Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 09:34 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თვითმმართველობის არჩევნების გზამკვლევი
Civil Georgia, Tbilisi / 12 ივნ.'14 / 17:36

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ელექტორატი 12 ქალაქის მერს,  59 გამგებელს და 71 ახალ საკრებულოს სამი წლისა და ოთხი თვის ვადით აირჩევს.

ამ არჩევითი ადგილების დასაკავებლად სულ ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებული 16 190 კანდიდატი იბრძოლებს. 

მოახლოებული არჩევნები, რომელიც მესამეა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, ოთხი წლის წინ გამართული ადგილობრივი არჩევნებისგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ პირველად 11 ქალაქსა და 59 მუნიციპალიტეტში პირდაპირი წესით აირჩევიან მერები და გამგებლები. აქამდე პირდაპირი გზით მერს მხოლოდ თბილისი ირჩევდა.

თუმცა არჩეული მერებისა და გამგებლების თანამდებობები ხელშეუვალი ვერ იქნება, ვინაიდან თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, საკრებულოებს მათთვის უნდობლობის გამოცხადების უფლებამოსილება მიენიჭათ.

15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში სულ 20 პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი იღებს მონაწილეობას.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, ადგილობრივ არჩევნებზე ორი მთავარი პოლიტიკური ძალა დაუპირისპირდება ერთმანეთს – მმართველი კოალიცია ქართული ოცნება და ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ქართული ოცნების ლიდერებმა ბევრჯერ განაცხადეს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში აპირებენ არჩევნების მოგებას. ნაციონალური მოძრაობა კი შეეცდება გააძლიეროს თავისი, როგორც ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი და მოიგოს ან მეორე ტურამდე მიიყვანოს არჩევნები ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა თუ ქალაქში, განსაკუთრებით იქ, სადაც მისმა საპრეზიდენტო კანდიდატმა შედარებით კარგი შედეგები აჩვენა 2013 წლის არჩევნებზე რვა თვის წინ (მათ შორის ზუგდიდსა და დმანისში).

ზოგიერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა, მაგრამ ძალისხმევის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ერთიანი ფრონტით გამოსვლა; მათ კამპანიაში ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მიმართ კრიტიკა დომინირებს. ნინო ბურჯანაძის კოალიცია, რომლის ლიდერიც მართალია თავად არ იყრის კენჭს ამ არჩევნებში, მაგრამ აქტიურად არის ჩართული თავისი კოალიციის კამპანიაში და ასევე ახალი მემარჯვენეების და თავისუფალი საქართველოს საარჩევნო ბლოკი ორი შედარებით მსხვილი არასაპარლამენტო ოპოზიციური გაერთიანებაა. ისინი სავარაუდოდ ერთმანეთს გაუყოფენ ხმებს და შესაძლოა იმ ამომრჩევლების ნაწილიც მიიმხრონ, რომელთაც ქართულმა ოცნებამ იმედები გაუცრუა.

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე საარჩევნო კამპანია, ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებით, „უფრო დაძაბული“ გახდა; კამპანია დაჩრდილა რამდენიმე ძალადობრივმა ინციდენტმა და ათობით ოპოზიციურ აქტივისტზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციებმა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც საარჩევნო პროცესს აკვირდება, ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ერთის მხრივ, ვერ შეძლო ამ ინციდენტების აღკვეთა და მეორეს მხრივ, სათანადო რეაგირება არ მოახდინა ამგვარ შემთხვევებზე. მაგრამ პროკურატურამ განაცხადა 12 ივნისს, რომ მან კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის 80 შემთხვევა შეისწავლა; მისი თქმით, 80–დან 76 შემთხვევაში, კანდიდატებმა უარყვეს, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა, ხოლო სავარაუდო ზეწოლის 4 საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

საკრებულოები

თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები კვლავაც შერეული სისტემით - პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევა.

ქვეყნის მასშტაბით 71 საკრებულოში სულ 2 084 ახალი დეპუტატი იქნება არჩეული -  აქედან 1 049  მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 1 035 პროპორციულით.

მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პარტიების მიერ წარდგენილ, ისე საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახელებულ დამოუკიდებელ კანდიდატებს. 15 ივნისის არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქებში 821 დამოუკიდებელი კანდიდატი იყრის კენჭს.

საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

პროპორციული სისტემის საფუძველზე მანდატები საკრებულოში მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე  გადანაწილდება, რომლებიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ის მიიღებენ.  2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე რეგიონებში პარტიული სიებისთვის დაწესებული ბარიერი 5%-ს შეადგენდა, თუმცა მარტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ის თბილისისთვის დადგენილ 4%-ს გაუტოლდა.

ქალაქებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი საკრებულო თბილისს ეყოლება, სადაც 25 წევრი პროპორციული წესით და 25 მაჟორიტარი აირჩევა.

იმ თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა  75 000-ს აღემატება, პროპორციული წესით 15 წევრი და  10 მაჟორიტარი; ხოლო იქ, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ზე ნაკლებია, 10 წევრი პროპორციული წესით, ხოლო 5 მაჟორიტარულით აირჩევა.

დანარჩენი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული სისტემის საფუძველზე  15 წევრი და იმდენი მაჟორიტარი აირჩევა, რამდენი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქიც არის შექმნილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.  შესაბამისად, მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სიდიდეზეა დამოკიდებული.

ახლადარჩეული შემადგენლობის შეკრებისთანავე ძველი საკრებულოების უფლებამოსილება შეწყდება.

მერები, გამგებლები

მერებისა და გამგებლების არჩევნების პირველივე ტურში მოსაგებად ხმათა 50%-ზე მეტის     მიღებაა საჭირო - ეს საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მაღალი ბარიერია ადგილობრივი არჩევნებზე. აქამდე თბილისის მერი 30%-იანი ბარიერით ირჩეოდა.

თუ ვერცერთი კანდიდატი 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, მაშინ გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ.

პირდაპირი წესით არჩეული მერები სულ 12 ქალაქს ეყოლება: თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, ფოთს; გორს, თელავს, მცხეთას,  ახალციხეს, ამბროლაურს, ოზურგეთს და ზუგდიდს - ეს ბოლო შვიდი ქალაქი თვითმმართველის სტატუსს 15 ივნისის არჩევნების შემდეგ შეიძენს.

ყველაზე მაღალი კონკურენცია დედაქალაქშია, სადაც თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იყრის კენჭს. 

არჩევნები დედაქალაქში, სადაც ქვეყნის ამომრჩეველთა ერთ მესამედზე მეტი ცხოვრობს, ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს. 15 ივნისის არჩევნებამდე დედაქალაქის მერიას ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს.  სხვა მუნიციპალიტეტების უმეტესობაში ადგილობრივი ხელისუფლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემდეგ ქართული ოცნების ხელში გადავიდა.

დედაქალაქის გარდა, დანარჩენ თერთმეტ თვითმმართველ ქალაქში, სადაც საერთო ჯამში მერობის 70 კანდიდატი იყრის კენჭს, ყველაზე მეტი - თერთმეტი კანდიდატი ბათუმში დარეგისტრირდა, ხოლო ყველაზე ცოტა ამბროლაურში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები მხოლოდ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იქნებიან. მხოლოდ ამ ორ პოლიტიკურ ძალას ჰყავს მერობის კანდიდატები ყველა თვითმმართველ ქალაქში.

59 მუნიციპალიტეტში გამგებლების პოსტის დასაკავებლად სულ 257 კანდიდატი იბრძოლებს. თავდაპირველად დარეგისტრირებული 262 კანდიდატიდან 5-მა თავად მოხსნა კანდიდატურა.

გამგებლის ყველაზე მეტი კანდიდატი საგარეჯოში და ხელვაჩაურში არის დარეგისტრირებული, სადაც შვიდი პოლიტიკური გაერთიანების კანდიდატი გაუწევს ერთმანეთს პაექრობას, ხოლო მინიმალური კონკურენცია ცაგერსა და ნინოწმინდაში იქნება, სადაც 2-2 კანდიდატია დარეგისტრირებული. მმართველი კოალიცია ქართული ოცნება ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც გამგებლების კანდიდატები 59-ვე მუნიციპალიტეტში ჰყავს წარდგენილი.

აქამდე გამგებლები საკრებულოს წევრთა თანხმობით, საკრებულოს თავმჯდომარეების მიერ ინიშნებოდნენ.

საარჩევნო ადმინისტრაცია 

15 ივნისის არჩევნების ჩატარებას სამდონიანი ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიების შემადგენლობით.

13-წევრიანი ცესკო, რომელშიც ასევე შედის მისი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, შვიდი პარტიული წევრისგან შედგება, საიდანაც ექვსი წევრი ქართული ოცნების კოალიციაში შემავალ თითოეულ  პარტიას, ხოლო ერთი - ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს; დანარჩენი ხუთი წევრი პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტის მიერ არის არჩეული.
ცესკოს მსგავსად, საოლქო და საუბნო კომისიებიც 13-13 წევრით არის დაკომპლექტებული.

ცესკო მხოლოდ თბილისში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აჯამებს. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში არჩევნებს საოლქო კომისიები შეაჯამებენ და შედეგებს ცესკოს მიაწვდიან.

ქვეყნის მასშტაბით სულ 73 ოლქი და 3617 უბანია შექმნილი, რასაც ასევე ემატება 20 ე.წ. სპეცუბანი.

არჩევნების დღეს კენჭისყრა იწყება დილის 8 საათიდან და გრძელდება საღამოს 20  საათამდე. 15 ივნისის არჩევნებზე ამომრჩეველი სამი სახის ბიულეტენს მიიღებს: მერის ან გამგებლის ასარჩევად; პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრის არჩევისთვის; და საკრებულოს მაჟორიტარის წევრის არჩევისთვის. საზოგადოებრივი გამოკითხვის ე.წ. ეგზით პოლების შედეგების გამოქვეყნება მხოლოდ კენჭისყრის დასრულების შემდეგ არის დაშვებული.

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 429 748-ს შეადგენს. ამ მონაცემში ასევე შედის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველების რაოდენობაც, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემა არ ხდება.

15 ივნისის არჩევნებზე პირველად იქნება გამოყენებული ფოტოსურათებიანი  სამაგიდო  სია ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის ადგილზე იდენტიფიცირების მიზნით.

თვითმმართველობის არჩევნებს  59 ადგილობრივი და 32 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. ბოლო წლებში ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს არჩევნებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) არ დააკვირდება.

არჩევნების მიმდინარეობას 70-მდე მედია საშუალება გააშუქებს.

უახლესი ამბები
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.
07 დეკ.'17 19:32
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა
ცვლილებების ფარგლებში, რამდენიმე სამინისტრო შერწყმა და რეორგანიზაცია მოხდება.
07 დეკ.'17 17:02
კვირიკაშვილი იერუსალიმის შესახებ ღია წერილის გამო დეპუტატს საყვედურობს
პრემიერ-მინისტრმა უარყო დეპუტატის მოწოდება, რომ საქართველომ იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გაიზიაროს.
07 დეკ.'17 14:44
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შვედეთს სტუმრობს
ირაკლი კობახიძე შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI-ს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
105