Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტში უკრაინის და აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ განცხადებებზე დებატები გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ნოე.'13 / 12:38

ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის წინ საქართველოს პარლამენტმა 27 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ შედგენილი განცხადება მიიღო, რომელიც მხარდაჭერას ადასტურებს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციის მიმართ, თუმცა კიდევ ერთი განცხადება, რომლის ინიციატორიც ნაციონალური მოძრაობა იყო და რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა, დეპუტატებმა ჩააგდეს.

27 ნოემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში უკრაინული დროშები იყო წარმოდგენილი. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს უკრაინის დროშის შარფები ეკეთათ, ხოლო მათ მაგიდებზე უკრაინის, საქართველოს და ევროკავშირის დროშები იყო განთავსებული. უკრაინული დროშა ასევე იყო გადმოფენილი სხდომათა დარბაზის იმ ნაწილში, რომელიც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს უკავიათ.

„დარბაზში დღეს უჩვეულო მრავალფეროვნებაა, პირდაპირი გაგებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 27 ნოემბერს სხდომის გახსნის დროს და თავისვისაც ითხოვა უკრაინის, საქართველოს და ევროკავშირის სამაგიდო დროშები.

თუმცა, უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ სოლიდარობის ეს ერთიანი გამოხატულება არ აისახა განცხადების მიღებაში, რადგანაც ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული ტექსტი ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა უარყო იმ მოტივით, რომ ეს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის ტოლფასი იყო.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისთვის მზადების შეჩერების თაობაზე უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ კიევში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა კვირის დასაწყისში მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება მიეღო.

ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებულ ტექსტში ნათქვამია: პარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას, უკრაინის მიერ ევროპის კავშირთან  ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო“.

განცხადების პროექტი უარყოფს რუსეთის გავლენის სფეროების დოქტრინას და „გამოხატავს რწმენას, რომ უკრაინის თავისუფალი ერების ევროპული ოჯახისკენ სვლის შეჩერება შეუძლებელია. ყოველგვარი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის შესაფერხებლად, თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული“.  

ქართული ოცნების დეპუტატებმა თავიდანვე შეიკავეს თავი ამ განცხადების ტექსტის მიღებისგან; სანაცვლოდ, მათ ცალკე განცხადების ტექსტი მოამზადეს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობას ეხება საქართველოზე ფოკუსირებით და უკრაინა ან რომელიმე სხვა ქვეყანა საერთოდ არ არის მასში მოხსენიებული.

განცხადება „აღიარებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში პოლიტიკური და კულტურული მრავალფეროვნებისა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების ინდივიდუალური მიდგომების პატივისცემას“ და „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებს საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებასთან დაკავშირებით.

განცხადება ასევე გამოხატავს პარლამენტის „მზადყოფნას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა 2014 წელს ხელი მოეწეროს ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“ და იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი „აღმოსავლეთის პარტნიორობის ამბიციურ პროექტს მეტად ქმედითს, მოქნილსა და შედეგებზე ორიენტირებულს გახდის“.

მოგვიანებით ქართული ოცნების დეპუტატებმა შემდეგი აბზაცი დაუმატეს ტექსტს: პარლამენტი „გამოხატავს რწმენას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და დემოკრატიული სამყარო გააძლიერებენ ძალისხმევას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების მხარდასაჭერად და მათი სუვერენიტეტის დასაცავად; ამასთანავე, გამოთქვამს იმედს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებს ექნებათ არჩევნის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ ხელყოფს“.

მას შემდეგ, რაც დეპუტატები ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ, ორივე განცხადების ტექსტებზე ჯერ განხილვები, შემდეგ კი კენჭისყრა შედგა 27 ნოემბერს.

დებატების დროს ქართული ოცნების დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული ტექსტი არ იყო „პრაგმატული“ და „დიპლომატიური“ და მისი მიღება უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევის და რომელიმე მხარის პოზიციის დაკავების ტოლფასი იქნებოდა. ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ, რომელიც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ საჭირო არ არის, რომ უკრაინის თემის საქართველოს საკითხზე მიბმა. მან მოუწოდა დეპუტატებს, რომ თავი შეიკავონ ემოციების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებისგან.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები კოლეგებს ქართული ოცნებიდან იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ისინი თავს არიდებდნენ ისეთი განცხადების მიღებას, სადაც რუსეთის იყო გაკრიტიკებული.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი  განცხადება არავის უქმნის დისკომფორტს, გარდა რუსეთისა.

ნაციონალურმა მოძრაობამ შესთავაზა, რომ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ ტექსტს დამატებოდა ფორმულირება, რომელიც დაგმობდა რუსეთის გავლენის სფეროს მცნებას; ამ შემთხვევაში, როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი, მზად იქნებოდნენ მხარი დაეჭირათ ქართული ოცნების მიერ მომზადებული განცხადებისთვის.

კენჭისყრამდე რამდენიმე დეპუტატი როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან კვლავ შეიკრიბა, რათა შეთანხმებისთვის მიეღწიათ, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. ამ ხანმოკლე მოლაპარაკებების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება მზად იყო აესახა ტექსტში ნაციონალური მოძრაობის ფორმულირება „გავლენის სფეროების“  შესახებ იმ პირობით, თუ ნაციონალური მოძრაობა უკრაინის შესახებ თავის განცხადებას გაიწვევდა; თუმცა, უსუფაშვილის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ ეს წინადადება არ მიიღო.

შედეგად, კენჭისყრაზე ორი განცხადება დადგა; ქართული ოცნების განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის 66 ხმით გავიდა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის განცხადება 18 მომხრით 31-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
65