Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:09 - 20 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა სულ ცოტა სამი თვით შეინარჩუნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 მარ.'13 / 20:54

29 მარტს ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის პოლიტიკური დაპირისპირების ადგილი თბილისის საკრებულო იყო, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ თავმჯდომარის პოსტი სულ ცოტა მომდევნო სამი თვით შეინარჩუნა.

ნაციონალური მოძრაობის დომინირება 50–ადგილიან თბილისის საკრებულოში (ამჟამად საკრებულოში 47 წევრია), სადაც მან 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე 39 ადგილი მოიპოვა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეირყა, რადგან მისმა ათზე მეტმა წევრმა საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დატოვა. თუმცა, თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობას კვლავ ინარჩუნებს.

ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც აცხადებს, რომ მისი რამდენიმე წევრის მიერ საკრებულოს ფრაქციის დატოვება ახალი ხელისუფლების მხრიდან „ზეწოლის კამპანიის“ შედეგია, 29 მარტის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი დააყენა. სამადაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრია.

ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა საკრებულოში ამჟამად უმრავლესობას ინარჩუნებს, მას გარანტირებული ჰქონდა, რომ მის წევრს საკრებულოს თავმჯდომარეობიდან არ გადააყენებდნენ და მისი გადაყენების ინიცირება ფაქტიურად მიზნად ისახავდა სამადაშვილისთვის ამ პოსტის სულ ცოტა მომდევნო სამი თვით შენარჩუნებას.

საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, მის წევრებს არ აქვთ უფლება, რომ თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ხელახლა დააყენონ ამ საკითხზე კენჭისყრიდან სამი თვის მანძილზე; შედეგად, მაშინაც კი თუ ნაციონალურ მოძრაობას კიდევ რამოდენიმე წევრი დატოვებს და ეს უკანასკნელი საკრებულოში უმრავლესობას დაკარგავს, საკრებულოს წევრები ქართული ოცნებიდან, თავმჯდომარის უნდობლობის საკითხს მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვეღარ დასვამენ.

29 მარტის სხდომაზე, ცხარე დებატებისას, რომელიც დროდადრო საკრებულოს ზოგიერთ წევრს შორის ურთიერთ ყვირილშიც იზრდებოდა, ქართული ოცნების წევრები მოითხოვდნენ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივის დღის წესრიგიდან მოხსნას; ზოგიერთი მათგანი აცხადებდა, რომ ამ საკითხის ინიცირება პროცედურული წესების დარღვევით მოხდა, ხოლო სხვები ნაციონალურ მოძრაობას „ფარსის დადგმაში“ ადანაშაულებდნენ. ინიციატივა კენჭისყრაზე დადგა და როგორც მოსალოდნელი იყო, ჩავარდა.

თბილისის მერი გიგი უგულავა მიესალმა კენჭისყრის შედეგებს და განაცხადა 29 მარტს, რომ ქართული ოცნების საკრებულოს წევრების ოცნებების ასრულება სულ მცირე სამი თვით გადაიდო.

საკრებულოს სხდომამდე, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა განაცხადეს, რომ ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს შვიდი წევრი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა; მათი თქმით, ეს ახალი ხელისუფლების მიერ ნაციონალური მოძრაობის წევრების ზეწოლის  და დაშინების კამპანიის ნაწილია, რაც მათ გადაბირებას ისახავს მიზნად.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა 29 მარტს, რომ ქართული ოცნება ყველანაირად ცდილობს უმრავლესობა მოიპოვოს საკრებულოში, რათა შემდეგ საკუთარი კონტროლი თბილისის მერიაზეც გაავრცელოს.

ერთ–ერთი საკითხი, რომელზეც ახალმა მთავრობამ რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკა დაიმსახურა, ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით თანამდებობა 69–დან 46-მა გამგებელმა დატოვა. ასევე შეიცვალა 24 საკრებულოს თავმჯდომარე. ანგარიშის, თანახმად, ეს პროცესი ძირითადად მოქალაქეთა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა, რომლებსაც „უმეტესად ქართული ოცნების ადგილობრივი მხარდამჭერები და აქტივისტები“ მართავდნენ. ანგარიშის თანახმად აქციები 28 მუნიციპალიტეტში გაიმართა, აქედან 24 შემთხვევაში საზოგადოების პროტესტი „უკანონო ქმედებებში, კერძოდ, ძალადობაში, შენობების შესასვლელების ბლოკირებაში, შენობაში შეჭრასა და საკრებულოს სხდომის ჩაშლაში გამოიხატა“.  

საქართველოს თებერვლის ბოლოს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის ფაქტების დამდგენი მისია  სტუმრობდა. 19 მარტს სტრასბურგში გამართულ სხდომაზე, კონგრესმა განაცხადა, რომ ცნობები  ზეწოლის შესახებ „ადგილობრივ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის“. კონგრესის განცხადებით, ამგვარი შემთხვევები მიუთითებს, რომ საზოგადოებაში და პოლიტიკოსებს შორის არასწორი მოლოდინები არსებობს იმის შესახებ, რომ  ცენტრალურ ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები დაუყოვნებლივ უნდა აისახოს ადგილობრივ ხელისუფლებებზეც. კონგრესმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას „ადგილობრივი ხელისუფლების და დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენლების ავტონომია და დამოუკიდებლობა უზრუნველყოს, რათა ეროვნული არჩევნების შედეგებმა არ იქონიოს გავლენა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლობით ორგანოზე“.

კონგრესის მომხსენებლები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მკაფიო პოლიტიკურ ნებას იჩენს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების ძალაუფლების ზრდისკენ მიმართული მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელოს.

უახლესი ამბები
20 აპრ.'18 19:09
ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ანგარიში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.
20 აპრ.'18 16:04
პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები მიიღო
ცვლილებების შედეგად, მრეწველთა პარტია 600 000 ლარის ოდენობის ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.
20 აპრ.'18 12:57
ევროკავშირი ‘ღრმა შეშფოთებას’ გამოხატავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გამო
ევროკავშირის დელეგაციამ ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ გენერალური მდივნის ანგარიშის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა.
19 აპრ.'18 18:12
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შიდაპარტიულ დავაზე გადაიდო
მმართველი პარტიის დეპუტატების შეხვედრას, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება. 
19 აპრ.'18 15:58
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის პირველ კვარტალში
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.    
19 აპრ.'18 13:02
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.
18 აპრ.'18 19:32
მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას ხვალ საღამოს გამართავს.
18 აპრ.'18 19:07
ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
18 აპრ.'18 16:09
პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მის წინააღმდეგ შეთანხმებული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
18 აპრ.'18 14:06
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა დააკავეს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
71