Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ის მხარდაჭერის სჯერა
Civil Georgia, Tbilisi / 4 აგვ.'17 / 14:24


ფოტო: ამერიკის ხმა

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ნანა საჯაიამ თბილისში, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის დროს, ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.

ვიცე-პრეზიდნეტი მაიკ პენსი ამერიკის ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენელია, ვინც საქართველოს ეწვია. როგორ აფასებთ ამ ვიზიტს?

ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის დრო. ვიცით, რომ ახალი ადმინისტრაცია მხოლოდ 6 თვეა, რაც საქმიანობას შეუდგა, ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვაქვს კონგრესის, სენატისა და თეთრი სახლის მყარი მხარდაჭერა.

ჩვენი ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის. ჩვენ ვხედავთ, როგორი სიფრთხილით, როგორ მიზნობრივად ეკიდება ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო მკაფიო, პირდაპირი და არაორაზროვანი. მან ისაუბრა თავისუფლებაზე, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე. და რაც ყველაზე მთავარია, ისაუბრა ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მიზნებზე.

ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი იქნება ნატოში და რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოს მომავალი წევრობის შესახებ. და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემი ქვეყნისთვის - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა - ვიცე-პრეზიდენტმა ამ ყველაფერზე ძალიან მკაფიოდ ისაუბრა.

კიდევ რა საკითხები განიხილეთ მაიკ პენსთან შეხვედრისას?

მე შევთავაზე ვიცე-პრეზიდენტს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის სრულიად ახალ საფეხურზე აყვანა, რაც გულისხმობს ამ ურთიერთობის ახალ ფორმატს - საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას.

რამდენიმე კვირის წინ, NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი და რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილი კურტ ვოლკერი უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ის ფაქტი, რომ უშუალოდ საქართველოს საკითხებზე მომუშავე ასეთი წარმომადგენელი არ გვყავს, ნიშნავს თუ არა, რომ საქართველო დაივიწყეს?

ამერიკის კონგრესიდან ჩვენ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ვისმენთ. კონკრეტული საბიუჯეტო მექანიზმებითაა გამყარებული არაღიარების პოლიტიკა ამერიკის კანონმდებლობაშიც. ჩვენ გამუდმებით ვისმენთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას, ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა კი იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული.

ეს ყველაფერი არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, თითქოს საქართველოს საკითხს საკმარისი ყურადღება არ ეთმობა ამერიკის ადმინისტრაციისგან. პირიქით, საქართველოს საკითხი კვლავ აქტუალურია.

პრეზიდენტ ტრამპის საარჩვენო კამპანიამ ბევრი კითხვა წარმოშვა, მათ შორის იყო კითხვები რუსეთის პოლიტიკაზე და განცხადებები NATO-ზე. როგორ აფასებთ თეთრი სახლის რუსეთის პოლიტიკას?

ამ თემაზე ბევრი დისკუსია ვნახეთ. ნება მომეცით არ ვისაუბრო შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაზე.

ჩვენ ვნახეთ, როგორ მიესალმა ვიცე-პრეზიდენტი ჩვენს მისწრაფებებს ნატოსკენ, როგორ უჭერს ის მხარს ჩვენი სამხედროების გაძლიერებას, მიესალმება ჩვენს ჩართულობას გლობალური უსაფრთხოების მისიებში. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს მეხუთე მუხლს. საქართველოს გადასახედიდან ჩვენ ვხედავთ ახალ, ნატოში საქართველოს ინტეგრაციისკენ მოწოდებულ ადმინისტრაციას.

ვიცე-პრეზიდენტის ევროპულ ტურნეში საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანაა. რას ნიშნავს ეს ვიზიტი საქართველოსთვის?

ეს ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალაშია, ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ნატოს წევრი. ეს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილია.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ შეერთებული შტატების რუსეთისადმი ფრთხილი პოლიტიკა იცვლება?

ჩვენ მოგვწონს მოვლენების ამგვარი განვითარება. ბედნიერები ვართ ჩვენი სამხედრო თანამშრომლობით, შეერთებული შტატების მეტი ჩართულობით, რაც ჩემს ქვეყანას უფრო თავდაცვისუნარიანს ხდის. ასევე ვხედავთ რუსეთის შემაკავებელ პოლიტიკას.

რუსეთი აცხადებს, რომ მისი სამეზობლო მისი ინტერესის, გავლენათა სფეროებია. მე მჯერა, რომ რუსეთის აგრესიისა და მისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების შემაკავებელი პოლიტიკა სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ევროპისთვის და თვითონ რუსეთისთვისაც.

ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ 2008 წელს, NATO -ს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ზე უარის თქმამ რუსეთს აგრესიისკენ უბიძგა ჯერ საქართველოში, მოგვიანებით კი - უკრაინაში?

არა. აქ 90-იანი წლების დასაწყისშიც იგივე ხდებოდა. მაშინ, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 90-იანების პირველ წლებში, არც ნატოს სამიტი იყო, არც ნატოს პოლიტიკა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს 67 პროცენტი უჭერს, თუმცა მოსახლეობის მესამედს სჯერა, რომ ეს მოხდება. არ ფიქრობთ რომ ამან, შეიძლება, იმედგაცრუება გაზარდოს?

იმედგაცრუება, შეიძლება, გაიზარდოს, მაგრამ არ შეიცვლება ჩვენი არჩევანი. არ მჯერა, რომ ქართველები ევროპისკენ სწრაფვას შეწყვეტენ, რადგან ეს ჩვენი ერის კულტურული ფუნდამენტია. არ შეიცვლება ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იყოს ევროპის და ევრო-ატლანტიკური საზოგადოების ნაწილი.

პრეზიდენტობამდე თქვენ მომავალ ლიდერებს დემოკრატიის პრინციპებს ასწავლიდით, რომლის ცენტრშიც სახელისუფლებო შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის დაცვის პრინციპია. მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების კრიტიკოსები ამბობენ, რომ მოდელი ასუსტებს ამ პრინციპს. როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე?

სამწუხაროა რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გულშემატკივრებიდან ჩემი სალექციო კურსი არავის გაუვლია და არ იციან კონტროლისა და დაბალანსების საბაზისო პრინციპები. და გული მწყდება იმ იმიჯზე, რომელსაც ეს ცვლილებები საქართველოს უქმნის.

ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არავინ უჭერს, მას მხარს არ უჭერს ოპოზიცია, არ ეთანხმება სამოქალაქო სექტორი, არ ვემხრობი მე. ცვლილებების ამ პროექტს მხოლოდ ერთპარტიული ხელმოწერა აქვს.

იმედგაცრუებული გამოხმაურება მივიღეთ ვენეციის კომისიისგან, იყო გამოხმაურება მოგერინისგან, წუხან ჩვენი მეგობრები ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტშიც.

ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში და მათი აზრი იყოს გათვალისწინებული. ასე იქმნება ევროპული საზოგადოება.

2012 წელს საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების ქება დაიმსახურა, როცა ქვეყანამ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა არჩევნების გზით მოახერხა. რატომ ვერ შეძლო “ქართული ოცნების” მთავრობამ ამ უნიკალური მომენტის გამოყენება, იმ პირობებში როცა ის მთავრობაში დიდი მხარდაჭერით და მორალური უპირატესობით მოვიდა?

იმ დღეებში ძალიან ემოციური ვიყავი. ამიტომაც ვარ ახლა აქ, რადგან მჯეროდა, რომ დიდ მიზნებს მივაღწევდით. ერთია თეორია, მეორეა რეალური ცხოვრება.

ზოგიერთ სფეროში ჩვენ გვქონდა წარმატება, ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო, რომელიც ციხეში სვამს მოსახლეობის ათ პროცენტს, ჩვენ აღარ ვართ პოლიციური სახელმწიფო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ მიგვეღწია სასამართლოს რეფორმირებისთვის, ვერ შევქმენით მრავალპარტიული დემოკრატია.

ნორმალურია თუ არა ეს? დიახ ასე ხდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ უნდა ვუერთგულოთ იმ პრინციპებს, რაც 2012 წელს გვაერთიანებდა.

რამდენიმე დღის წინ თქვენ პრეზიდენტ პოროშენკოს უმასპინძლეთ და ხელი მოაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას. რას გვეტყვით ამის შესახებ?

ორივე ქვეყანა ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც უკვე 25 წელია ორივეს თან გვდევს. მთელი ამ 25 წლის მანძილზე ისინი გვერდში გვედგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენს დამოუკიდებლობას. ახლა ჩვენ ვეხმარებით მათ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას იყვნენ თავისუფალი, ძლიერი და სუვერენული სახელმწიფო.

მალევე პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. განიხილეთ ეს საკითხი პოროშენკოსთან შეხვედრაზე?

ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. სააკაშვილზე არ გვისაუბრია. სააკაშვილის კრიტიკის ხანგრძლივი ისტორია მაქვს: მას ჯერ კიდევ 2003 წლიდან ვაკრიტიკებდი, რაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ არ გამიკეთებია. პოროშენკოსთან სააკაშვილზე არ მისაუბრია.

განიხილავთ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას?

ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უნდა ეთქვა. როცა ის უკრაინის მოქალაქე გახდა, მე ვთქვი, რომ ის პატივისცემით უნდა მოკიდებოდა ქვეყნის პასპორტს, რომლის მოქალაქეებმაც მას ნდობა ორჯერ გამოუცხადეს. რაც შეეხება მომავალს, ეს მან უნდა გადაწყვიტოს, მისი გადასაწყვეტია მოითხოვს თუ არა ის მოქალაქეობას. ამის შემდეგ შეგვიძლია მსჯელობა.

მომავალ წელს თქვენი საპრეზიდნეტო ვადა იწურება, აპირებთ არჩევნებში ხელახლა მონაწილეობას?

გულწრფელად არ ვიცი, ამ კითხვაზე დღეს პასუხი არ მაქვს.

მემკვიდრეობად რის დატოვებას ისურვებდით?

ვფიქრობ, მემკვიდრეობის ნაწილი უკვე ავაშენე, როგორც პრეზიდენტმა, რომელმაც პოლიტიკური დისკურსის მიუხედავად, ყველა პარტიის მიღება შეძლო და მხოლოდ და მხოლოდ ერის სამსახურში იდგა. ეს ახალი პრეცედენტი იყო და მჯერა, რომ ნაბიჯის გადადგმა ამ მიმართულებით შევძელი. ეს არის ნაბიჯი ევროპული კულტურისკენ და პოლიტიკური ურთიერთობებისკენ.

მასალა Civil.ge-სთვის მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ. ამ და სხვა მასალის უფასოდ გამოყენებისათვის, გთხოვთ მიმართოთ ადამ გარტნერს.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66