Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:20 - 26 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმის თქმით, ვაშინგტონში ყოველწლიურ რელიგიურ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მიიწვიეს
Civil Georgia, Tbilisi / 16 მაი.'17 / 19:29

გაზეთ „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ ინტერვიუში, რომელიც 13 მაისს გამოქვეყნდა, სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ ის ორმა ამერიკელმა სენატორმა 2 თებერვალს ვაშინგტონში ყოველწლიურ რელიგიურ დღესასწაულში (National Prayer Breakfast) მონაწილეობისთვის მიიწვია, თუმცა, მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ მას ვიზა არ მისცა.

„არც ისე დიდი ხნის წინ ოფიციალური მოწვევა მივიღე ორი ამერიკელი სენატორისგან ... რის შემდეგაც ამერიკის საელჩოში შევიტანე საბუთები, მაგრამ ვიზა არ მომცეს“, - განაცხადა კოვემ სენატორების დასახელების გარეშე.

National Prayer Breakfast ყოველ წელს ვაშინგტონში თებერვლის დასაწყისში ტარდება. მისი ორგანიზატორია ვირჯინიაში მდებარე ქრისტიანული ორგანიზაცია Fellowship Foundation და მას უამრავი ამერიკელი და უცხოელი მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტიც.

იმავე ინტერვიუში, დაურ კოვემ საქართველოში ნატოს საქმიანობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რეგიონში სტაბილურობას აზიანებს. „ნატოს ძალების სამხედრო ყოფნა [საქართველოში] რეგიონში სტაბილურობას ძირს უთხრის, ვინაიდან სამხედრო დისბალანსს ქმნის და ქართულ მხარეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარების შესაძლებლობის ილუზიას უქმნის“, - განაცხადა მან.

კოვემ ასევე გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტთან დაკავშირებით თბილისი „დესტრუქციული პოზიციის“ გამო დაადანაშაულა.

„ქართული მხარე მზად არის უკვე დღესვე მოაწეროს ხელი ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, თუმცა არა აფხაზურ მხარესთან, არამედ რუსეთის ფედერაციასთან. ამით ის რეალობას ამახინჯებს და ცდილობს რუსეთის ფედერაცია კონფლიქტის მხარედ წარმოაჩინოს; შედეგად, ის განზრახ უქმნის საერთაშორისო თანამეგობრობას მცდარ წარმოდგენას რუსეთთან კონფლიქტის არსებობის თაობაზე და დუმილს ამჯობინებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მიერ განხორციელებული აგრესიის ყველასთვის ცნობილ ფაქტზე“, - განაცხადა კოვემ.

მან უარი თქვა თბილისის შემოთავაზებაზე ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით ესარგებლა და ამას თბილისის „კიდევ ერთი ავანტიურა“ უწოდა.

„ქართული სატყუარა, რომელიც „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს ფსევდო-მიმზიდველი უვიზო რეჟიმის გავრცელებას ითვალისწინებს, წარუმატებლობისთვისაა განწირული“, - აღნიშნა კოვემ.

ორმაგი მოქალაქეობა

დაურ კოვე ასევე შეეხო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ცოტახნისწინანდელ ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და განაცხადა, რომ აფხაზეთის ლიდერს რაულ ხაჯიმბას და ლავროვს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა სოხუმსა და მოსკოვს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება იყო.

კოვემ აღნიშნა, რომ შეთანხმების პროექტი ამჟამად სეპარატისტული რეგიონის სამთავრობო სტრუქტურების მიერ შეთანხმების პროცესშია და დასძინა, რომ დოკუმენტი რეგიონის პარლამენტს მაშინვე გადაეგზავნება, როგორც კი დასრულდება კოორდინაციის პროცესი.

„ეს შეთანხმება ბევრ დადებით შესაძლებლობას გვიქმნის და ის, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება. ის ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. ის უნდა მივიღოთ და ხელი მოვაწეროთ. დოკუმენტი ჩვენი ხალხისთვის არანაირ საშიშროებას და რისკებს არ შეიცავს. არავინ მას თავს არ გვახვევს“, - განაცხადა კოვემ, რომელსაც სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა აფხაზეთის საზოგადოების შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას შესაძლოა მდიდარი რუსი მოქალაქეების მიერ (აფხაზეთში ქონების ფლობა მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს შეუძლიათ) უძრავი ქონების მასობრივი შესყიდვა მოჰყვეს.

კოვემ ასევე განმარტა, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს მოქალაქეობის მინიჭებას დადგენილი პროცედურების გზით (აფხაზეთის კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს გამარტივებულ პროცედურებს), რაც მთელ რიგ მოთხოვნებს აყენებს, მათ შორისაა აფხაზური ენის ცოდნა, კონსტიტუციის ცოდნა, აფხაზეთის მოქალაქის ფიცი, და ა.შ.

ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების საკითხი ასევე დაისვა 19 აპრილს სოხუმში სერგეი ლავროვის და რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვმა განაცხადა, რომ დოკუმენტი სოხუმის ხელისუფლებას წარედგინა და მან იმედი გამოთქვა, რომ მასზე სწრაფად მოხდებოდა შეთანხმება და მისი მიღება. „ეს საშუალებას მოგვცემს, რომ განვაგრძოთ გამარტივებული პროცედურებით მოქალაქეობის მინიჭების პრაქტიკა. ნუ დაგვავიწყდება, რომ აფხაზეთის მოქალაქეების დიდ უმრავლესობას უკვე აქვს რუსეთის მოქალაქეობა. ახლა მხოლოდ ამ პროცესის დარეგულირება გვჭირდება შეთანხმების საშუალებით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ საკითხზე კომენტარი ხაჯიმბამაც გააკეთა, რომლის თქმითაც, შეთანხმების პროექტი აფხაზეთის მთავრობის წევრებთან განიხილეს. „ახლა დოკუმენტს პარლამენტს წარვუდგენთ განსახილველად და საბოლოოდ, ეჭვიც არ მეპარება, რომ დოკუმენტს ხელი მოეწერება“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ „მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების“ შესახებ ხელშეკრულების ნაწილია, რომელსაც რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის მაშინდელმა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 2008 წლის 17 სექტემბერს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეებს შეუძლიათ მეორე მხარის მოქალაქეობა მიიღონ იმ მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით, რომლის მოქალაქეობასაც ისინი იღებენ.

მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სოხუმსა და მოსკოვს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულებით მოსკოვმა ასევე აიღო ვალდებულება, რომ „დამატებით ზომებს მიიღებს“ „აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გასამარტივებლად.

უახლესი ამბები
26 ივლ.'17 18:20
ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩამოვიდა
ნატოს და პარტნიორი ქვეყნების 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობას მიიღებს საქართველოში დაგეგმილ წვრთნებში.
26 ივლ.'17 18:08
რუსეთის პატრიარქმა ანატოლი ბიბილოვი მიიღო
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი რუსეთის პატრიარქს მოსკოვში გამართული ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
26 ივლ.'17 14:29
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-ზე დატოვა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
26 ივლ.'17 13:17
ევროსასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე ჩატარებული ეროვნული კონკურსი კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა
ევროსასამართლოს მოსამართლეობაზე საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ორმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
26 ივლ.'17 13:08
არასამთავრობოები: ეკლესიის შესახებ კვირიკაშვილის განცხადებები „უპასუხისმგებლოა“
პრემიერ-მინისტრმა 23 ივლისს განაცხადა, რომ „საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა“.
25 ივლ.'17 17:40
ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირში საქართველოს წევრობის პერსპექტივის შესახებ
Civil.ge აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს დაუკავშირდა.
24 ივლ.'17 18:01
საქართველოს და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ისრაელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
24 ივლ.'17 15:36
ევროპულმა საქართველომ საქართველოში ‘რუსული ფაშიზმის’ წინააღმდეგ აქცია გამართა
მოძრაობა „ქართველთა მარშის“ აქტივისტებმა აქციის ჩაშლა ვერ მოახერხეს.
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელური და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
111