Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:05 - 17 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ედვარდ ლუკასი: რუსეთი საქართველოში დასავლეთის სიმტკიცეს ცდის
Civil Georgia, Tbilisi / 18 ივლ.'17 / 13:57


ედვარდ ლუკასი. ფოტო: რობერტ კოვალევსკი/Agencja Gazeta

პუტინი-ტრამპის შეხვედრის შემდეგ და აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ექვსი თვის თავზე, ბევრი დამკვირვებლისთვის ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთის მიმართ კვლავ გაურკვეველი რჩება. რამდენად მიგაჩნიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აქტიურად დაუპირისპირდება მოსკოვის პოლიტიკას - როგორც რუსეთის მეზობლების მიმართ, ისე ახლო აღმოსავლეთში?
 
ნაკლებად პესიმისტურად ვარ განწყობილი მიზანმიმართული „დიდი გარიგების“ მიმართ, ვიდრე თავიდან ვიყავი; ვფიქრობ ტრამპის ადმინისტრაციის დამახასიათებელი ნიშანია პარალიზება, არათანმიმდევრულობა, იმპროვიზაცია. მე ძალიან ცუდი მოვლენების განვითარებას არ ველოდები, რადგანაც არა მგონია, ტრამპის ადმინისტრაციაში იყონ ადამიანები, რომლებიც ამას დაუშვებენ. მაგრამ ძალიან მაწუხებს ერთი რამ, რომ, თუ იქნება კრიზისი, ის [ტრამპი]მას ვერ გაუმკლავდება. და მეორე: არსებობს ამერიკული ლიდერობის ნაკლებობა, რაც ვაკუუმს აჩენს, და ამ ვაკუუმში სხვა ადამიანები იკავებენ ადგილს. ჩვენ ვხედავთ, როგორ იკავებს ადგილს ჩინეთი აღმოსავლეთ აზიაში, ხოლო გერმანია - ევროპაში, რაც კარგია. მაგრამ ჩვენ ამერიკის უფრო თანმიმდევრულ ლიდერობას ვართ მიჩვეულნი და ეს აღარ გვაქვს.
 
რუსეთი თავისი სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი კომპონენტების გადასროლას ახდენს უკრაინასთან საზღვარზე მდებარე ახალ, მუდმივმოქმედ ბაზებზე. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ძალისხმევის მიზანი?
 
ნათელია, რომ ამის მიზანი უკრაინის დაშინებაა. ვფიქრობ, რუსეთს ყველგან დასავლეთის სიმტკიცის გამოცდა სურს. ამას ვხედავთ სადემარკაციო ზოლზეც, სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. საზღვარზე; ამას ვხედავთ უკრაინაში, ამას ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. რუსები დასავლეთის სიმტკიცეს ცდიან, რათა დაინახონ, რა გაუვათ, ასევე - რათა ახალი პრეცედენტები შექმნან და ახალი ვითარება ჩამოაყალიბონ. შესაძლებელია, რუსეთი დრამატულ სამხედრო ესკალაციას გეგმავდეს უკრაინაში, ან სადმე სხვაგან. ნიშნები შემაშფოთებელია, მაგრამ შესაძლოა ეს მხოლოდ დაშინება იყოს.
 
ამჟამად, საქართველოში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ქსენოფობიური ჯგუფების გააქტიურება შეინიშნება, რომელსაც თან ახლავს პროპაგანდისტული ძალისხმევა, რაც დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს წააგავს. როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია პუტინის მოსკოვმა კონკრეტულად ეს იდეოლოგიური მიმართულება თავისი საგარეო სტრატეგიული მიზნებისთვის?
 
ეს შესანიშნავი კითხვაა და პასუხი ასეთია: იმიტომ, რომ ეს მუშაობს. ჩვენ ვხედავთ ყველგან, რომ კრემლი ყველა ტიპის სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს, იქნებიან ეს საბრძოლო ხელოვნების კლუბები, ბაიკერთა ჯგუფები თუ ფეინთბოლის მოთამაშეები; ხორციელდება რიგი საქმიანობები, რომლებიც იზიდავს ხშირად არცთუ კარგად განათლებულ, საზოგადოებისგან ოდნავ გაუცხოებულ ახალგაზრდებს, და ეს მხოლოდ ერთი მხარეა. ჩვენ ასევე ვხედავთ ანტიდასავლურ გზავნილებს, რომლებიც ყველა ტიპის ქვეყნებში გამოიყენება. კრემლის მოქმედებები ძალიან ოპორტუნისტულია. ამდენად, თუ ეს იმუშავებს, ისინი აკეთებენ ამას, და თუ არა, მაშინ სხვა რამეს შეეცდებიან. ანტიდასავლური, ქსენოფობიური, ანტიმუსლიმური, მიგრანტების საწინააღმდეგო გზავნილები ყველა ტიპის სოციალური ჯგუფებში ვრცელდება ევროპაში და, რა თქმა უნდა, ამერიკაში.
 
როგორ ფიქრობთ, დასავლური სახელმწიფოები და ევროკავშირი ადეკვატურად რეაგირებენ რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე?
 
ვფიქრობ, სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. ჩვენ ახლა გვყავს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაღაც არასწორი ხდება. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, დანია, შვედეთი, ფინეთი, რომელთაც 10 წლის წინ ნამდვილად არ სჯეროდათ ისეთი რამის, როგორიც საინფორმაციო ომია, ან იმის, რომ რუსეთი მას წარმატებით გამოიყენებდა ამ ქვეყნების წინააღმდეგ, ახლა სერიოზული ძალისხმევა ხორციელდება ამ მიმართულებით - უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურების მეშვეობით, ასევე - ჟურნალისტების, სამეცნიერო წრეების და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ახლა ხალხი ხედავს, რომ პრობლემა არსებობს.
 
ადეკვატურია თუ არა ეს? ჯერ არა. ვიტყოდი, რომ მეტია საჭირო. ვფიქრობ, კიდევ არიან ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი და კვიპროსი - რომლებიც ამ პრობლემას აბსოლუტურად ვერ ხედავენ, თუმცა ისინი ევროკავშირში უმცირესობაში არიან. რაც შეეხება ევროპულ სტრუქტურებს, ვფიქრობ, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დაფინანსება არასაკმარისია. ვფიქრობ, სამსახურის ხელმძღვანელობაში ენთუზიაზმის ნაკლებობა არსებობს, და რომ ის არაა საკმარისად ფოკუსირებული ამ საკითხზე, როგორც უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთგვარი ზეწოლა უნდა მოახდინოს ევროპულ სტრუქტურებზე, რათა ამ საკითხს უფრო სერიოზულად მოეკიდონ.
 
გაშფოთებთ თუ არა ის, რომ რუსეთმა შესაძლოა წარმატებით მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია დასავლეთ ბალკანეთში, მაგალითად ბოსნიაში, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროკავშირისთვის და ზოგადად დასავლეთისთვის?
 
დიახ. ჩვენ თვითკმაყოფილები დავრჩით დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებით და ძალიან სერიოზული რუსული ჩარევა ვიხილეთ ბოსნიის რესპუბლიკა სრპსკაში, მაკედონიაში, ასევე  - გადატრიალების მცდელობა მონტენეგროში, ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებები სერბეთში, ასევე - ენერგოსექტორში ხორვატიაში და სხვა ქვეყნებში. ამდენად, ბევრი რამ ხდება და ჩვენ არ ვრეაგირებთ. და ეს ამერიკის ლიდერობის ნაკლებობის ერთ-ერთი პრობლემაა. ეს ფუნდამენტურად ევროპული პრობლემაა და ევროპელები მას კარგად ვერ უმკლავდებიან; ამერიკელებს ყოველთვის შეეძლოთ ინიციატივის ხელში აღება და მე მახსოვს ჯო ბაიდენი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ერთი შეხვედრისთვის ჩაფრინდა ბოსნიაში, რადგანაც მას მიაჩნდა, რომ ვიცე-პრეზიდენტის ჩარევა ვითარებას შეცვლიდა. ახლა კი ეს გვაკლია, რაც რუსეთს არგებს. მე არ ვიცი, როგორ გამოიყენებენ ისინი ამ შესაძლებლობას, მაგრამ მოცემულ მომენტში ისინი ამას ცალსახად იყენებენ.
 
რას იტყვით იმ საპროტესტო მოძრაობაზე, რომელიც ამჟამად რუსეთში გააქტიურდა? გაქვთ თუ არა დიდი მოლოდინები მასთან დაკავშირებით, თუ თქვენი აზრით, ამ ეტაპზე ის სერიოზულ გამოწვევას არ წარმოადგენს რეჟიმისთვის?
 
ვფიქრობ, ნებისმიერი პროგნოზი რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით მცდარია. ჩემი პროგნოზი კი კიდევ უფრო მცდარი შეიძლება იყოს. ამიტომ, რაიმეს მტკიცებისაგან თავს შევიკავებ. ვფიქრობ, საშუალო კლასს მოსკოვში ესმის, რომ რეჟიმი ქურდობით არის დაკავებული და ყოველგვარი საუბარი პატრიოტიზმის შესახებ სისულელეა. ისინი ძალიან დემორალიზებული, გულგატეხილები და დანაწევრებულები არიან; მათ არ ჰყავთ რეალური ლიდერები. ამრიგად, რასაც ჩვენ რუსულ ოპოზიციას ვეძახით, რეალურად ოპოზიცია არ არის, რადგანაც ეს რეჟიმის წინააღმდეგობას უნდა გულისხმობდეს. ეს არის მხოლოდ რამდენიმე მამაცი ადამიანი, რამდენიმე ოპორტუნისტი ადამიანი, რამდენიმე ექსტრემისტი ადამიანი და ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ მიდიან აქციებზე მათ მხარდასაჭერად.
 
ამიტომ, თუ გვინდა, რომ ვიხილოთ გამოწვევა რეჟიმის მიმართ, ის სხვა ადგილიდან უნდა მოვიდეს, მოსკოვის მიღმა არსებული ადგილებიდან და საშუალო კლასის გარედან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძირითადად ვიხილავთ სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც ძალიან გაბრაზებულები არიან კორუფციის და ცუდი ინფრასტრუქტურის გამო, რაც ამ რეჟიმის დამახასიათებელი ნიშანია; შესაძლოა მათ მოიმოქმედონ რაიმე, რაც იმუშავებს, ან ზოგიერთმა რეგიონულმა ლიდერმა შეძლოს იმ უკმაყოფილების გამოყენება, რასაც ბევრი რუსი კრემლის მიმართ გრძნობს. ასეთ შემთხვევაში, ეს საინტერესო იქნება და შესაძლოა დადებითიც იყოს, ან არც იყოს; თუმცა რუსეთზე 30-წლიანი დაკვირვების შემდეგ, ჩემს პროგნოზებში დარწმუნებული არ ვარ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
17 ოქტ.'17 19:05
ქალები ხელისუფლებაში: საქართველო ევროპის საბჭოს ანგარიშში
ანგარიში ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს მიმოიხილავს.
17 ოქტ.'17 18:27
თბილისში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები დაკრძალეს
აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული 25 პირის ნეშტი ცოტა ხნის წინ მათ ოჯახებს გადასცეს.
17 ოქტ.'17 13:13
ლავროვი: მოსკოვი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს
ლავროვი ახალგაზრდობის და სტუდენტთა მე-19 მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
17 ოქტ.'17 12:08
თხილის მოსავლის განადგურების გამო კომპენსაციის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს.
16 ოქტ.'17 17:37
საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა იტალიის სენატის თავმჯდომარესთან პიეტრო გრასოსთან.
16 ოქტ.'17 16:11
არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №6
მეექვსე გამოცემაში 9-15 ოქტომბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.
14 ოქტ.'17 12:01
აშშ-ის საელჩოს განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 13 ოქტომბერს დაძლია.
13 ოქტ.'17 19:12
მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის პირვანდელი ვერსია 117 ხმით დაამტკიცა.
13 ოქტ.'17 12:37
საქართველოს საგარეო უწყება კატალონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ
საქართველო მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას. 
13 ოქტ.'17 12:16
საქართველოს ლიდერებმა რუსეთის ოკუპაცია, სტრატეგიული პრიორიტეტები განიხილეს
პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ. 

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
72