Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:20 - 26 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნის პარალელურად ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა
Civil Georgia, Tbilisi / 18 მაი.'17 / 13:14

დაახლოებით 200 ლგბტ აქტივისტი და მათი მხარდამჭერები, რომელთაც ხელში ცისარტყელას გამოსახულებიანი დროშები ეჭირთ ჰომოფობიური ძალადობის წინააღმდეგ წარწერებით, 17 მაისს მთავრობის კანცელარიის წინ შეიკრიბა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნაბად.

„საქართველოში, ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, უფრო და უფრო იზრდება ნეგატიური დამოკიდებულებები ლგბტი ჯგუფის წევრთა მიმართ, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას სხვა მოქალაქეების თანასწორად“,- ნათქვამია 16 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში, რომელსაც 12 უფლებადამცველი ორგანიზაცია აწერს ხელს.

ორგანიზაციების თქმით, ლგბტი თემისა და მათი მხარდამჭერებისთვის „დღემდე პრობლემურია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა“.

„წელსაც, ცალკეული კლერიკალური და რადიკალურად განწყობილი სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, ლგბტი აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს ისევ დროსა და სივრცეში შეზღუდულ, აქციის წინასწარი დაანონსების გარეშე, პოლიციის მკაცრი კონტროლის პირობებში, გვიწევს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა“, - ნათქვამია პრესრელიზში.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ გეგმავდნენ აქციის გამართვას, თუმცა ადგილის შეცვლა მოუწიათ მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას გეგმავდნენ. ეს დღე 2014 წელს იქნა შემოღებული ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის საპირისპიროდ.

საბოლოოდ, ალტერნატიულ ადგილად მთავრობის კანცელარიის წინ არსებული პატარა ტერიტორია შეირჩა. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. მათ ღობეები აღმართეს, რათა კონტრდემონსტანტებისთვის იქ შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. აქტივისტები თბილისში ორ ადგილას იყვნენ შეკრებილნი და მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილდებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეში. პოლიციის მითითების თანახმად, დემონსტრაცია მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, სოფიო შამანიდიმ, რომელიც ასევე ესწრებოდა კანცელარიის წინ გამართულ აქციას, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ის მიესალმება იმ ფაქტს, რომ დემონსტრანტებმა შეძლეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკონსტიტუციო უფლების გამოყენება.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ „გულდასაწყვეტია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასე უწევს ერთი მოქალაქის მეორე მოქალაქისგან დაცვა“.

„ეს იმაზე მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა ირაციონალური ფობიებისაგან, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ ნებისმიერი მოქალაქე ერთნაირი უფლებებით სარგებლობს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მან.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად მრავალი მოწოდებებისა, სახელმწიფოს მიერ ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები „კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს“.

„საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები. ლგბტი ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

მთავრობის მიერ დემონსტრაციის მართვა შვიდი ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის კრიტიკის საგანიც გახდა. 16 მაისს მათ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მოუწოდებენ ხელისუფლებას „უზრუნველყოს ლგბტქი თემის წევრების, აქტივისტების და მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, უსაფრთხოება, ხელშეუხებლობა და ღირსების დაცვა“.

„მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ლგბტქი აქტივისტებისა და ორგანიზაციების კომუნიკაციის დროს თვალსაჩინო გახდა, რომ სახელმწიფში კვლავ არ არსებობს პოლიტიკური ნება, უზურნველყოს ლგბტქი ჯგუფისათვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების სრულყოფილი დაცვა. თანასწორობის უზრუნველყოფა კვლავ არ წარმოადგენს სახელმწიფოს პრიორიტეტს და მისი ინტერესი არსებითად ლგბტქი პირთა უფლებების მოჩვენებითი დაცვის ხაზგასმაა”, - ნათქვამია განცხადებაში.


მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით

აქციის მონაწილეები სასულიერო პირების ხელმძღვანელობით 17 მაისს დილიდან რუსთაველის გამზირზე ხუთ ადგილას შეიკრიბნენ საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად. აქციის დროს სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, მათ შორის ქართული ხალხური სიმღერების შესრულება და რელიგიური ქადაგებები.

მოგვიანებით, დემონსტრანტებმა რუსთაველი გამზირზე სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს, სადაც მათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიესალმა და წირვა ჩაატარა.

ქადაგება, რომელიც პატრიარქის სახელით, ერთ-ერთმა მღვდელთმსახურმა წაიკითხა, ოჯახის მნიშვნელობაზე, ცოლების და ქმრების ურთიერთობაზე და ბავშვების აღზრდაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ქრისტიანული ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნას, უსიყვარულოდ ეს კავშირი არ იარსებებს, ან დამახინჯებულ სახეს მიიღებს და შეიძლება საერთოდაც დაიშალოს. სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწვალონ და თავისი გარემო მცირე ეკლესიად აქციონ“, - ნათქვამია ქადაგებაში.

პატრიარქის თქმით, ოჯახში იერარქია ჯანსაღი ოჯახის ერთ-ერთი საყრდენია. „ოჯახში იერარქია (უფროს-უმცროსობა) უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეთია უპირატესი, არამედ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ევალება მზრუნველობა და დაცვა ოჯახისა. ზრუნვა კი გულისხმობს არა მარტო მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ ღვთის წინაშე მეოხებასაც“.

17 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 100 ოჯახს, რომელსაც შვიდი და მეტი შვილი ჰყავს, პარტიარქის მიერ დაწესებული სპეციალური სიგელები გადასცა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
26 ივლ.'17 18:20
ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩამოვიდა
ნატოს და პარტნიორი ქვეყნების 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობას მიიღებს საქართველოში დაგეგმილ წვრთნებში.
26 ივლ.'17 18:08
რუსეთის პატრიარქმა ანატოლი ბიბილოვი მიიღო
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი რუსეთის პატრიარქს მოსკოვში გამართული ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
26 ივლ.'17 14:29
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-ზე დატოვა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
26 ივლ.'17 13:17
ევროსასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე ჩატარებული ეროვნული კონკურსი კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა
ევროსასამართლოს მოსამართლეობაზე საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ორმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
26 ივლ.'17 13:08
არასამთავრობოები: ეკლესიის შესახებ კვირიკაშვილის განცხადებები „უპასუხისმგებლოა“
პრემიერ-მინისტრმა 23 ივლისს განაცხადა, რომ „საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა“.
25 ივლ.'17 17:40
ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირში საქართველოს წევრობის პერსპექტივის შესახებ
Civil.ge აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს დაუკავშირდა.
24 ივლ.'17 18:01
საქართველოს და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ისრაელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
24 ივლ.'17 15:36
ევროპულმა საქართველომ საქართველოში ‘რუსული ფაშიზმის’ წინააღმდეგ აქცია გამართა
მოძრაობა „ქართველთა მარშის“ აქტივისტებმა აქციის ჩაშლა ვერ მოახერხეს.
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელური და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
117