Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:33 - 20 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 აპრ.'13 / 22:02

პარლამენტმა 4 აპრილს პირველი მოსმენით 80 ხმით მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულისა და პროკურატურის მხარეები ამაზე შეთანხმდებიან.

მოქმედი ნორმის მიხედვით, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აცილება ბრალდებულის შუამდგომლობის საფუძველზე არის შესაძლებელი. ამ უფლებით უკვე ისარგებლა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვა შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ.

ამავე ნორმის მოქმედ რედაქციაში ასევე ნათქვამია ისიც, რომ თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება „არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას“ ან საქმის სიმძიმიდან გამომდინარე შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოებას, მაშინ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე“.

ეს უკანასკნელი ნორმები ამოღებულია მთავრობის მიერ ინიცირებულ ვარიანტში, რომელსაც დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან დღეს პირველი მოსმენით ერთხმად დაუჭირეს მხარი მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი მხარს არ უჭერდა მის მიღებას.

„ნაფიც მსაჯულთა მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვა წარმოადგენს ბრალდებულის უფლებას, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთებისას ბრალდებულის შეზღუდვა პროკურორის სავალდებულო თანხმობით, ეწინააღმდეგება მოცემული ინსტიტუტის არსს“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ  წაიკითხა რა ამონარიდი მისი კომიტეტის დასკვნიდან.

მან ასევე განაცხადა, რომ მართალია საერთო ჯამში კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, მაგრამ  ამ საკითხზე გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ ყოფილა დეპუტატებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ კომიტეტის პოზიციის მიუხედავად, ინიციატორს მაინც ჰქონდა საკითხის განხილვაზე დაყენების უფლება. მან ასევე განაცხადა, რომ ახალი ნორმა, მისი საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, იმ საქმეებს ვეღარ შეეხება, რომლებიც სასამართლოს არსებითი განხილვის სტადიაშია.

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან მკაცრად გააკრიტიკეს მთავრობის ეს ინიციატივა, როგორც  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს „პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად“ გადაქცევის მცდელობა.

„როგორც ჩანს, პროკურატურა ვერ აღწევს კონკრეტულ მიზნებს რაღაც საქმეებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე არის ეს შემოთავაზება ხელახლა წამოწეული“, - განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა.

ამ თემაზე აქტიური მსჯელობა პირველად იანვარში მიმდინარეობდა იმ სხვა საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებას ეხებოდა. მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ იმ პირობით უჭერდა მხარს ყოფილი  მაღალჩინოსნების საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობის შემოღებას, თუ მათ ექნებოდათ არჩევანის თავისუფლება, რომ პროკურატურის პოზიციის მიუხედავად, უარი ეთქვათ ნაფიც მსაჯულთა მიერ მათი საქმეების განხილვაზე.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, იმ პირობებში, როცა შესაძლოა უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი იყოს შექმნილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, მათ საქმეებზე ნაფიცმა მსაჯულებმა შეიძლება ობიექტური გადაწყვეტილებები ვერ მიიღონ. 

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა შემოღებული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, მთავრობის ინიციატივაზე კენჭისყრის წინ 5-წუთიანი შესვენება მოითხოვეს. სხდომის განახლების შემდეგ მაშინ, როცა კენჭისყრის პროცედურები მიმდინარეობდა და სხდომის დასრულებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, მათ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. ეს გადაწყვეტილება დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა ახსნა იმით, რომ მათ კენჭისყრის წინ საბოლოო პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.

დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან განაცხადეს, რომ ეს იყო მათი ოპონენტების „პროცედურული ომის“ ნაწილი გამიზნული იმისკენ, რომ საკითხზე კენჭისყრის ჩატარება ჩაშლილიყო.

უახლესი ამბები
20 ოქტ.'17 20:33
არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოზე: ‘აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა’
ადგილობრივი არჩევნების წინ, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები შეაჯამა.
20 ოქტ.'17 18:06
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს
თბილისში ვიზიტის ფარგლებში ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
20 ოქტ.'17 13:49
მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე თავდასხმა მოხდა
დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
20 ოქტ.'17 10:52
საქართველოს ლიდერები საზოგადოებას ადგილობრივ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებები პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გააკეთეს.
19 ოქტ.'17 19:58
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა
ახალი კონსტიტუცია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
19 ოქტ.'17 18:29
არასამთავრობოები სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესში ჩართვას ითხოვენ
ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.
19 ოქტ.'17 16:09
საქართველომ ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ნიდერლანდებს გადასცა
ნიდერლანდების თხოვნა MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა.
19 ოქტ.'17 14:06
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ–სექტემბერში
2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ 7.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
18 ოქტ.'17 14:18
საპარლამენტო კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დაასრულეს
მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს.
18 ოქტ.'17 13:09
სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს ამზადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის 4 000 ეთნიკური ქართველისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას გეგმავს.      

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
83