Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:03 - 24 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვენეციის კომისია საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 21 ივნ.'17 / 15:47


ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად(ვენეციის კომისია)

ვენეციის კომისიამ 19 ივნისს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტზე საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა

კომისიამ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეკომენდაციების მომზადების მიზნით, დოკუმენტი 16-17 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

დოკუმენტის თანახმად, შემოთავაზებული რეფორმა „დადებით შეფასებას იმსახურებს“, ვინაიდან „იგი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის განვითარებას საპარლამენტო სისტემის მიმართულებით, რომელიც დაიწყო 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმით“ და წარმოადგენს პოზიტიურ წინგადადგმულ ნაბიჯს „ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის გასამყარებლად და გასაუმჯობესებლად, ეფუძნება, რა დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ფუძემდებლური უფლებების დაცვის პრინციპებს“.

კონსტიტუციის რეფორმის პროცესის შესახებ საუბრისას, ვენეციის კომისიამ  კმაყოფილება გამოხატა პარლამენტის თავმჯდომარის პირობის მიმართ, რომ არ მიეღოთ ისეთი ცვლილება, რომელიც უარყოფითად იქნებოდა შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. თუმცა, კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ისწრაფვოდეს ამ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო რეფორმაში შეძლებისდაგვარად ფართო კონსესუსის მიღწევისკენ“.  

საარჩევნო სისტემა

მართალია კომისია მიესალმა შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას, მან ასევე განაცხადა, რომ „ეს წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი შეზღუდულია სამი მექანიზმით: საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერის წესი შენარჩუნებულია; 5-პროცენტიან ბარიერს ქვემოთ გაუნაწილებელი ხმები გამარჯვებულ პარტიას გადაეცემა და საარჩევნო კოალიციები (პარტიების მიერ შექმნილი ბლოკები) გაუქმებულია“.

„მართალია, 5-პროცენტიანი ბარიერი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და როგორც ასეთი, კრიტიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ერთად აღებული, ეს სამივე მექანიზმი ზღუდავს პროპორციული სისტემის შედეგებს მცირე პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ და უფრო მეტად სცილდება სამართლიანი წარმომადგენლობის და საარჩევნო თანასწორობის პრინციპებს, ვიდრე ეს იქნებოდა გამართლებული სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ გაუნაწილებელი მანდატების კონსტიტუციური კანონის პროექტით შემოთავაზებული განაწილების სანაცვლოდ, განხილული იქნეს შემდეგი სხვა ალტერნატივები:

  • მანდატების პროპორციული გადანაწილება ან ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რომელმაც 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა; ან 
  • იმ დაკარგული ხმების რაოდენობისთვის მაქსიმუმის დაწესება, რომელიც უნდა მიეცეს გამარჯვებულ პარტიას (ბონუსი); 
  • ანდა ბარიერის დაწევა 2 ან 3 პროცენტამდე, ამ გზით პროპორციული სისტემა ასევე შეეხება მორჩენილი მანდატების განაწილებას.

შეზღუდვა გადასახადების ზრდაზე

ვენეციის კომისიის მოსაზრების თანახმად, გადასახადებზე რეფერენდუმის დანიშვნა „შედარებით სამართალში ძალიან იშვიათი მოვლენაა“ და ჩანს, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი ახდენს „წარმომადგენლობის გარეშე დაბეგვრის“ პრინციპის „რეფერენდუმის გარეშე დაბეგვრის“ პრინციპად ტრანსფორმაციას.

„ამას გარდა, დებულებების პროექტის მიხედვით, ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ მთავრობის ინიცირებით და აქაც პარლამენტი ჩანს, რომ მთლიანად გამორიცხულია საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის და ა.შ. შემოღების პროცესიდან“, - ნათქვამია დოკუმენტში.

„ვენეციის კომისიის აზრით, უმჯობესი იქნება, რომ თავდაპირველად, პარლამენტის გადასაწყვეტი იყოს ახალი გადასახადების შემოღება. პარლამენტის გადაწყვეტილება შეიძლება შემდეგ გადაეცეს ხალხს დასამტკიცებულად, ან არდასამტკიცებლად, თავად პარლამენტის, ან პრეზიდენტის მეშვეობით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

პრეზიდენტი, ეროვნული უშიშროების საბჭო

ვენეციის კომისია მიესალმა გადაწყვეტილებას პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესის შემოღების გადადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „მართალია არ არსებობს პრინციპული წინააღმდეგობა 2023 წლიდან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების შემთავაზებულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პირველ რაუნდ(ებ)ში უნდა მოთხოვნილი იქნეს კვალიფიციური უმრავლესობა და იმ ღონისძიებებს, რომლებიც უკეთ უზრუნველყოფს პარლამენტში (და შესაბამისად საარჩევნო კოლეგიაში) პლურალიზმს, როგორებიცაა გათვალისწინებული წინა თავში მოცემულ რეკომენდაციაში გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულ გადანაწილებასთან ანდა ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება“.

„არაპირდაპირ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას შედეგად არ უნდა მოჰყვეს მუდმივად და ექსკლუზიურად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატის პრეზიდენტად არჩევა. შესაბამისად, საჭიროა ღონისძიებები, რათა უკეთ იყოს გარანტირებული პლურალიზმი პარლამენტში (და, შესაბამისად, საარჩევნო კოლეგიაშიც) და კონტროლისა და წონასწორობის პრინციპი“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უკეთესად შეუძლია გადაწყვიტოს, უნდა მოიხსენიებდეს თუ არა კონსტიტუცია ეროვნული უშიშროების საბჭოს და შესაბამისად, იყოს თუ არა იგი კონსტიტუციური ორგანო“.

ქორწინების უფლება

ვენეციის კომისიის მოსაზრების თანახმად, კონსტიტუციის ის მუხლი, რომლის თანახმადაც ქორწინება არის „ქალისა და მამაკაცის კავშირი (...) ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“ არ უნდა განიმარტოს ისე, რომ „გამორიცხოს ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის კავშირი“.

„საქართველო, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, ვალდებულია, გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები და შესაბამისად, უნდა სამართლებრივად აღიაროს სამოქალაქო კავშირები, ან რეგისტრირებული პარტნიორობა ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის“, - განაცხადა ვენეციის კომისიამ.

სასამართლო სისტემა

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნენ თანამდებობებზე (ნაცვლად შემოთავაზებული 10-წლიანი ვადისა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან პრეზიდენტის მიერ უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, და არა პარლამენტის მიერ (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით), როგორც ეს შემოთავაზებულ პროექტშია.   

ვენეციის კომისია ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მიერ იქნას არჩეული მთავარი პროკურორი, საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ნაცვლად სრული შემადგენლობის უმრავლესობისა, როგორც შემოთავაზებული პროექტში ითვალისწინებს.

ვენეციის კომისია იმეორებს თავის ადრინდელ რეკომენდაციას, მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესების თაობაზე შემოთავაზებული დებულების გაუქმების შესახებ და მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებას, რომ გამოსაცდელი ვადა გამოყენებული იქნეს მხოლოდ 2025 წლამდე. 

სახალხო დამცველი

ვენეციის კომისია მიესალმა იმ დებულებას, რომელიც სახალხო დამცველის ხელახლა არჩევას კრძალავს და განაცხადა, რომ ეს აკრძალვა „მიმართულია ინსტიტუტის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ და ყველანაირი რისკის აღსაკვეთად, რომ იმ პირის დამოუკიდებელი მოქმედება, რომელსაც თანამდებობა უკავია, შეიძლება ეჭვს ქვეშ იყოს დაყენებული ხელახალი არჩევის მოსაზრებებით“.

დოკუმენტი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა „ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია“, თუმცა იქვე დასძენს, რომ „ერთი და იმავე პირის არჩევის ახლად შემოღებული აკრძალვიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა, რომ სახალხო დამცველმა უფრო მეტი ვადით იმსახუროს“.

დოკუმენტის თანახმად, „სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, რომლის მთავარი მახასიათებელი მთავრობისა და პარლამენტისგან დამოუკიდებლობაა, კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის მოთხოვნა ვენეციის კომისიისთვის უფრო სასურველია, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კონსენსუსი პარლამენტში და ფართომომცველი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებთან იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში სახალხო დამცველის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებებზე ზედამხედველისა და მათი დამცველის როლი“.

 

უახლესი ამბები
24 თებ.'18 20:03
ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „მზად არის მხარი დაუჭიროს“ მიმდინარე გამოძიებას. 
23 თებ.'18 20:31
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
თბილისი მკაცრად გმობს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებისა და გარდაცვალების ფაქტს.
23 თებ.'18 17:27
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
თბილისში გამართულ შეხვედრებზე ანდერს სამუელსენმა საგარეო პოლიტიკის და ფინანსური დახმარების პროგრამის საკითხები განიხილა.
23 თებ.'18 15:05
ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში ცხინვალის უშიშროების სამსახურმა დააკავა.
22 თებ.'18 18:25
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იან კელიმ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
22 თებ.'18 15:40
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უმნიშვნელოდ გაუარესდა წინა წელთან შედარებით.
22 თებ.'18 12:52
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
ანგარიში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებზე.
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24