Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:32 - 17 ნოე.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი მხარდამჭერების დახმარებით უკრაინაში შევიდა
Civil Georgia, Tbilisi / 11 სექ.'17 / 17:33

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბერს ასობით მხარდამჭერთან ერთად პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გადალახვა და უკრაინაში შესვლა მოახერხა.

სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ივლისის ბოლოს ჩამოერთვა, გასულ კვირას განაცხადა, რომ პოლონეთის გავლით უკრაინაში კვირას დაბრუნდებოდა, რათა უკრაინის მოქალაქეობა დაებრუნებინა, თავის პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ჩადგომოდა და საქმე „ბოლომდე მიეყვანა“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში შესვლას კრაკოვეცის გამშვები პუნქტის გავლით შუადღისას გეგმავდა, სადაც მისმა მხარდამჭერებმა კვირას დილიდან დაიწყეს შეკრება. ადგილზე პოლიციელების რაოდენობის ზრდაც შეინიშნებოდა. თუმცა, შემდეგ ეს გეგმა შეიცვალა მედიკა-შეჰინის გამშვები პუნქტის სასარგებლოდ, რომელიც სააკაშვილის თავდაპირველი მარშრუტიდან 35 კილომეტრში მდებარეობს და სადაც ექსპრეზიდენტი პოლონეთის ქალაქ ფშემისლიდან ჩავიდა.

სააკაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რომ მან უსაფრთხოების მოტივით შეცვალა თავდაპირველი გეგმა და აღნიშნა, რომ კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან მობილიზებული იყო „ასობით ტიტუშკა“, რათა ის უკრაინაში არ შეეშვათ.

ფშემისლში სააკაშვილს ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი და რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, მათ შორის, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად ოპოზიციის ლიდერი, იულია ტიმოშენკო, შეუერთდნენ. სარიუშ-ვოლსკიმ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას უნდა, „რთულ დროს“ სააკაშვილს მხარში დაუდგეს და რომ ყოფილ პრეზიდენტს აქვს უფლება „კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო გადაწყვეტილება“, ასევე - გადაკვეთოს საზღვარი.        

მიხეილ სააკაშვილი მედიკა-შეჰინის გამშვებ პუნქტამდე ავტობუსით მივიდა მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს მატარებლით გადასვლა ვერ შეძლო. ფშემისლის სადგურში მატარებელი დაახლოებით ერთი საათით გააჩერეს, რაც, სავარაუდოდ, უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნით მოხდა. თუმცა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს ბრალდება და აღნიშნა, რომ მას „არაფერი აქვს საერთო“ მატარებლის განრიგთან.

სააკაშვილი გამშვები პუნქტის პოლონეთის მხარეს გაუშვეს, თუმცა უკრაინის მხარეს მას მესაზღვრეები დახვდნენ და ცოტა ხნით გააჩერეს, თუმცა მხარდამჭერების დახმარებით, რომლებიც უკრაინის მხრიდან მოვიდნენ,  საქართველოს ექსპრეზიდენტმა გაარღვია პოლიციის კორდონი და მეორე მხარეს გადასვლა მოახერხა. „მიშა, მიშას“ და „დიდება უკრაინას“ ძახილით ექსპრეზიდენტების მხარდამჭერები სააკაშვილთან ერთად საზღვრის მეორე მხარეს გადავიდნენ, საიდანაც ყოფილი პრეზიდენტი ლვოვში გაემგზავრა და თავის მხარდამჭერებს აქციაზე სიტყვით მიმართა.

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში უკანონოდ შევიდა და რომ 16 მესაზღვრე და პოლიციელი, სააკაშვილის მხარდამჭერებთან დაპირისპირების შედეგადდაშავდა .

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება „უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაადგილების“ საქმეზე, რაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ყველა სხვა პირი, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, უნდა მივიდეს შეჰინის გამშვებ პუნქტში საბუთების გასაფორმებლად, ან უკრაინის მიგრაციის სამსახურში“. „გარღვევის“ ყველა მონაწილე, მათ შორის დეპუტატებიც, პოლიციაში უნდა გამოცხადდნენ ჩვენების მისაცემად“, - დასძინა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ასევე გააკეთა კომენტარი ამ თემაზე და აღნიშნა, რომ „ამ ინციდენტს პოლიტიკური კომენტარი არ ესაჭიროება“. „ამ საკითხზე კომენტარი უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ კიდეც მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 11 სექტემბერს. 

„სულერთია, ვინ არღვევს სახელმწიფო საზღვარს - მებრძოლები აღმოსავლეთით, თუ პოლიტიკანები დასავლეთით. უნდა დადგეს აბსოლუტურად მკაფიო სამართლებრივი და იურიდიული პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მან.

„ვიმედოვნებ, რომ ეს ბატონი თავის დროზე იმავე ენთუზიაზმით შეიჭრება საქართველოში,“ - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა, დაახლოებით სამ წელიწადში მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, რათა ოდესის გუბერნატორის პოსტი დაეკავებინა.

გუბერნატორის თანამდებობა სააკაშვილმა 2016 წლის ნოემბერში დატოვა მას შემდეგ, რაც პოროშენკოსთან ურთიერთობები დაეძაბა. იგი ოპოზიციის ლიდერი გახდა და 2017 წლის დასაწყისში საკუთარი პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ ჩამოაყალიბა.

ექსპრეზიდენტი საქართველოში რიგი ბრალდებებით იძებნება, რომელთაც ის უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

უახლესი ამბები
17 ნოე.'17 18:32
სახალხო დამცველმა აფხაზეთის გამშვები პუნქტების დახურვაზე ანგარიში გამოაქვეყნა
უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ გალში ადამიანის უფლებების მდგომარეობა „უფრო და უფრო უარესდება“.
17 ნოე.'17 16:48
პრაღაში აბაშიძის და კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა
მოსკოვის თქმით, 2011 წლის ვმო-ს შეთანხმებაზე ექსპერტების შეხვედრა გაიმართება.
17 ნოე.'17 15:37
არასამთავრობოები პარტიების დაფინანსების წესში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან
საია-მ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და სამართლიანმა არჩევნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
17 ნოე.'17 13:28
შინაგან საქმეთა მინისტრის სამი მოადგილე დაინიშნა
ახალ მინისტრს, გიორგი გახარიას, სამი მოადგილე ჰყავს.
16 ნოე.'17 18:31
საქართველომ „ლაპის ლაზულის“ სატრანზიტო დერეფნის შეთანხმებას მოაწერა ხელი
საქართველოსთან ერთად, შეთანხმებას ხელი ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის წარმომადგენლებმაც მოაწერეს.  
16 ნოე.'17 17:56
აშშ-ის მიერ დაფინანსებული ახალი პროგრამა საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისკენ იქნება მიმართული
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ში ვიზიტის დროს წვრთნის ახალ პროგრამაზე ისაუბრა.
16 ნოე.'17 17:50
სახალხო დამცველი მომავალი ომბუდსმენის შერჩევაში „საზოგადოების მონაწილეობის“ აუცილებლობაზე საუბრობს
არასამთავრობო სექტორში ომბუდსმენის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
16 ნოე.'17 11:52
СENN გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის ფართო განხილვას მოითხოვს
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
15 ნოე.'17 18:49
პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა დაადასტურეს
ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი და მარგოტ ვალსტრომი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
15 ნოე.'17 13:20
პუტინი მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა
მოსკოვის გადაწყვეტილებით, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზეც გავრცელდება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
72