Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:23 - 16 აგვ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში
Civil Georgia, Tbilisi / 3 მარ.'14 / 13:48

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში მიმდინარე პროცესებმა „უაღრესად საშიში განვითარება მიიღო“, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გამოიყენოს შეიარაღებული ძალები უკრაინაში „ფაქტიურად, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებას“ ნიშნავს.

ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარლამენტის თანხმობა მიიღო რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში გამოყენების შესახებ იმ მოტივით, რომ ყირიმში მცხოვრები „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, ჩვენი თანამემამულეების და შეიარაღებული ძალების პერსონალის სიცოცხლეებს საფრთხე ემუქრება“. 

„რუსეთის ფედერაციის მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე პასპორტების დარიგება, სამხედრო ინფრასტრუქტურისა და კონტინგენტის გაძლიერება, ასევე გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალებით დაიცვან უკრაინაში მცხოვრები ‘თანამემამულეთა ინტერესები’, წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, რაც ეწინააღმდეგება გაეროსა და  ეუთოს ფუძემდებლურ დოკუმენტებს, უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპებს და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას”, - ნათქვამია მარგველაშვილის წერილობით განცხადებაში, რომელიც 1 მარტს გავრცელდა.
 
„დაუშვებელია სახელმწიფოთა ბედი, მათი მომავალი და ტერიტორიული მთლიანობა წყდებოდეს უცხო სახელმწიფოს ზეწოლითა და ძალისმიერი ჩარევით. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვას ახალი კონფლიქტი ევროპაში და გამოიყენოს მის ხელში არსებული საშუალებები, რათა  მოხდეს შესაძლო აგრესიის თავიდან აცილება და შენარჩუნებულ იქნას უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა,“ – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უკრაინაში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ შეაფასა, როგორც უკრაინის სუვერენიტეტის „აშკარა ხელყოფა“ და „საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა“.  მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე „აუცილებლად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება, რათა რუსეთმა უარი თქვას ძალისმიერ ქმედებაზე“.

„წინააღმდეგ, შემთხვევაში, შესაძლოა მორიგი აგრესიისა და ოკუპაციის მომსწრენი გავხდეთ, რაც საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის განცხადებაში, რომელიც სოლიდარობას გამოხატავს უკრაინელი ხალხის და „მათი გადაწყვეტილების მიმართ ააშენონ ჭეშმარიტად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დასავლეთს მოუწოდა გაუმკლავდეს რუსეთის „მორიგ გამოწვევას“ და არ დაუშვას რუსეთის აგრესია მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ, რაც „ვერ მოხერხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში“.

„დღეს დემოკრატიულმა სამყარომ რუსეთისგან მორიგი გამოწვევა მიიღო - საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფით რუსეთი სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ახორციელებს“, - ნათქვამია დავით უსუფაშვილის წერილობით განცხადებაში, რომელიც 1 მარტს გავრცელდა.

„იმედს გამოვთქვამ, რომ აშშ, ევროკავშირი და მთელი დემოკრატიული მსოფლიო შეძლებს იმას, რაც ვერ მოხერხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში და არ დაუშვებს რუსეთის აგრესიას მეზობელი სახელმწიფოს მიმართ“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

„დარწმუნებული ვარ, ამ მძიმე მომენტში საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ლიდერი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და ყველაფერს გააკეთებს როგორც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ისე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნავს უსუფაშვილი.

მისი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა „დააფიქსიროს მკაფიო და ცალსახა პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად და დაგმოს რუსეთის თავხედური სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ“, ხოლო პარლამენტს საგანგებო სესიის მოწვევისა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდა.

„ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი უკრაინისთვისაა სასიცოცხლო საფრთხე, არამედ საქართველოსთვის და მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა“, - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
16 აგვ.'17 19:23
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 16 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.       
16 აგვ.'17 16:50
პატრიოტთა ალიანსმა თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა
დედაქალაქის მერის პოსტისთვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი, იბრძოლებს.
16 აგვ.'17 13:15
აშშ-ის წლიური ანგარიში საქართველოს რელიგიური თავისუფლების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც მოიცავს, 15 აგვისტოს გამოაქვეყნა.
15 აგვ.'17 18:58
ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის ინიციატივით გამოდის
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებს „საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშნველოვანი საკითხის“ განხილვას სთავაზობს.
15 აგვ.'17 13:43
საქსტატი: 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.56 მლრდ აშშ დოლარი იყო
საბოლოო მონაცემები გადაიხედა თავდაპირველად დასახელებული 1.64 მლრდ აშშ დოლარიდან.
15 აგვ.'17 12:12
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 15 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.     
14 აგვ.'17 14:46
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 14 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.     
14 აგვ.'17 13:33
თბილისში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 25-ე წლისთავი აღინიშნა
25 წლის წინანდელი კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 10 000 ადამიანი დაიღუპა, ასიათასობით ადამიანი კი დევნილად იქცა.
13 აგვ.'17 22:55
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 13 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.    
12 აგვ.'17 22:12
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 12 აგვისტო
Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36