Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:10 - 24 ნოე.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ევროინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ
Civil Georgia, Tbilisi / 13 ივლ.'17 / 17:36

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, შავი ზღვის რეგიონის და ევროპის უსაფრთხოების, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. 

კონფერენციას, სახელწოდებით  - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“, საქართველოს, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

პრეზიდენტი

თავის გამოსვლაში, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება  რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე გაამახვილა. მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება „ისტორიულ უსამართლობად“ შეაფასა და საერთაშირისო თანამეგობრობას მოუწოდა, იყოს „უაღრესად პრინციპული, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას“.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც და აღნიშნა, რომ „საქართველო შედის ევროპულ პროცესში“ არამხოლოდ როგორც „ევროპული სიკეთის მომხმარებელი“, არამედ „როგორც მხარე, რომელსაც გააჩნია თავისი კონტრიბუციის და თავისი თანამონაწილეობის ამბიცია“. 

პრემიერ-მინისტრი

კონფერენციაზე გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ რეფორმებზე, ასევე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის, ასოცირების შეთანხმების შესრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით მიღწეულ შედეგებზე. 

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ევროპული მისწრაფებების ნათელი შედეგია და ჩვენ ამ მიზნის ერთგული ვრჩებით“. 

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება 2017 წლის ნოემბერში, ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც გაამახვილა. 

„არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენი უმთავრესი საბოლოო მიზანია, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამ მხრივ „მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ახალ შესაძლებლობებზე“.

პრემიერ-მინისტრი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც შეეხო. „ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც, მისი თქმით, შეაქვს წვლილი „უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, ნდობის აღდგენასა და ვითარების ესკალაციის პრევენციაში“.

პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კონფერენციის მონაწილეთა ყურადღება საქართველოში მიმდინარე „ფართომასშტაბიან საკონსტიტუციო რეფორმაზე“ გაამახვილა. მისი თქმით, რეფორმის მიზანია „საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და შედეგად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილის დამკვიდრება“.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ და აღნიშნა, რომ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს „ეზღუდება ფუნდამენტური უფლება - არ ცხოვრობდეს დევნილობაში საკუთარ სამშობლოში“.

„მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე მის ევროპულ გზაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება. 

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის, ენერგოუსაფრთხოების, პროპაგანდასთან ბრძოლის და მიგრაციის საკითხებს, ასევე იმსჯელებენ ასოცირების შეთანხმების, DCFTA-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხებზე.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 2007  წლიდან  ყოვეწლიურად იმართება.

უახლესი ამბები
24 ნოე.'17 18:10
ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს.
24 ნოე.'17 17:38
კვირიკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტს ესწრება.
24 ნოე.'17 16:34
მარგველაშვილი ანტი-ტერორისტული ოპერაციის შესახებ
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მთავრობა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამო.
24 ნოე.'17 14:19
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში
ევროპის სახალხო პარტიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა მე-6 შეხვედრა 23 ნოემბერს გამართა.
23 ნოე.'17 12:15
პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგებს აფასებს
სუს-ის უფროსი კი, ბოროტმოქმედების მიერ გაწეულ შეიარაღებულ წინააღდეგობას „ტერორისტულ აქტს“ უწოდებს. 
23 ნოე.'17 09:55
მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი ეთქვა
სასამართლომ ჩაბუქის მიერ ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
22 ნოე.'17 19:30
სუსი: სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაიმეორა, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.
22 ნოე.'17 18:30
საქართველოს ოფიციალური პირების თქმით, ჯაველინის სისტემა ‘მხოლოდ თავდაცვითი’ მიზნით გამოიყენება
დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ასახავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას“.
22 ნოე.'17 18:26
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია დასრულდა
ეჭვმიტანილთა ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.
22 ნოე.'17 16:24
თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაცია გრძელდება
ეჭვმიტანილთა რაოდენობა და ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
85