Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო გმობს უკრაინაში განვითარებულ ძალადობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 იან.'14 / 18:52

საქართველო გმობს უკრაინაში განვითარებულ ძალადობას, რომელსაც სულ ცოტა სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ოპოზიციის აქტივისტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებების შედეგად, და იმედს გამოთქვამს, რომ სიტუაცია მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით განიმუხტება.

„დიდი მღელვარებით ვადევნებთ თვალს ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვას გავრცელებულ განცხადებაში, „მეტად გვაწუხებს ის, რომ კიევის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა მსხვერპლი.  გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ამ ტრაგიკული ფაქტის გამო“.

„ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება გამოიჩენს სიბრძნეს  და არ დაუშვებს მოვლენათა ძალადობრივ განვითარებას.  გვჯერა, რომ უკრაინელ მეგობრებს შესწევთ უნარი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელი პოლიტიკური საკითხები“, - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების „საერთო შეშფოთებას“ იწვევს კიევში გამწვავებული დაძაბულობა და ხაზი გაუსვა, დეპუტატების მიერ არაერთხელ გამოხატულ „მკაფიო“ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, მათ შორის სპეციალური განცხადების მიღების გზით.  

„გამოვთქვამ რწმენას, რომ პოლიტიკოსები, ქვეყნის ლიდერები, ხელისუფლება, ოპოზიცია შეძლებს უარესის თავიდან აცილებას, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას, ძალადობის ესკალაციის არ დაშვებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინელი ხალხისთვის, ქართველი ხალხისთვის და მთლიანად რეგიონისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა 22 იანვარს.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მაქსიმალური სიფრთხილისკენ“ და "უსაფრთხოების ზომების" დაცვისკენ მოუწოდა კიევში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და ქართული მედია საშუალებების წარმომადგენლებს.

საგარეო უწყებამ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ცალკე გავრცელებულ განცხადებაში ასევე „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა კიევში შეტაკებების დროს მოქალაქეთა დაღუპვისა და დაშავების გამო.

„საქართველო პატივს სცემს თითოეული ქვეყნის უფლებას, განსაზღვროს თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, თუმცა, ამასთან, აუცილებელია, დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს  უკრაინის მთავრობასაც და აქციის მონაწილეებსაც თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და იმედოვნებს, რომ „უკრაინა, რომელიც საქართველოს ტრადიციულად მეგობარი ქვეყანაა და რომელთანაც ორმხრივ და მრავალმხრივ, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში, წარმატებულად ვთანამშრომლობთ, შეძლებს დიალოგის გზით სიტუაციის განმუხტვას, ქვეყნისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად“.

„გულწრფელად გვსურს, მომავალშიც,  უკრაინა, საქართველოსთან ერთად, ვიხილოთ როგორც საერთო ევროპული ფასეულობების გამზიარებელი ქვეყანა დიდ ევროპულ ოჯახში“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

იმავდროულად, საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ ნაციონალური მოძრაობამ 22 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც უკრაინაში მიმდინარე „დრამატულ  მოვლენებში“ რუსეთის ხელისუფლების და უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ძალადობის ესკალაციის“ მთავარ მიზეზს წარმოადგენს რუსეთის მხრიდან განხორციელებული „ხანგრძლივი ზეწოლა“, რათა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე ოფიციალურ კიევს ხელი არ მოეწერა  ასოცირების ხელშეკრულებაზე, ხოლო „დაძაბულობის ესკალაციის იმპულსად“ იქცა უკრაინის მმართველი ძალის მიერ მიღებული „არადემოკრატიული, რეპრესიული და კონფრონტაციული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების პაკეტი, რამაც შეზღუდა გამოხატვის და სამოქალაქო თავისუფლებები“.

„საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენი ვალია სრული სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელი ხალხის მისწრაფებას თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ერების ოჯახისკენ. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ წინ აღუდგეს უკრაინის პუტინისეულ ევრაზიულ კავშირში შეთრევის ნებისმიერ მცდელობას. უკრაინის თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა!“ - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

 

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
90