Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილი მთავარ პროკურორს მუქარაში ადანაშაულებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 დეკ.'13 / 15:48

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც წინასწარი პატიმრობაში იმყოფება, განაცხადა ქუთაისში სამშაბათს გამართულ სასამართლო მოსმენაზე, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ  მას პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში მისი მდგომარეობის გაუარესებით და მისი მეგობრების და ნათესავების დაპატიმრებით დაემუქრა.

„პარასკევს გვიან ღამით, ანუ უკვე შაბათს დილას, ღამის ორის ნახევარზე მე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში, თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს, ჩემი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იქ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი.. მთავარი, ვინც იქ დამხვდა იყო ეს ადამიანი [მან მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ფოტო აჩვენა], ალბათ ყველას გეცნობათ ეს ადამიანი - ეს არის საქართველოს მთავარი პროკურორი“, - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ მეორე ადამიანი იმ შეხვედრაზე, მისი დაუდასტურებელი ვარაუდით, იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი უფროსი დიმიტრი დარბაისელი, რომელმაც მისი თქმით, ცოტა ხანში დატოვა ოთახი და არ დასწრებია მთავარ პროკურორთან მის საუბარს.

„მთავარმა პროკურორმა მე წამომიყენა ულტიმატუმი და განაცხადა, რომ, თუ მე არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გახსნაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების ნომრებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდებენ.  მე ამასთან დაკავშირებით გამოვხატე ჩემი აზრი, შეიძლება სააკაშვილთან ბევრს პრეტენზია აქვს, მაგრამ სააკაშვილის კორუფციაში დადანაშაულება სრული უაზრობაა“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

„მეორე საკითხთან [ჟვანიას საქმესთან] დაკავშირებით მე გამოვხატე გაკვირვება. ეს მთავრობა ამდენი ხანია ხელისუფლებაშია, გაეცნო ყველა მასალას და კიდევ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების ჩატარებული გამოძიება არის უნაკლო და შეუძლებელია აქ სხვა რამე აზრის ჩამოყალიბება“, - განაცხადა მერაბიშვილმა გულისხმობდა რა გამოძიების იმ ოფიციალური ვერსიას, რომელიც 2005 წლის თებერვალში ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში მან და მაშინდელმა გენპროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გააჟღერეს, რომ პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა.

„პროკურორმა მითხრა, რომ თუ მე არაფერს ვიტყოდი, დამიხატა შემდეგი სურათი, რომ ჩემი პირობები ციხეში მკვეთრად გაუარესდება, რაზეც მე ირონიულად მივუგე, რომ ‘ამაზე უარესი რა უნდა იყოს’ და ძალიან კარგად ამიღწერა, თუ როგორ ტირის დედაჩემი ყოველდღე, როგორ უჭირს ჩემ ოჯახს... მითხრა, რომ სანამ მისი მთავრობა, სანამ  ღარიბაშვილის მთავრობა იქნება ხელისუფლებაში და ღარიბაშვილი აპირებს დიდი ხანი იყოს ხელისუფლებაში, მე ციხიდან ვერ გავალ. ამავე დროს ის ‘შემპირდა’, რომ გვერდით მომისვამდა ჩემს პარტიულ მეგობრებს, ნათესავებს, ხოლო სხვებს შეექმნებათ პრობლემები, ხელს შეუშლიან მათ ბიზნესს და სხვა შეუქმნიან წვრილმან პრობლემებს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

„ამას გარდა, მან განმიმარტა რომ ისინი მაინც შეძლებენ ჟვანიას საქმეში ბრალდების დადასტურებას, რაშიც მათ ამერიკელები ეხმარებიან“, - განაგრძო მან  და დასძინა, რომ მთავარი პროკურორის ამ ნათქვამმა მას ირონიული ღიმილი მოჰგვარა. 

„ამავე დროს, მათ ასე ვთქვათ, მომცეს დრო ორშაბათამდე და მითხრეს, რომ მე ორშაბათამდე უნდა მივიღო გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ დავეხმარები, მისი თქმით, მე მომეცემა შესაძლებლობა, ის ფული, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ‘მოვიპარე’, საზღვარგარეთ გავიტანო“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, სირთულეს არ წარმოადგენს იმ ფაქტის გამოძიება და დადგენა, რომ ციხის კამერიდან მისი გაყვანა მართლაც მოხდა. მისი ინფორმაციით, ის ციხეში უკან დაახლოებით 2:30 საათზე დააბრუნეს. 

უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
88