Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:28 - 23 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა იუსტიციის საბჭოს რეფორმის პროექტზე მოლაპარაკებებს მართავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 მარ.'13 / 16:56

ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოლაპარაკებებს მართავენ, რათა შეთანხმებას მიაღწიონ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე, კერძოდ კი ფორმულაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს განსაზღვრავს.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ორი კომპონენტისგან შედგება: სასამართლო კომპონენტი – რვა მოსამართლე, რომელთაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს; და ეგრეთ წოდებული „საპარლამენტო კომპონენტი“ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი არამოსამართლე წევრი, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები, იურიდიული პროფილის მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარადგენენ. ერთი ადგილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უკავია – ეს კონსტიტუციით არის გამყარებული და ამიტომაც, შემოთავაზებული კანონპროექტი ამ წესის ცვლილებას არ ითვალისწინებს. 

მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებს მხარეები არ ახმოვანებენ, თუმცა როგორც ჩანს, მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი თემა სწორედ ის ფორმულაა, თუ როგორ უნდა შეირჩეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის საპარლამენტო კომპონენტი.

ერთ–ერთი მიზეზი რატომაც ნაციონალურმა მოძრაობამ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებისას მის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა ის იყო, რომ საბჭოს დაკომპლექტების საპარლამენტო კომპონენტში კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომელმაც ისეთი მექანიზმის შემოღებისკენ მოუწოდა, სადაც ოპოზიციაც შეძლებდა გავლენის მოხდენას იმ ექვსი კანდიდატის დამტკიცებაზე, რომლებიც პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

კერძოდ, კომისიამ შესთავაზა, რომ პარლამენტს საბჭოს წევრები ან ხმათა ორი–მესამედით, ან რაიმე პროპორციული მეთოდით აერჩია.

მეორე მოსმენით კანონის მიღებისას ქართული ოცნების დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ზუსტი წესები იმისა, თუ როგორ მოხდება ამ ექვსი წევრის შერჩევა და პარლამენტის მიერ დამტკიცება, ცალკე რეგულაციებით უნდა განისაზღვროს, და არა კანონით საერთო სასამართლოების შესახებ; კერძოდ, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს პარლამენტის რეგლამენტში. ქართული ოცნების დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი შეეცდებიან ამ რეგლამენტში ცვლილებების პროექტი იმ დროისთვის წარმოადგინონ, როდესაც პარლამენტი მომავალ კვირას მესამე და საბოლოო მოსმენით საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვას დაიწყებს.

ინიციატივა ორი–მესამედით დამტკიცების თაობაზე ნაკლებად მისაღებ ვარიანტად მიიჩნევა, რადგანაც ქართული ოცნება და იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც კანონპროექტი მოამზადა, მისი კატეგორიული წინააღმდეგი არიან იმ მოტივით, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოსტი, რომელსაც პარლამენტის მიერ დასამტკიცებლად ასეთი მაღალი კვორუმი სჭირდება; როგორც ჩანს, მოლაპარაკებების დროს მხარეები პროპორციული მეთოდის შემოღებაზე გაამახვილებენ ყურადღებას, რის შედეგადაც საპარლამენტო უმცირესობას კანდიდატების შერჩევისა და დამტკიცების პროცესზე გავლენის მოხდენა შეეძლება.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა 27 მარტს, რომ მხარეები ჯერჯერობით შორს არიან შეთანხმებისგან და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობა დაჟინებით ითხოვს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებში სრულად აისახოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 27 მარტს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების საპარლამენტო კომპონენტზე მოლაპარაკებები გრძელდება და დასძინა: „ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნების, რეკომენდაციების სრულად გათვალიწინებით ვაპირებთ ამ საკითხის გადაწყვეტას“.

რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების სასამართლო კომპონენტს, განახლებული პროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, რამდენიმე ახალ დებულებას შეიცავს, რომელსაც კანონპროექტი მეტ შესაბამისობაში მოყავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, ვიდრე ის ადრე იყო. კერძოდ, კანონპროექტი შეიცავს დებულებებს, რომლის თანახმადაც რვიდან შვიდი მოსამართლე, რომლებიც ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედიან, დაკარგავენ თავიანთ ადგილებს, თუმცა, განახლებული პროექტი საშუალებას აძლევს ამ მოსამართლეებს კვლავ იყარონ კენჭი და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ საბჭოს წევრებად იქნენ არჩეულნი მას შემდეგ, რაც ახალი წესები ძალაში შევა. განახლებული პროექტი ასევე საშუალებას აძლევს სასამართლოების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს იუსტიციის საბჭოს წევრობაზე იყარონ კენჭი, თუმცა არჩევის შემთხვევაში მათ თავიანთი პოსტების დატოვება მოუწევთ. განახლებული კანონპროექტი ასევე აძლევს უფლებას პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად იყვნენ არჩეული თავიანთი პოსტების დატოვების გარეშე იმ პირობით, რომ ასეთი მოსამართლეების რაოდენობა საბჭოში სამს არ უნდა აღემატებოდეს.

უსუფაშვილმა 27 მარტს ხაზი გაუსვა, რომ ეს დებულებები სასამართლო ხელისუფლებასთანაა შეთანხმებული და აღნიშნა, რომ ეს ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა. მან განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ტელეფონით ესაუბრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს შეთანხმება ძალაში დარჩება.  

„შეთანხმება ასახულია კანონპროექტის არსებულ ვერსიაში და ჩვენ ამ შეთანხმებას ბოლომდე მივიყვანთ. ეს ცხადია ეხმიანება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უახლესი ამბები
23 აპრ.'18 18:28
სასამართლომ ბაჩო ახალაია გადამდგარი პოლკოვნიკის საქმეში დამნაშავედ სცნო
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქალაქო სასამართლო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
23 აპრ.'18 17:59
ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 აპრილს გაემგზავრა, სადაც თვის ბოლომდე დარჩება.
23 აპრ.'18 15:42
წითელი ჯვარი: აფხაზეთის კონფლიქტისას გაუჩინარებული 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია
იდენტიფიკაცია იმ სააკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა.
23 აპრ.'18 15:34
რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებს
მარია ზახაროვას თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს ახალი პოლიტიკური რეალობა და აღიაროს მათი დამოუკიდებლობა.
20 აპრ.'18 19:09
ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ანგარიში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.
20 აპრ.'18 16:04
პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები მიიღო
ცვლილებების შედეგად, მრეწველთა პარტია 600 000 ლარის ოდენობის ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.
20 აპრ.'18 12:57
ევროკავშირი ‘ღრმა შეშფოთებას’ გამოხატავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გამო
ევროკავშირის დელეგაციამ ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ გენერალური მდივნის ანგარიშის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა.
19 აპრ.'18 18:12
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შიდაპარტიულ დავაზე გადაიდო
მმართველი პარტიის დეპუტატების შეხვედრას, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება. 
19 აპრ.'18 15:58
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის პირველ კვარტალში
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.    
19 აპრ.'18 13:02
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
93