Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 23 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის შემდეგ განცხადება გააკეთა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მარ.'13 / 00:06

პარლამენტში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებიდან ცოტა ხანში, პრეზიდენტი სააკაშვილი 21 მარტს სატელევიზიო მიმართვით გამოვიდა, სადაც მიესალმა კენჭისყრის ჩატარების ფორმას და განაცხადა, რომ დღევანდელმა დღემ ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე და ერთიანობა აჩვენა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ქართული ოცნების მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლითაც პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება მთავრობის გადადგომის ან გადაყენების შემდეგ პარლამენტის ნების წინააღმდეგ შექმნას და განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს თავისთვის სასურველი მთავრობა. უმცირესობა მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა ამ საკითხისთვის ხმის მიცემას, რაც მათი მოთხოვნით ჯერ სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა. მათი თქმით, მიზანი იყო ქართული ოცნებისათვის და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე საკონსტიუციო ცვლილება ვერ გავიდოდა. ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დეპუტატები მიესალმნენ დღევანდელ შედეგს, როგორც სამომავლო კონსტრუქციული თანამშრომლობის კარგ შესაძლებლობას.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი 11-წუთიანი მიმართვის უდიდესი ნაწილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის და მისი კოალიციის კრიტიკას დაუთმო და განაცხადა, რომ ხუთშაბათის საპარლამენტო კენჭისყრა და ნაციონალური მოძრაობის ერთიანობის დემონსტრირება ივანიშვილისთვის იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ „შანტაჟისა და ზეწოლის“ მიუხედავად, „90-იანი წლების ყაჩაღური რუსული მეთოდები“ საქართველოში არ მუშაობს.

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის სრული ტექტი: 

"მე ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე ქართული დემოკრატიისთვის, ქართული პოლიტიკური სივრცისთვის, ახალი საქართველოს დემოკრატიული რეალობის ჩამოყალიბებისთვის.

დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არასოდეს დავნებდებით შანტაჟს და ზეწოლას. ასევე დავამტკიცეთ, რომ ყოველთვის ვიქნებით მზად შეთანხმებისთვის ჩვენი ხალხის, ჩვენი ერისა და ევროპული მომავლის საკეთილდღეოდ.

მმართველი ძალა, თავისი პროკურორებით, თავისი ახალი გამგებლებით, თავისი ახალი ფორმირებებით, მათ შორის ქუჩის ხულიგნებით და სხვა ძალებით, თვეებისა და კვირების განმავლობაში ცდილობდა ჩვენი პარლამენტარების დაშანტაჟებას და ზეწოლის ყველაზე უხეშ მეთოდებს იყენებდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად. აშანტაჟებდნენ მათი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით; ემუქრებოდნენ არა მხოლოდ მათ, არამედ მათ შვილებს და მათი შვილების მომავალს, თქვენ ეს ყველას კარგად გახსოვთ; მოულოდნელად აპატიმრებდნენ მათ ნათესავებს ან უქმნიდნენ პრობლემებს მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს.

შეთავაზება ყოველთვის ერთი და იგივე იყო: მიეცით ცვლილებებს ხმა უმრავლესობასთან ერთად და თქვენი პრობლემები მოგვარდება.

დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა პირველად იხილა საკუთარი თვალით, რომ მისი მცდარი წარმოდგენა, რომ ყველაფერი ფულზე იყიდება ან თუ ფულზე არ იყიდება 90-იანი წლების ყაჩაღური რუსული მეთოდები ყოველთვის მოქმედებს, საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ საზოგადოების ყველაზე ჯანმრთელ, ჯანსაღ დემოკრატიულ ნაწილზე და ეს არის აბსოლუტურად უმრავლესობა, მათ შორის ამ პოლიტიკური სპექტრის ამ წარმომადგენლებში, არ მოქმედებს.

მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ნიშანი ქართული საზოგადოებისთვისაც  და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის. საქართველო არ არის რუსეთი და საქართველოში სხვა მეთოდები არის საჭირო და საჭიროა დემოკრატიული დიალოგი.

მე ვამაყობ, რომ ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი და იმ  გუნდი ნაწილი ვარ, რომელმაც ამის დამტკიცება შეძლო.

მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმცირესობის ყველა წარმომადგენელს, ოპოზიციის თითოეულ წევრს.  აქ შედიან არა მხოლოდ პარლამენტის წევრები, არამედ თბილისის საკრებულოს წევრები, ქუთაისის საკრებულოს წევრები, უამრავი სხვა ოპოზიციური ორგანიზაციის წევრები. მსურს ვუთხრა მათ, თუ რამდენად მეამაყება თითოეული მათგანი.

ამ პირობებში მათი წინააღმდეგობა ძალზე მნიშვნელოვანი იყო და მინდა აღვნიშნო, თუ რამდენად დასაფასებელი და აუცილებელია ეს ჩვენი დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. 

მათ ხმა მისცეს დღევანდელ ინიციატივას იმის ჩვენებით, რომ ვერ შეძლეს ბრუტალური  მეთოდებით საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება და სწორედ ეს იყო მთავარი.

ამ არალეგალური გზებით ვერ შეძლეს ხელების გადაგრეხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩვენეთ სიმტკიცე, ისევე როგორც კანონისა და ჩვენი ამომრჩევლის პატივისცემა, მაგრამ ამავე დროს ამ ცვლილებების ინიცირებით, რომელიც უმრავლესობას ასე უნდოდა და რომელზეც ჩვენ არანაირ პრობლემას არ ვქმნიდით, მაგრამ ამავე დროს უმრავლესობა მზად იყო, რომ ყველაფერი შეეწირა ამისათვის, მათ შორის ჩვენი დემოკრატია და ევროპული მომავალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ვალდებულება თანაცხოვრების, თანამშრომლობის და მშვიდობის მიმართ. 

ჩვენ არ ვფიქრობდით და არც ახლა ვფიქრობთ, რომ ეს გაამართლებს შემდგომ შეტევებს დემოკრატიაზე, თუნდაც დღეს შემოიტანეს სრულიად წარმოუდგენელი არადემოკრატიული საერთო სასამართლოების კანონი და ბევრი სხვა გეგმა აქვთ; არ გაამართლებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ამ შეტევის შედეგად ევროპულ მეგობრებთან შეგვექმნა. 

ჩვენ ასევე არ გვინდოდა მიგვეცა ამის საბაბი, რომ ეს შეტევები და არეულობა გაგრძელებულიყო.

ჩვენ გვსურს ქართული დემოკრატიის წარმატება, ჩვენ გვსურს საქართველოს ევროპული წარმატება იმიტომ, რომ ეს ჩვენი წარმატებაა, ჩვენ ვაშენებდით ამდენი წელი ამას, ჩვენ გვსურს წარმატება ვილნიუსის სამიტზე, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლევანდელი წლის ნოემბერში  ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით. 

ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ არსებობს თანამშრომლობა მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის და თუ ჩვენ ერთმანეთს პროკურორების, ძალადობის მოწოდებით ან ძალადობის  გამოყენებით ვესაუბრებით.

მინდა მოვუწოდო უმრავლესობას და პრემიერ–მინისტრს: ახლა დროა აჩვენოთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ჩვენი ინსტიტუტები და ევროპული მომავალი. შეაჩერეთ ეს სიგიჟე. 

ევროპის მთავარ პოლიტიკურ  პარტიებსა და გავლენიან პოლიტიკოსებზე შეტევა არ არის გზა, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ ოჯახში  შეგვიყვანს. იმ ოჯახში, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქეს უნდა შესვლა. ამის ნაცვლად პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ საკითხს, რომელსაც ისინი აყენებენ და შეჩერდეს ის ქმედებები, რომლებიც მათ შეაშინებს და საქართველოსთვის ხელს აკვრევინებს.
 
ეს უნდა მოხდეს საპარლამენტო უმცირესობის, სამართლისა და კონსტიტუციის პატივისცემით, ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებით და არ შეიძლება მთავარი დასკვნების უგულვებელყოფა - სასამართლო საკითხზე, მაგალითად.  

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ პრინციპების ბრძოლაში, ახლა დროა გავხსნათ ახალი სივრცე ჩვენს ურთიერთობაში. 

ჩვენ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით მთელ რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე, მაგრამ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ პატივი ვცეთ კანონს, უფლებებს, ინსტიტუტებსა და სახელმწიფოს. 

ამ ყველა დატვირთული კვირების შემდეგ მოდით დავუბრუნდეთ თანამედროვე პოლიტიკის ძირითად წესებს და კანონებს.
 
თქვენ შეგიძლიათ დაგვარწმუნოთ, რომ ზოგიერთი რამ, რასაც თქვენ აკეთებთ, სწორია, ხოლო ჩვენ დაგარწმუნოთ, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ მცდარია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ღია და კანონიერი გზით და არა პირად ცხოვრებაში ხელის ფათურით, შერჩევითი სამართლის საშუალებით ან სხვა დაუშვებელი მეთოდებით.
 
პირველი, როგორც დღეს ვნახე, ეს არ იმუშავებს, ხომ ვნახეთ, რომ ამან არ იმუშავა, ბოლომდე სჯეროდათ, რომ იმუშავებდა, არ იმუშავებს;  მეორე, ეს დაგვიხურავს ევროპის კარს; მესამე ეს საფლავს გაუთხრის ჩვენს დემოკრატიას, რაც ყველა ადამიანის ინტერესებშია.

ასე რომ, მოდით, ვიმოქმედოთ უფრო მეტი პასუხისმგებლობით და ვიყოთ ჩვენი ხალხის და ერის ღირსი. 

ჩვენი პოლიტიკური ელიტის უშუალობამ ბევრჯერ უღალატა ჩვენი ხალხის დიდებას, ჩვენი პოლიტიკური ელიტის იმ რაღაცა მოღალატეობრივმა ინსტიქტებმა, საუკუნეების განმავლობაში, არამხოლოდ ბოლო ხანებში. 

თქვენ ნახეთ, რომ მეხუთე კოლონაა გამოსული ახლა ძალიან აქტიურად საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე. მოდით ნუღარ ჩავუგდებთ ჩვენ ერს მათ ხელში, ნუღარ ჩავაგდებთ ჩვენ ხალხს მსგავს გასაჭირში.
დავივიწყოთ პიროვნული სიბრაზე, დავა და ვიმუშაოთ ხალხისთვის. 

მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი კენჭისყრა იყო ჩაფიქრებული არა იმდენად იმ საკითხზე, რომელიც არაფერს არ წარმოადგენდა იმიტომ, რომ მინდა ყველას ვუთხრა, რომ როგორც პრეზიდენტი არასდროს  ვაპირებდი პარლამენტის ან მთავრობის ამ ეტაპზე დათხოვნას.. მომავალში იქნება სხვა რეალობა, იქნება სხვა პრეზიდენტი და ეს ჩემს ვადაში იყო საერთოდ გამორიცხული. 

საუბარი იყო სხვა რაღაცაზე, მთელი ეს კენჭისყრა იყო ჩაფიქრებული ისე, მთელი ეს პროცესი, რომ უნდა დაენგრიათ საკონსტიტუციო ბარიერი სრულიად უკანონოდ  იმიტომ რომ ამომრჩევლის მანდატი 1 ოქტომბერს ამაზე არ მიუღიათ და რაზეც მიიღეს, მთლიანად იმაზე მეტი მივეცი, ვიდრე კონსტიტუციით იყო გათვალისწინებული. 

მათ უნდოდათ გაეფორმებინათ საქართველოში ოპოზიციური ძალის განადგურება და მოსპობა.

დღეს დაიბადა ახალი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე და ყველას დაუმტკიცა, რომ უფრო ცოცხალია, ვიდრე ოდესმე.

იმიტომ რომ ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ძლიერი მთავრობა და სჭირდება ძლიერი ოპოზიცია.

დღეს იყო, მე ვუყურებდი ტელევიზორს, უბადრუკი მცდელობები, წინა თვეებში იყო ეს კულუარებში, ტრიბუნიდან ბოლო წამში ჩემსა და ნაციონალ მოძრაობის ზოგიერთ წევრებს შორის იქნებ რამე შუღლი დაეთესათ. და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მე ვარ მათი ერთ-ერთი წევრი.

და ყველანაირი მცდელობა იმისა, რომ ჩვენ შიგნით გაგვთიშონ, როგორც ნახეთ, დამთავრდა სრული კრახით. 

უფრო მეტიც, ყველანაირი მცდელობა, რომ მე გამიყვანონ პოლიტიკური ბრძოლიდან საქართველოში ახლა, მომავალ წლებში არ გამოგივათ იმიტომ, რომ მე ვიქნები ერთ-ერთი მებრძოლი იმ ბრძოლაში, რომელსაც ქვია დემოკრატიის და განვითარების საბოლოოდ დამკვიდრება და გაგრძელება საქართველოში.

მე კარგად მესმის იმ ხალხის ფრუსტრაცია, ვინც ბოლო წლებში აშენებდა რუდუნებით ახალ ქართულ სახელმწიფოს.

ჩვენ შევქმენით სასწაული. ვინც რა არ უნდა ილაპარაკოთ, პირველად ასწლეულების განმავლობაში კავკასიაში შეიქმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა.  ეს არის ჩვენი დამპყრობლის გაღიზიანების მთავარი წყარო.

ჩვენ არა მხოლოდ შევქმენით ახალი ქართული სახელმწიფო, რომელიც მართლა აღტაცების და შურის საგანია ძალიან ბევრ მეზობელში, არამედ სრულიად უთანასწორო ბრძოლაში 2008 წელს გადავარჩინეთ ის, როდესაც 100-დან 99 მსგავს სიტუაციაში სახელმწიფო  დაეცემოდა და გაქრებოდა.

ჩვენ გადავარჩინეთ - ქართველმა ხალხმა და საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ. და მე ამით ძალიან ვამაყობ და მთელი მსოფლიო ამას მაშინ აღტაცებით შესცქეროდა და გვეხმარებოდა ამაში.

ჩვენ გავატარეთ წარმოუდგენელი რეფორმები და მე მესმის იმ ხალხის, ვინც მთელი ეს წლები აშენებდა, აკეთებდა, ეჩქარებოდა, რომ კიდევ ახალი ქალაქი, კიდევ ახალი კვარტალი, კიდევ რაღაც ახალი, რა თქმა უნდა, ყველას ვერ დავეხმარეთ,  მაგრამ მესმის, როცა ფრუსტრირებულია, როცა არა მხოლოდ გაჩერდა ბევრი რაღაცა, არამედ უკვე დანგრევაზე მიდის ლაპარაკი.

მაგრამ მე მინდა ვუთხრა ამ ხალხსაც: გულს ნუ გაიტეხთ, ჩვენი ბრძოლა გრძელდება და დღეს ვაჩვენეთ, რომ ძალიან ბრძოლისუნარიანები ვართ.

დღეს ვაჩვენეთ, რომ ყაჩაღური, რუსული მეთოდებით ოპოზიციასთან საქართველოში ვერავინ ვერ ილაპარაკებს.

ჩვენ ჩვენს ბრძოლას გავაგრძელებთ, მე თქვენთან ერთად ამ ბრძოლას გავაგრძელებ  პრეზიდენტის რანგში თუ პრეზიდენტის რანგის გარეშე მანამ, სანამ დგას საკითხი საქართველოს ხელახლა გადარჩენის.

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო 2003 წელს, როდესაც პრაქტიკულად უიმედი, ჩამოშლილი ქვეყანა ფეხზე დავაყენეთ; ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო 2008 წელს ისეთი შემოტევისგან, რომელსაც ვერ გაუძლო თავის დროზე ავღანეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, უნგრეთმა, პოლონეთმა, ბალტიის ქვეყნებმა; და ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს ამ გამოწვევებშიც, რომელიც, რა თქმა უნდა, სახეზეა.

მაგრამ მე მინდა, რომ ეს არ იყოს ვიღაცის ჯინაზე. ბევრი რაღაცა დღეს საქართველოში კეთდება ჩემი ან ვიღაცეების ჯინაზე. მე მინდა, რომ ეს თანამშრომლობით გავაკეთოთ.

ჩვენ თანამშრომლობისთვის ვართ გახსნილი. ჩვენ უნდა ყველანი ვემსახუროთ ჩვენ ხალხს, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე.

მე ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ვარ ბოლომდე და ჩვენ, როგორც დღეს გავიტანეთ ჩვენი პოზიცია, ასევე გავიტანთ ჩვენს პოზიციებს ბოლომდე. დიდი მადლობა".

 

უახლესი ამბები
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.
23 მაი.'17 18:11
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.
23 მაი.'17 16:53
აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის FSB-ს თანამშრომლებმა გერმანიის მოქალაქე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო დააკავეს.
23 მაი.'17 15:15
საქართველოს ლიდერები მანჩესტერის თავდასხმას გმობენ
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ტერორისტული აქტის შემდეგ განცხადებები გამოაქვეყნეს.
23 მაი.'17 13:31
რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები გაერთიანების საკითხს განიხილავენ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისუფალმა დემოკრატებმა ხმების 4.63%,  ხოლო რესპუბლიკელებმა 1.55% მიიღეს.
22 მაი.'17 18:53
პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
ნონა წოწორიამ განაცხადა, რომ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოში მის საქმიანობას უკავშირდებოდა.
22 მაი.'17 17:26
მოსკოვი აფხაზეთში ახალ სამართალდამცავ სტრუქტურას ქმნის
რუსეთმა და სეპარატისტულმა რეგიონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე.
22 მაი.'17 12:30
ჯეიმს მატისი: აშშ მზად არის საქართველოს თავდაცვის რეფორმაში დაეხმაროს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თავის ქართველ კოლეგას ლევან იზორიას წერილით მიმართა.
21 მაი.'17 16:34
კვირიკაშვილი იორდანიაში მეფე აბდულა II-ს და ფედერიკა მოგერინის შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.
20 მაი.'17 13:23
პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეუწონლად მიიჩნია
საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი სახელმწიფო აუდიტორის ფიზიკური შეურაცხყოფის საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნას ითხოვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38