Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 23:13 - 26 სექ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 25-ე წლისთავი აღინიშნა
Civil Georgia, Tbilisi / 14 აგვ.'17 / 13:33

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 და 14 აგვისტოს განცხადებები გამოაქვეყნეს, სადაც 25 წლის წინანდელ „ტრაგიკულ“ მოვლენებზე საუბრობენ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 14 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ეს დღე „ტრაგიკულია“ საქართველოს უახლოეს ისტორიაში. „25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა“.

„ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არა გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვის - ქართველებისა და აფხაზებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში“, - დასძინა კვირიკაშვილმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადება 13 აგვისტოს გაავრცელა, რომლის თანახმადაც აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი „ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა“. „სისხლიანმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ძმათა შორის ომმა, რომლის გაჩაღებაში მნიშვნელოვანი როლი საბჭოური იმპერიალიზმით ნასაზრდოებმა, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკამაც ითამაშა, ასეულობით ათასი ადამიანი აქცია დევნილად საკუთარ სამშობლოში“.

„მათ წინაშე პასუხისმგებლობა, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა, ზოგადად ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. ამ გამოწვევაზე პასუხი მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით და, ამავდროულად, პრინციპული საერთაშორისო და სამეზობლო პოლიტიკით, თანამოძმეებთან ნდობისა და თანამშრომლობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, „დადგება დღე, როცა ჩვენ აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევუდგებით ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებას, სადაც ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა, პოლიტიკურ უფლებათა დაცულობა, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და გაღრმავება ყველა ჩვენგანის საერთო საქმე, წინსვლის წინაპირობა იქნება“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფმა უმაღლესმა საბჭომ და მთავრობამ ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.  

თავის განცხადებაში უმაღლესმა საბჭომ აღნიშნა, რომ შეირაღებული კონფლიქტი აფხაზეთში „რუსეთის იმპერიის მიერ იყო ინსპირირებული“ და მას უდიდესი ადამიანური ტრაგედია მოყვა - „300 ათასზე მეტი აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობა დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, ათასობით რჩეულმა ვაჟკაცმა საკუთარი სიცოცხლე მიიტანა სამშობლოს სამსხვერპლოზე, დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე, დაინვალიდდა ათასობით ადამიანი“.

„გვჯერა და გვწამს, რომ სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლი და შეწირული სულები თითოეული ჩვენგანისთვის არის სწორედ ის უმთავრესი მოწოდება, რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს - დაგვაბრუნებს მშობლიურ სახლ-კარში“, - ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს მთავრობამ სამხედრო ძალები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992 წელს, რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, გაგზავნა. თუმცა, სამთავრობო ძალებს 1993 წლის სექტემბერში რეგიონიდან გამოსვლა მოუხდათ. არსებული ინფორმაციით, 13-თვიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000 ადამიანი დაიღუპა.

 

უახლესი ამბები
26 სექ.'17 23:13
პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო
ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
26 სექ.'17 18:53
კარასინი: ნატოს ქმედებები საქართველოში რუსეთის უსაფრთხოებას ‘სერიოზულ საფრთხეს’ უქმნის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.
26 სექ.'17 14:10
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ოთხი ფრაქცია კონსტიტუციას მხარდაჭერას უცხადებს
პარლამენტი ახალ კონსტიტუციას დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.
25 სექ.'17 19:57
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოდის
რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო მიღებისათვის 26 სექტემბერს შეიკრიბება.
25 სექ.'17 17:27
არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №3
მიმოხილვის მესამე გამოცემაში 18-24 სექტემბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.
25 სექ.'17 15:42
ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ევროკავშირში წევრობის პერსპექტივაზე
Civil.ge-მ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო უწყებებს მიმართა.
25 სექ.'17 14:31
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შესახებ
ვენეციის კომისიის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება სამწუხაროა, ხოლო ბონუსის სისტემა უნდა გაუქმდეს.
22 სექ.'17 23:53
საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველთა სახლების განადგურებას ეხმაურება
სოფელ ერედვში მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ხელისუფლება „გენოციდის გაგრძელებად“ აფასებს. 
22 სექ.'17 22:53
მთავრობამ აშშ-ში ლობირებისთვის თითქმის მილიონი დახარჯა
სულ ბოლოს მთავრობამ კომპანია StrateVarious LLC-სთან მოაწერა კონტრაქტს ხელი.
22 სექ.'17 17:17
კვირიკაშვილი: საქართველო იზრდება, ის არის სიცოცხლით სავსე და მტკიცე გამოწვევებთან ბრძოლაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
95