Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატრიარქი სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქციის გაუქმებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 მაი.'13 / 16:27

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მაისს თბილისის ცენტრში ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციის წინააღმდეგ გამოდის და თბილისის მერიას, ხელისუფლებას დემონტრაციაზე „ჰომოსექსუალებისათვის მიცემული ნებართვის“ გაუქმებისკენ მოუწოდებს.

„საერთაშორისო კონვენციები ცალსახად იძლევიან იმის უფლებას, რომ, “საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის მიზნით” შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება“, - აღნიშნავს პატრიარქი დაგეგმილ აქციამდე ერთი დღით ადრე გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

ჰომოფობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აქცია 17 მაისს თბილისის ცენტრში პარლამენტის ყოფილი შენობის წინ არის დაგეგმილი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „იდენტობა“ ინფორმაციით, ეს შეკრება დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდება.

აქციის მოწინააღმდეგეები, მათ შორის მართლმადიდებლური ჯგუფები, ასევე გეგმავენ 17 მაისს პარალელური შეკრების გამართვას.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ა.წ. 17 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია სექსუალური უმცირესობების და მათი მხარდამჭერების შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს არა ამ ადამიანების რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ თემით სპეკულირებას, რადგან ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციული აზროვნების მიუხედავად, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ წარმართონ თავისი პირადი ცხოვრება“, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

ილია მეორე ასევე აცხადებს, რომ ეკლესია „ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს“, ხოლო ასეთი მიდრეკილებების მქონე ადამიანებს „მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად“ განიხილავს, რომლებსაც „დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და, მითუმეტეს, მათი მდგომარეობის მოსახლეობისათვის თავსმოხვევა“.

„ეს იგივეა, რომ მოგწონდეს ნარკომანის ქმედება და თანაც ნარკომანიის საყოველთაო აფიშირებას ახდენდე“, - აცხადებს პატრიარქი. 

ილია მეორე თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ „მძაფრი პროტესტი“ მსგავსი შეკრებების მიმართ „გასაგებია“.  

„ჩვენი მოქალაქეები ამაში ხედავენ  უმრავლესობის უფლებების დარღვევას, მათი  ტრადიციების,  სარწმუნოებისა და, ზოგადად, აზროვნების წესის შეურაცხყოფას“, - აცხადებს პატრიარქი.

„ვფიქრობთ, თბილისის მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს და გააუქმოს ჰომოსექსუალებისათვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციისა; მითუმეტეს, რომ დღეს მთელს ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული მოყვასისათვის  თავგანწირული ვაჟკაცების გარდაცვალებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს კანონმდებლობა აქციის გამართვაზე ნებართვის გაცემას არ ითვალისწინებს, თუმცა ავალდებულებს აქციის ორგანიზატორებს, რომ დაგეგმილი შეკრების შესახებ წინასწარ აცნობონ თვითმმართველობის ორგანოებს.

თბილისის მერიამ 16 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის შესახებ მას 2 მაისს აცნობეს, ხოლო ამ აქციის საწინააღმდეგო პარალელური შეკრების გეგმებზე 13 მაისს გააფრთხილეს.

„შესაბამისად აღნიშნულ გაფრთხილებები თბილისის მერიის მიერ მიღებული იქნა მხოლოდ ცნობად და განმცხადებლებს განემარტათ, "შეკრებებისა და მანიფესტაციებისშესახებ" საქართველოს კანონის განსაზღვრული უფლებამოვალეობანი. თბილისის მერიის მიერ ორივე აქციის თაობაზე ასევე გაფრთხილებული იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

როცა 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს 17 მაისს თბილისის ცენტრში ლგბტ უფლებებების დამცველი აქციის შესახებ კითხეს, მან უპასუხა, რომ სექსუალური უმცირესობებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც სხვა მოქალაქეებს და საზოგადოება „ნელ-ნელა ამას შეეჩვევა“.

კითხვაზე თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება იმ ვითარებაში, როცა ისმის მუქარები ლგბტ უფლებების დამცველთა მიმართ, ივანიშვილმა უპასუხა: „დავაშორებთ [დაგეგმილ ორ პარალელურ აქციას] ალბათ, მე კონკრეტულად ვერ გეტყვით როგორ მოხდება ეს პროცესი, მაგრამ არსებობს პოლიცია, ჩადგება შუაში და მათაც მისცემს საშუალებას და არ მისცემენ ხელის შეშლის უფლებებს და დაიცავენ ყველა ადამიანის უფლებებს“.

შარშან, როდესაც ლგბტ აქტივისტები ამ დღის აღსანიშნავად თბილისის ცენტრში პირველ ასეთ მანიფესტაციას მართავდნენ, მართლმადიდებლურმა ჯგუფებმა მათი მსვლელობა ჩაშალეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49