Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 09:34 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა უკრაინის მოვლენებზე განცხადება მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 დეკ.'13 / 21:12


თბილისის საკრებულოს შენობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს 11 დეკემბერს თბილისის მერიის ორგანიზებით. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

პარლამენტმა 68 ხმით მიიღო განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც „ღრმა შეშფოთებაა“ გამოთქმული „მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო“ და ასევე ნათქვამია, რომ „არც რუსეთის ფედერაციას და არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს არ აქვს აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება“.

განცხადების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ვინაიდან მათ 11 დეკემბერს პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამო სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. თუმცა ამ ინციდენტამდე ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დეპუტატი მოუწოდებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების სოლიდარული განცხადების მიღების საჭიროებისკენ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები უკმაყოფილონი იყვნენ განცხადების ტექსტით და ამბობდნენ, რომ მისი ფორმულირება არ იყო საკმარისად ძლიერი და პირდაპირი რუსეთის როლთან დაკავშირებით.

უკრაინაზე განცხადების პროექტი ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის რამდენიმე დეპუტატი გასულ კვირას კიევში ჩავიდა ევროინტეგრაციის მომხრე აქციის მხარდასაჭერად, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მოამზადა  პარლამენტში, თუმცა მათი პროექტი ქართულმა ოცნებამ ჩააგდო და სანაცვლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობაზე მომზადებული საკუთარი განცხადება მიიღო 27 ნოემბერს, ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე.  ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებულ ტექსტში ნათქვამი იყო: პარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას, უკრაინის მიერ ევროპის კავშირთან  ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო“.  ნაციონალური მოძრაობის მიერ ორი კვირის წინ შემოთავაზებული ტექსტი ასევე გმობდა „რუსეთის გავლენის სფეროების დოქტრინას“.

ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ, რომელიც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა და რომელიც განცხადების ტექსტის მომზადებაში მონაწილეობდა, განაცხადა 11 დეკემბერს, რომ დასანანი და გასაოცარია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა განცხადებას შეერთებოდა.

მისი თქმით, რუსეთის ფაქტორი ნათლად არის ხაზგასმული განცხადებაში, რადგანაც ის ნათლად აცხადებს, რომ არც რუსეთს და არც რომელიმე სხვა ქვეყანას არ აქვს პროცესში ჩარევის უფლება.

თუმცა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ განცხადების ტექსტში არ არის მკაფიოდ ფორმულირებული, რომ რუსეთი პრობლემას წარმოადგენს.

„ჩვენ ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მივიღებთ და თავწახრილი და აბსოლუტურად გაუგებარი, რუსეთისგან დაშინებული, დამფრთხალი პოზიციებით არა მგონია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია“, – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი აფერხებენ უკრაინის ევროპულ სვლას და დასანანია, რომ საქართველოს პარლამენტი ამას მკაფიოდ ვერ გამოხატავს.


კიევში მიმდინარე აქციების მიმართ სოლიდარობის მიზნით თბილისში გამართული აქციის მონაწილეები უკრაინის დროშის ფერებში განათებული თბილისის საკრებულოსკენ მიემართებიან. ფოტო: ინტერპრესნიუსი

განცხადების ტექსტი

პარლამენტის მიერ 11 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:  „საქართველოს პარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს არჩევანის თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დროს მომხდარი მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო“.
 
„საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, და სჯერა, რომ, არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოც და უკრაინაც ღირსეულ ადგილს დაიკავებენ საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტი ასევე მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რომელიც  მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისა და მათი სუვერენიტეტის დაცვისკენ.

„ევროპული ინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ ხელყოფს, და რომ არც რუსეთის ფედერაციას და არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს არ აქვს აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს პარლამენტი ასევე მიესალმება ევროკავშირისა და უკრაინის ძალისხმევას მხარეებს შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებისა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების დროულად გადაჭრის მიზნით და სჯერა, რომ უკრაინის პოლიტიკური ლიდერები იპოვიან ღირსეულ, მშვიდობიან და ხალხისთვის სასარგებლო გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევრომაიდანის სოლიდარობის აქცია თბილისში


კიევში მიმდინარე აქციის მიმართ სოლიდარობის მიზნით თბილისში გამართული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიემართებიან. ფოტო: ინტერპრესნიუსი

იმავდროულად, თბილისში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა 11 დეკემბერს აქცია გამართა კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით. მომიტინგეები კიევში უკვე ორ კვირაზე მეტია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების წინააღდეგ პროტესტს გამოთქვამენ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის მზადება შეაჩერა.

თბილისის აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს და თბილისის საკრებულოს წინ შეიკრიბნენ, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით უკრაინის დროშის ფერებში იყო განათებული. თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ნაციონალური მოძრაობის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელმა მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს; მათ შორის იყო ასევე დეპუტატი გიორგი ბარამიძე, რომელიც მანამდე პარლამენტში მომხდარი ჩხუბის მთავარი მონაწილე იყო.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 11 დეკემბერს თავის Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ იგი აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს შეხვდა და მათ უკრაინაში შექმნილი ვითარება გააცნო. უკრაინას სააკაშვილი გასულ კვირას სტუმრობდა, სადაც 7 დეკემბერს იგი კიევში მიმდინარე აქციაზე სიტყვითაც გამოვიდა. სააკაშვილი, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში არ ყოფილა, ოფიციალურად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ რჩება.

უახლესი ამბები
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.
07 დეკ.'17 19:32
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა
ცვლილებების ფარგლებში, რამდენიმე სამინისტრო შერწყმა და რეორგანიზაცია მოხდება.
07 დეკ.'17 17:02
კვირიკაშვილი იერუსალიმის შესახებ ღია წერილის გამო დეპუტატს საყვედურობს
პრემიერ-მინისტრმა უარყო დეპუტატის მოწოდება, რომ საქართველომ იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გაიზიაროს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16