 30 ივნისს თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, შვიდ ქალაქს -  თელავს, მცხეთას, გორს, ახალციხეს, ამბროლაურს, ოზურგეთსა და ზუგდიდს  - დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ჩამოართვა და იმავე სახელწოდების თვითმმართველ თემებთან გააერთიანა. შედეგად, 2017 წლის ოქტომბერში საკუთარი მერის და საკრებულოს არჩევის უფლება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს შეუნარჩუნდა. აღნიშნული ცვლილებები პრეზიდენტის ვეტოს და სამოქალაქო საზოგადოების მწვავე პროტესტის მიუხედავად განხორციელდა.

საარჩევნო აქტივობები და კანდიდატთა წარდგენა რეგიონებში:

  • ოპოზიციური პარტიები - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მართავდნენ შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან და მერობისა და საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენდნენ. 
     
  • მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, კი ადგილობრივი არჩევნებში კანდიდატთა წარდგენა სექტემბრიდან დაიწყო. 1 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. მომდევნო დღეებში ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატები იმერეთში, ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში წარადგინა. 

პარტიული სიების წარდგენა თბილისში: საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ცესკოსთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 21 სექტემბერს იწურება. ამ დრომდე, თბილისში პარტიული სიების პრეზენტაცია ევროპულმა საქართველომ და რესპუბლიკურმა პარტიამ გამართეს.

დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში: ნაციონალური მოძრაობა გაყალბების საწინააღმდეგო შტაბს ქმნის, საია ანგარიშს აქვეყნებს და ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე საუბრობს, ცესკო კი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრის მიმართ მუქარის შესახებ იტყობინება.

  • ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 4 აგვისტოს შექმნა არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო შტაბი, რომლის მიზანიც წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების შესწავლა იქნება. 
     
  • აგვისტოს ბოლოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ფიზიკური ანგარიშსწორების, აგიტაციაში ხელშეშლის, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და სამსახურიდან გათავისუფლების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. „ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ დაფიქსირდა“, - ნათქვამია ანგარიშში. საია ასევე ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ზრდის ფაქტებზეც. 
     
  • დარღვევების შესახებ ინფორმაცია ცესკომაც გაავრცელა.  2 სექტემბერს, ცესკომ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ განაცხადა.


4 სექტემბრიდან - 11 სექტემბერამდე

ბრძოლა თბილისის მერობისთვის: დედაქალაქის მერობის კანდიდატთა რაოდენობა რვამდე იზრდება. ოთხმა გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიამ „ახალმა საქართველომ“, „საქართველოს ევროპელმა დემოკრატებმა“, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ და საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ახალი ერთობა საქართველოსთვის“,  მერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა.

საკრებულოს წევრობის კანდიდატები თბილისში: შენების მოძრაობამ თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები გლდანისა და ჩუღურეთის რაიონებში წარადგინა. 

საარჩევნო პროგრამები და კანდიდატთა ხედვები: ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა თბილისში, კახა კალაძემ, რომლის კამპანიის სლოგანია „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, 4 სექტემბერს, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. კალაძემ თავის პროგრამაში შვიდი ძირითადი მიმართულება გამოყო, მათ შორის, ურბანული განვითარების პოლიტიკა; სატრანსპორტო პოლიტიკა; ეკოლოგიური პოლიტიკა; ეკონომიკური პოლიტიკა; განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა.

საარჩევნო აქტივობები და კანდიდატთა წარდგენა რეგიონებში:

  • ქართულმა ოცნებამ რეგიონებში მერობის კანდიდატთა დასახელება განაგრძო. გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა მერობის კანდიდატები კახეთსა და გურიაში წარადგინა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფში გაერთიანებულმა არასამთავრობოებმა გამოთქვეს წუხილი, რომ მმართველი პარტიის მერობის 61 კანდიდატს შორის მხოლოდ ორი ქალია. 
     
  • ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისის მერობის კანდიდატად საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე, დაასახელა. მერობის კანდიდატები აჭარის 6 მუნიციპალიტეტშიც წარადგინეს
     
  • გასულ კვირას, ცნობილი გახდა ევროპული საქართველომ მერობის კანდიდატები ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.

პარტიები და საარჩევნო ბლოკები: ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკში ქრისტიან-კონსერვატიული პარტია და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია შევიდნენ.

დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში: ISFED თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების მიმართ დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ საუბრობს.

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 8 სექტემბერს საარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაცია აღნიშავს, რომ საარჩევნო კამპანია ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, 24 ივლისიდან 5 სექტემბრამდე პერიოდში, ფიზიკური ანგარიშსწორების, ზეწოლა-მუქარის, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, დამკვირვებლისათვის ხელშეშლის რამდენიმე ფაქტი დაფიქსრიდა. 
     
  • ISFED ყურადღებას ამახვილებს სოციალური ქსელების მეშვეობით თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების - ელენე ხოშტარიას, ზაალ უდუმაშვილისა და ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიაზე. ISFED გამოთქვამს ეჭვს, რომ დეზინფორმაციის კამპანია დაფინანსებულია უკანონო შემოწირულობებით.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა: დასრულდა საუბნო კომისიების დაკომპლექტება, მიმდინარეობს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროცესი.

  • ცესკომ 8 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად ჩატარებული კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. 73-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ, 3 634 უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიებში 21 758 წევრი აირჩია. 46 ვაკანტურ ადგილზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. ISFED-ის ანგარიშის თანხმად, ცალკეულ საარჩევნო ოლქებში საუბნო კომისიების წევრთა შერჩევა ხარვეზებით წარიმართა. ზოგიერთ უბანზე კი აირჩიეს ისეთი კანდიდატები, რომლებსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ. 
     
  • საუბნო კომისიების დაკომპლექტების პარალელურად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად მუშაობას განაგრძობს. ამ მიზნით ცესკო საინფორმაციო კამპანიას „იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“ ატარებს. ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადა 3 ოქტომბერს იწურება.

უახლესი ამბები
17 ნოე.'17 18:32
სახალხო დამცველმა აფხაზეთის გამშვები პუნქტების დახურვაზე ანგარიში გამოაქვეყნა
უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ გალში ადამიანის უფლებების მდგომარეობა „უფრო და უფრო უარესდება“.
17 ნოე.'17 16:48
პრაღაში აბაშიძის და კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა
მოსკოვის თქმით, 2011 წლის ვმო-ს შეთანხმებაზე ექსპერტების შეხვედრა გაიმართება.
17 ნოე.'17 15:37
არასამთავრობოები პარტიების დაფინანსების წესში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან
საია-მ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და სამართლიანმა არჩევნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
17 ნოე.'17 13:28
შინაგან საქმეთა მინისტრის სამი მოადგილე დაინიშნა
ახალ მინისტრს, გიორგი გახარიას, სამი მოადგილე ჰყავს.
16 ნოე.'17 18:31
საქართველომ „ლაპის ლაზულის“ სატრანზიტო დერეფნის შეთანხმებას მოაწერა ხელი
საქართველოსთან ერთად, შეთანხმებას ხელი ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის წარმომადგენლებმაც მოაწერეს.  
16 ნოე.'17 17:56
აშშ-ის მიერ დაფინანსებული ახალი პროგრამა საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისკენ იქნება მიმართული
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ში ვიზიტის დროს წვრთნის ახალ პროგრამაზე ისაუბრა.
16 ნოე.'17 17:50
სახალხო დამცველი მომავალი ომბუდსმენის შერჩევაში „საზოგადოების მონაწილეობის“ აუცილებლობაზე საუბრობს
არასამთავრობო სექტორში ომბუდსმენის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
16 ნოე.'17 11:52
СENN გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის ფართო განხილვას მოითხოვს
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
15 ნოე.'17 18:49
პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა დაადასტურეს
ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი და მარგოტ ვალსტრომი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
15 ნოე.'17 13:20
პუტინი მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა
მოსკოვის გადაწყვეტილებით, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზეც გავრცელდება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
82