Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:51 - 18 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული ოცნება იუსტიციის საბჭოს რეფორმის გეგმას კვლავ გადახედავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 მარ.'13 / 19:21


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესაუბრება ჟურნალისტებს, 28 მარტი. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნება აპირებს კიდევ ერთხელ გადახედოს თავის შემოთავაზებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის თაობაზე, რათა ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რომლის თანახმადაც იუსტიციის საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს პარლამენტი სულ ცოტა ორი–მესამედით აირჩევს.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ეს ინიციატივა ანტი–ჩიხურ ღონისძიებებსაც ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი დეპუტატების ორი–მესამედის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, რაც სულ ცოტა 100 ხმას შეადგენს. თუმცა, ანტი–ჩიხური ღონისძიებები არ შეეხება ორ ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს ექვსი არამოსამართლე წევრიდან სულ ცოტა ორი აუცილებლად იქნება არჩეული ორი–მესამედის მხარდაჭერით, განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან 28 მარტს გააკეთა, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციებისა და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ.

თუმცა, ნაციონალური მოძრაობა კვლავ ეწინააღდეგება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შემოთავაზებულ ცვლილებებს იმ მოტივით, რომ ახალი შემოთავაზებები ვერ აგვარებს მის მთავარ შეშფოთებას, რომელიც იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრების აბსოლუტური უმრავლესობის უფლებამოსილების ვადამდელ შეჩერებას ეხება.

15–წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ორი კომპონენტისგან შედგება.

ერთია სასამართლო კომპონენტი – რვა მოსამართლე, რომელთაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს.

ხოლო მეორე „საპარლამენტო კომპონენტად“ მოიხსენიება და გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები, იურიდიული პროფილის მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარადგენენ.

ერთი ადგილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უკავია – ეს კონსტიტუციით არის გამყარებული და ამიტომაც, კანონპროექტი ამ წესის ცვლილებას არ ითვალისწინებს.

ამჟამად, ექვსი არამოსამართლე წევრიდან ორს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო დანარჩენი ოთხი დეპუტატია.

ვენეციის კომისია მიესალმა არსებული წესის დაგეგმილ ცვლილებას, თუმცა ისეთი მექანიზმის შემოღებისკენ მოუწოდა, სადაც ოპოზიციაც შეძლებდა გავლენის მოხდენას იმ ექვსი კანდიდატის დამტკიცებაზე, რომლებიც პარლამენტმა უნდა აირჩიოს. კერძოდ, კომისიამ შესთავაზა, რომ პარლამენტს საბჭოს წევრები ან ხმათა ორი–მესამედით, ან რაიმე პროპორციული მეთოდით აერჩია. თუმცა, ვენეციის კომისიამ ასევე ურჩია, რომ თუ პარლამენტი ორი–მესამედით არჩევის ვარიანტზე შეჩერდებოდა, მან ასევე უნდა გაითვალისწინოს მექანიზმი შესაძლო ჩიხური მდგომარეობის წინააღმდეგ.

თავდაპირველად, ქართული ოცნება და იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც კანონპროექტი მოამზადა, ორი–მესამედით არჩევის ვარიანტის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ იმ მოტივით, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოსტი, რომელსაც პარლამენტის მიერ დასამტკიცებლად ასეთი მაღალი კვორუმი სჭირდება.

მაგრამ 28 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება ორი–მესამედით არჩევის შემოთავაზებაზე თანახმაა.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლო ჩიხის და ასევე ისეთი სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, სადაც ადგილები შესაძლოა ვაკანტური დარჩეს ხმების ორი–მესამედის მიუღებლობის გამო, ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, რომ ასეთ შემთხვევაში გაიმართოს ხელმეორე კენჭისყრა, სადაც მხოლოდ 76 ხმა იქნება საკმარისი საბჭოს წევრობის კანდიტატის დასამტკიცებლად.

თუმცა, უსუფაშვილმა ასევე დასძინა, რომ ქართული ოცნების ინიციატივა არ გულისხმობს, რომ ეს ანტი–ჩიხური ღონისძიება გამოყენებულ იქნება ორ ადგილთან მიმართებაში – რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ადგილი ვაკანტური დარჩება მანამ, სანამ კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების ორ–მესამედს.

„ეს არის სრულ შესაბამისობაში უცხოელი ექსპერტების დასკვნასთან და რაც მთავარია, სრულ შესაბამისობაში საღ აზრთან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა კვლავ უარს აცხადებს კანონპროექტის მხარდაჭერაზე, რადგანაც საპარლამენტო უმცირესობას ასევე სურს, რომ შესწორებები შევიდეს საბჭოს დაკომპლექტების სასამართლო კომპონენტში. 

თუმცა, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს ქართული ოცნებისთვის მიუღებელია, რადგანაც იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების სასამართლო კომპონენტი, როგორც ამას პარლამენტის მიერ გასულ კვირას მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს, სასამართლო ხელისუფლებასთან, კერძოდ კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კოტე კუბლაშვილთან იქნა შეთანხმებული და ასევე შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან.

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს შემოთავაზებები სრულად არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა 28 მარტს, რომ ეწინააღმდეგება რა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, კანონპროექტი ორის გარდა იუსტიციის საბჭოს ყველა წევრის უფლებამოსილების ვადამდელ შეჩერებას ითვალისწინებს. ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მზად არის ქართული ოცნების შემოთავაზება განიხილოს საბჭოს დაკომპლექტების საპარლამენტო კომპონენტთან დაკავშირებით.  

ვენეციის კომისიამ, რომელმაც განაცხადა, რომ დაგეგმილი რეფორმა საერთო ჯამში პროგრესს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის კუთხით, ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს საბჭოს სრული განახლება. თუმცა, კომისიამ ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელია „დროებითი ზომების“ მიღება, რათა „არსებული საბჭო მისი დაკომპლექტების მომავალ მეთოდს დაუახლოვდეს“.

განახლებული პროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, რამდენიმე ახალ დებულებას შეიცავს, რომელთაც კანონპროექტი მეტ შესაბამისობაში მოყავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, ვიდრე ის ადრე იყო.

კერძოდ, კანონპროექტი შეიცავს დებულებებს, რომლის თანახმადაც რვიდან შვიდი მოსამართლე, რომლებიც ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედიან, დაკარგავენ თავიანთ ადგილებს იმ მოტივით, რომ მათი წევრობის ამჟამინდელი კრიტერიუმები არ აკმაყოფილებს დაგეგმილი ახალი წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს – ეს შვიდი მოსამართლე ან სასამართლოების თავმჯდომარეები, ან მათი მოადგილეები არიან, ანდა საბჭოს წევრებად არჩეული იყვნენ არა პირდაპირ მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ მისი ცხრაწევრიანი ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ.

განახლებული პროექტი ასევე საშუალებას აძლევს სასამართლოების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს იუსტიციის საბჭოს წევრობაზე იყარონ კენჭი, თუმცა არჩევის შემთხვევაში მათ თავიანთი პოსტების დატოვება მოუწევთ. განახლებული კანონპროექტი ასევე აძლევს უფლებას პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად იყვნენ არჩეული თავიანთი პოსტების დატოვების გარეშე იმ პირობით, რომ ასეთი მოსამართლეების რაოდენობა საბჭოში სამს არ უნდა აღემატებოდეს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 ოქტ.'17 14:18
საპარლამენტო კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დაასრულეს
მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს.
18 ოქტ.'17 13:09
სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს ამზადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის 4 000 ეთნიკური ქართველისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას გეგმავს.      
17 ოქტ.'17 19:05
ქალები ხელისუფლებაში: საქართველო ევროპის საბჭოს ანგარიშში
ანგარიში ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს მიმოიხილავს.
17 ოქტ.'17 18:27
თბილისში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები დაკრძალეს
აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული 25 პირის ნეშტი ცოტა ხნის წინ მათ ოჯახებს გადასცეს.
17 ოქტ.'17 13:13
ლავროვი: მოსკოვი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს
ლავროვი ახალგაზრდობის და სტუდენტთა მე-19 მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
17 ოქტ.'17 12:08
თხილის მოსავლის განადგურების გამო კომპენსაციის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს.
16 ოქტ.'17 17:37
საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა იტალიის სენატის თავმჯდომარესთან პიეტრო გრასოსთან.
16 ოქტ.'17 16:11
არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №6
მეექვსე გამოცემაში 9-15 ოქტომბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.
14 ოქტ.'17 12:01
აშშ-ის საელჩოს განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 13 ოქტომბერს დაძლია.
13 ოქტ.'17 19:12
მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის პირვანდელი ვერსია 117 ხმით დაამტკიცა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
77