Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს რეფორმის განახლებული პროექტი დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მარ.'13 / 14:36

პარლამენტმა 88 ხმით 2–ის წინააღმდეგ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ გადაიხედა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მთავარი კომპონენტი 15–წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაა – ეს არის ორგანო, რომელიც  სასამართლო სისტემას კურირებს და მოსამართლეების დანიშნვის და გათავისუფლების, ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის უფლებამოსილება გააჩნია.

კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით გავიდა, რამდენიმე იმ დებულებას შეიცავს, რომელიც მთავრობასა და სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობას შორის იქნა შეთანხმებული და რასაც თავიდან ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი ეწინააღმდეგებოდა.

უმრავლესობის შიგნით იმ ორ პუნქტზე არსებული უთანხმოების გამო, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სასამართლო კომპონენტის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს ეხება, პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ჩარევაც კი გახდა საჭირო ბოლო მომენტში, სანამ პარლამენტი კანონპროექტს კენჭს უყრიდა. 

ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა კანონპროექტის მხარდაჭერაზე იმ მოტივით, რომ ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით დეკემბერში მიიღო, თუმცა მისი შემდგომი დამტკიცება შეჩერდა მას შემდეგ, რაც მთავრობა და ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეთანხმდნენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დალოდებოდნენ.

კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრი მოსამართლე იქნება, რომელთაც მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევს, როგორც ამას არსებული წესი ითვალისწინებს, მაგრამ შემოთავაზება მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებში, მათ შორის ამ მხრივ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფართო უფლებამოსილებების შეკვეცის კუთხით.

კანონპროექტის თანახმად, ექვს წევრს პარლამენტი აირჩევს იმ კანდიდატებიდან, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები, იურიდიული პროფილის მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარადგენენ. მოქმედი წესის თანახმად, ორ წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო ოთხ ადგილს დეპუტატები იკავებენ.

ერთი ადგილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უკავია – ეს კონსტიტუციით არის გამყარებული და ამიტომაც, შემოთავაზებული კანონპროექტი ამ წესის ცვლილებას არ ითვალისწინებს.  

ვენეციის კომისიამ, რომელმაც განაცხადა, რომ დაგეგმილი რეფორმა საერთო ჯამში პროგრესს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის კუთხით, ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს საბჭოს სრული განახლება.

თავდაპირველი პროექტი იუსტიციის უმაღლესო საბჭოს ყველა მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტას ითვალისწინებდა,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარდა, რომელიც თანამდებობრივად ხელმძღვანელობს ამ საბჭოს. თავდაპირველი პროექტი ასევე ითვალისწინებდა სასამართლოების თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების, ასევე პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩევის აკრძალვას. გარდა ამისა, თავდაპირველი კანონპროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას იმ მოსამართლეებსაც უკრძალავდა, რომელთაც ეს პოსტები ბოლო ერთი წლის მანძილზე ეკავათ.

ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი შესაძლოა „არადამაკმაყოფილებელია“, მისმა მოქმედმა წევრებმა უნდა დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილების ვადები. თუმცა, კომისიამ ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელია „დროებითი ზომების“ მიღება, რათა „არსებული საბჭო მისი დაკომპლექტების მომავალ მეთოდს დაუახლოვდეს“. ვენეციის კომისიის თქმით, ეს შესაძლოა გაკეთდეს იმ პირობით, რომ „სასამართლოების მოქმედი თავმჯდომარეები გადადგნენ დაკავებული პოსტებიდან, რათა იუსტიციის საბჭოს წევრებად დარჩნენ“.  ვენეციის კომიასიამ ასევე განაცხადა, რომ არასწორია სასამართლო სისტემის რომელიმე წარმომადგენლისთვის საბჭოში არჩევის შესაძლებლობის ჩამორთმევა. თუმცა, მისი თქმით, შესაძლებელია დაწესდეს მაქსიმალური ზღვარი სასამართლოების და პალატების იმ თავმჯდომარეებისთვის, რომელთაც შეეძლებათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ ან კანონმა, როგორც ალტერნატიული ვარიანტი, შესაძლოა შემოიღოს წესი, რომ  სასამართლოს თავმჯდომარის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის შემთხვევაში, მან დატოვოს სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა.

განახლებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით 22 მარტს მიიღო, უფლებას აძლევს სასამართლოების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად იყვნენ არჩეული, თუმცა არჩევის შემთხვევაში, მათ თავიანთი თანამდებობები უნდა დატოვონ.

განახლებული კანონპროექტი ასევე აძლევს უფლებას პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად იყვნენ არჩეული თავიანთი პოსტების დატოვების გარეშე იმ პირობით, რომ ასეთი მოსამართლეების რაოდენობა საბჭოში სამს არ უნდა აღემატებოდეს.

კანონპროექტი უფლებამოსილების ვადამდელ შეჩერებას ითვალისწინებს საბჭოს იმ ექვსი მოქმედი წევრისთვის, რომლებიც პრეზიდენტმა დანიშნა და პარლამენტმა აირჩია. ის ასევე ითვალისწინებს უფლებამოსილების შეჩერებას საბჭოს იმ მოსამართლე წევრებისთვის, რომელთა ამჟამინდელი წევრობის კრიტერიუმები არ შეესაბამება ახალ წესებს; თუმცა, ამ მოსამართლეებს შეეძლებათ კვლავ იყარონ კენჭი საბჭოში მოსახვედრად და დაიბრუნონ წევრის სტატუსი, თუ მათ მოსამართლეთა კონფერენცია ახალი წესების შესაბამისად აირჩევს.

ეს დებულება ნიშნავს იმას, რომ რვიდან შვიდი მოსამართლე, რომლებიც ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედიან, დაკარგავენ თავიანთ ადგილებს, ვინაიდან ისინი ან სასამართლოების თავმჯდომარეები, ან მოადგილეები არიან, ანდა საბჭოში არჩეული იყვნენ არა მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ მისი ცხრაწევრიანი ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ. თუმცა, განახლებული პროექტი საშუალებას აძლევს ამ მოსამართლეებს კვლავ იყარონ კენჭი და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ საბჭოს წევრებად იქნენ არჩეულნი მას შემდეგ, რაც ახალი წესები ძალაში შევა.

დებულება, რომელიც მოქმედ წევრებს ხელახლა არჩევის საშუალებას აძლევს, ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის წინააღმდეგობას იწვევდა.

იმ მოტივით, რომ ნაციონალური მოძრაობა უარს აცხადებდა კანონპროექტის მხარდაჭერაზე, ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი, მათ შორის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე,  გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონპროექტიდან ამოეღოთ ის მუხლი, რომელიც საბჭოს მოქმედ წევრებს შესაძლებლობას აძლევს ადგილები დაიბრუნონ, თუ მათ მოსამართლეთა კონფერენცია დაუჭერს მხარს და ასევე მეორე მუხლი, რომელიც პალატების არაუმეტეს სამი თავმჯდომარის არჩევას ითვალისწინებს საბჭოში. საგანელიძემ განაცხადა, რომ ეს მუხლები კანონპროექტში ნაციონალური მოძრაობის წინადადებით აისახა და ქართული ოცნების მხრიდან კომპრომისს წარმოადგენდა და თუ ოპოზიცია მაინც უარს ამბობდა პროექტის მხარდაჭერაზე, საჭირო აღარ იყო მათი კანონპროექტში დატოვება.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა უპასუხა, რომ კანონპროექტში ეს დებულებები  მთავრობასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად ჩაიდო; მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა იმის გამო არ უჭერდა მხარს კანონპროექტს, რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა გაეზიარებინა ოპოზიციის რამდენიმე წინადადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

დეპუტატმა თინა ხიდაშელმა დაადასტურა, რომ ეს მუხლები მართლაც იყო მთავრობასა და სასამართლო სისტემას შორის შეთანხმების შედეგი; მან კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობიდან მოუწოდა, რომ პატივისცემით მოკიდებოდნენ ამ შეთანხმებას და კანონპროექტისთვის ამ მუხლებით დაეჭირათ მხარი.

ქართული ოცნების იმ დეპუტატებმა, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომლებიც შემოთავაზების მიღებისგან თავს იკავებდნენ, დააყენეს წინადადება, რომ კანონპროექტი ამ ორი მუხლის გარეშე მიეღოთ და მესამე მოსმენის წინ ცალკე ეყარათ მათთვის კენჭი.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა; სხდომის განახლების შემდეგ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ უთხრა კოლეგებს, რომ მან კონსულტაციები გამართა მთავრობასთან და პირადად პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. მან სთხოვა კოლეგებს კანონპროექტითვის წარმოდგენილი სახით დაეჭირათ მხარი;  ამის შემდეგ, ინიციატივა მეორე მოსმენით იქნა მიღებული.

კენჭისყრამდე გამართული დებატების დროს საპარლამენტო უმცირესობამ ქართული ოცნება კანონპროექტის მთელ რიგ პუნქტებზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებლივ ყველა წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდელ შეჩერებას. ქართული ოცნების მტკიცებით, მათ რეკომენდაციების უმეტესობა გაითვალისწინეს და განახლებულ კანონპროექტში იმ მექანიზმების შემოღებით ასახეს, რაც არსებული საბჭოს დაკომპლექტების მომავალ წესთან დაახლოებას ითვალისწინებს, როგორც ამის თაობაზე ვენეციის კომისია ურჩევდა.

ვენეციის კომისია ასევე გამოვიდა რეკომენდაციით, რომ ოპოზიციასაც შეძლებოდა გავლენის მოხდენა იმ ექვსი კანდიდატის დამტკიცებაზე, რომლებიც პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ამ მიზნით, კომისიამ შესთავაზა, რომ პარლამენტს საბჭოს წევრები ან ხმათა ორი–მესამედით, ან რაიმე პროპორციული მეთოდით აერჩია.

ქართული ოცნების დეპუტატებმა და იუსტიციის სამინისტრომ განაცხადეს, რომ იუსტიციის საბჭოს ექვსი წევრის  ორი–მესამედით არჩევა მიუღებელია. მათი თქმით, ასეთი მაღალი კვორუმი არც ერთი იმ პოსტისთვის არ არის დადგენილი, რომელზეც კანდიდატებს პარლამენტი ამტკიცებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასაც კი არ სჭირდება ხმების ორი–მესამედი და დასძინა, რომ ასეთი მაღალი კვორუმის დაწესება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის არ იქნება ლოგიკური.  

22 მარტს გამართული დებატების დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები სთავაზობდნენ ქართულ ოცნებას, რომ პარლამენტის ნაცვლად, მოსამართლეთა კონფერენციისთვის მიეცათ უფლება, რომ აერჩია საბჭოს ექვსი არამოსამართლე წევრიც იმ კანდიდატებიდან, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები, იურიდიული პროფილის მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარადგენენ. ქართული ოცნების დეპუტატებმა უარი თქვეს ამ წინადადებაზე იმ მოტივით, რომ ეს სასამართლო სისტემას დომინანტურს გახდიდა საბჭოს დაკომპლექტების პროცესში, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს არ შეესაბამება.

22 მარტს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა კანონპროექტის წინააღმდეგ ისაუბრა. დეკემბერში, როცა პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, სააკაშვილმა მასზე ვეტოს დადებით დაიმუქრა.

კითხვაზე კვლავაც ფიქრობს თუ არა ვეტოს უფლების გამოყენებაზე, პრეზიდენტმა „იმედს“ განუცხადა, რომ ეს დამოკიდებული იქნება, თუ როგორ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი; კანონპროექტის საბოლოო მიღებამდე, მისი მესამე და საბოლოო მოსმენით კენჭისყრა უნდა შედგეს. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა: „თუ დაუჭერენ მხარს ამ ფორმით, რა თქმა უნდა, მე გამოვიყენებ ყველა არსებულ საშუალებას“. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
70