Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:40 - 25 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი აკრიტიკებს კულტურულ ძეგლებზე თურქეთთან მთავრობის მიერ დაგეგმილი შეთანხმების ნაწილს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 აპრ.'13 / 13:14


მეჩეთი რაბათში, რომელიც გასულ წელს ახალციხის ამ ძველი კომპლექსის რესტავრაციის ფარგლებში განახლდა. ფოტო: Civil.ge

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი პოზიცია დააფიქსირა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის შესახებ ხელშეკრულებაზე საქართველოსა და თურქეთის მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და გააკრიტიკა შემოთავაზებული გეგმა ახალციხეში განახლებული რაბათის ციხის ზოგიერთი ნაწილის იერსახის შეცვლის თაობაზე.  

ახალციხის ამ ძველ ციხეს ფართომასშტაბიანი რესტავრაცია გასულ წელს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კურატორობის ქვეშ ჩაუტარდა და ვიზიტორებისთვის 2012 წლის აგვისტოში გაიხსნა.

შუა საუკუნეების დროინდელი ეს მრავალკულტურული კომპლექსი თავისი ციხე–კოშკებით და სხვა ნაგებობებით მთიან მაღლობზე მდებარეობს და ასევე მოიცავს  მე-18 საუკუნის აჰმედიეს მეჩეთს, რომელიც ასევე განაახლეს, თუმცა ის რელიგიური მსახურებისთვის არ გამოიყენება.

ამჟამინდელი მთავრობა აცხადებს, რომ კომპლექსის აღდგენა დაჩქარებულად განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპების იგნორირებით და მისი ზოგიერთი ელემენტი, მათ შორის მეჩეთიც, საჭიროებს გამოსწორებას; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებით, კომპლექსის ზოგიერთი ნაწილის კორექტირებას ითხოვს ასევე თურქული მხარეც.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ჯერ კიდევ ხელმოსაწერია თურქეთთან, ასევე მოიცავს ქართული მართლმადიდებლური ძეგლების - იშხნისა და ოშკის რესტავრაციას  თურქეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც ბათუმში ახალი მეჩეთის შესაძლო მშენებლობას.

2 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა იმ ხელშეკრულების პროექტის ზოგიერთი ნაწილი, რომელზეც საქართველოს მთავრობა ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთთან.

იმ ცვლილებებს შორის, რომელიც შესაძლოა რაბათის კომპლექსს შეეხოს, არის მეჩეთის გუმბათის არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფერით ჩანაცვლება;  პირვანდელი რკინის ცხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში,  მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება; ასევე მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუასაუკუნეების ქვის იმ რელიეფების შესაძლო გამოტანა, რომლებიც ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქრისტიანული სიმბოლოების ტერიტორიიდან გატანა და გუმბათის „განადგურება“ სრულიად „მიუღებელი და დაუშვებელია“.  ადმინისტრაციის განცხადებით, ეს წინადადებები არ წარმოადგენს თურქეთის მოთხოვნას, არამედ „ლაპარაკია გაუგებრობაზე, რომელიც მოდის საქართველოს მთავრობის მხრიდან“, რომლის გარკვევასაც პრეზიდენტი სააკაშვილი უახლოეს დღეებში მისი თურქეთში ვიზიტის დროს შეეცდება.

„ვფიქრობთ, ეს რეალურად ნიშნავს დღევანდელი რაბათის ციხის განადგურებას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კულტურული და ტურისტული ცენტრია ამ ტერიტორიაზე და წარმოადგენს მესხეთის სიამაყეს... ნამდვილად არ მიგვაჩნია, რომ ეს იყოს თურქული მხარის მოთხოვნა ან განზრახვა. ლაპარაკია გაუგებრობაზე, რომელიც მოდის საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას გაირკვევა, სადაც დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა როგორც თურქ კოლეგასთან, ისე თურქეთის პრემიერ მინისტრთან“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

„უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული სიმბოლოების გატანა ტერიტორიიდან და გუმბათის განადგურება, როგორც ეს დოკუმენტშია აღნიშნული, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია“, - აღნიშნა მან.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ გვსურს კარგი ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკასთან. ალბათ, გახსოვთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე თურქული ძეგლების დაცვისა და რესტავრაციის ინიციატორებიც ვიყავით, მაგრამ საქართველოს მთავრობის დღევანდელი შეთავაზება არის სულ სხვა რამ - ეს არის ძალიან სახიფათო და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასდროს არ დათანხმდება“, - განაცხადა მან.

„ამ დოკუმენტში ლაპარაკია ნგრევასა და განადგურებაზე. აქ საუბარია ქრისტიანული სიმბოლოების გატანაზე, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ, ისევე, როგორც, რა თქმა უნდა  მუსულმანურ სიმბოლოებს. ეს არ არის თურქეთ-საქართველოს პრობლემა. ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ და ვისმენთ - მიწასთან გაასწორონ და დაანგრიონ ის, რაც ბოლო წლებში საქართველოში აშენდა და გაკეთდა“, - განაცხადა  პრეზიდენტის პრესსპიკერმა. 

კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა მიზანდარმა ბრალდებები იმის შესახებ, რომ რაბათის კომპლექსი ან მისი ნაწილი განადგურდება, უარყო როგორც „სასაცილო“.

„პირიქით, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმ ხარვეზებს ვასწორებთ, რომლებიც დაუშვებელია, რომელთა დღეს ასე დატოვება დაუშვებელი იქნებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით“, - განაცხადა მიზანდარმა და დასძინა, რომ ისტორიული ძეგლების აღდგენის „სტანდარტები და მეთოდოლოგია“ დაირღვა, ვინაიდან რაბათის განახლების სამუშაოები ჩატარდა „სწრაფად“ და „დაუფიქრებლად“.

მისი თქმით, ჯვრის რელიეფიანი სტელების აჰმედიეს მეჩეთიდან  გატანა თურქეთის მხარის თხოვნა იყო და ამის წინააღმდეგ პოზიცია არც საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს გამოუთქვამთ; მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს სტელები შესაძლოა რაბათის კომპლექსში მდებარე მუზეუმში იქნას გადატანილი.

 

 

უახლესი ამბები
25 ივლ.'17 17:40
ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირში საქართველოს წევრობის პერსპექტივის შესახებ
Civil.ge აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს დაუკავშირდა.
24 ივლ.'17 18:01
საქართველოს და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ისრაელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
24 ივლ.'17 15:36
ევროპულმა საქართველომ საქართველოში ‘რუსული ფაშიზმის’ წინააღმდეგ აქცია გამართა
მოძრაობა „ქართველთა მარშის“ აქტივისტებმა აქციის ჩაშლა ვერ მოახერხეს.
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელური და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
48