Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალურმა მოძრაობის პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მარ.'13 / 12:17

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზად არის ხმა მისცეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტის უფლებამოსილების თაობაზე, მაგრამ იმ პირობით, თუ პარლამენტი თავდაპირველად სარეიტინგო კენჭისყრას გამართავს, რათა გამოჩნდეს აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“  საკმარისი ხმები კანონპროექტის მისაღებად, განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე „კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას".
 
სამშაბათს გვიან საპარლამენტო უმცირესობის დახურული შეხვედრის შემდეგ საუბრისას ბაქრაძემ განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამგვარი სარეიტინგო კენჭისყრა იმისთვის სჭირდება, რათა ბოლო მოუღოს კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტი მაინც მიიღებს,  ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილების მიუხედავად.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ დეპუტატები პრეზიდენტის უფლებამოსილების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვას 21 მარტს პარლამენტის სხდომაზე დაიწყებენ. დებატები საკონსტიტუციო ცვლილებებზე შესაძლოა 22 მარტსაც გაგრძელდეს, რის შემდეგაც ცვლილებათა პროექტს კენჭი ეყრება.

სულ ცოტა 100 ხმაა საჭირო იმისათვის, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცოს. ამჟამად, „ქართულ ოცნებას“ 83 დეპუტატი ჰყავს, ნაციონალურ მოძრაობას კი – 53;  თუმცა თავდაპირველად ნაციონალურ მოძრაობას 65 დეპუტატი ჰყავდა, მაგრამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 12–მა დატოვა პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია (ერთ–ერთი მათგანი საპარლამენტო უმრავლესობას შეუერთდა). 

„ქართული ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატი აცხადებს, რომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება, რადგანაც ნაციონალურ მოძრაობაში არიან დეპუტატები, რომელთაც აქვთ სურვილი ხმა მისცენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს მათი გუნდი. 

„თუ მათ, როგორც ტრაბახობენ, უკვე აქვთ 100 ხმა, მაშინ მართლა არ ვჭირდებით და მიიღებენ ამ ცვლილებას“, – განუცხადა ბაქრაძემ „რუსთავი 2“–ს საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრის შემდეგ. „მაგრამ მოდით დავაფიქსიროთ მკაფიოდ, მოდით ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა – ჩვენი ყველა გათვლით მათ 94 ხმაზე მეტი არ აქვთ, ასე რომ მათ სჭირდებათ ჩვენი ხმები“.

„რამდენიმე ხმაც დასჭირდებათ, იმდენ ხმას მივცემთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება გავიდეს – დაჭირდებათ ექვსი ხმა, დავუმატებთ ექვს ხმას; დაჭირდებათ ოცი ხმა, დავუმატებთ ოც ხმას. მაგრამ მოდით მოვრჩეთ საუბარს იმაზე, რომ თურმე ჩვენი აზრის იგნორირებითაც შეიძლება რაღაცის გაკეთება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„კეთილი ინებონ და აღიარონ, რომ მათ ჩვენი ხმები სჭირდებათ და ჩვენ მზად ვართ, რომ მათ მივცეთ ზუსტად იმდენი ხმა, რამდენიც სჭირდებათ“, – დასძინა მან.

როდესაც მას იმ გავრცელებული ხმების თაობაზე ჰკითხეს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში აზრთა სხვადასხვაობაა ამ საკითხზე და მისი ზოგიერთი წევრი საკონსტიტუციო ცვლილებას უჭერს მხარს, ხოლო სხვები კატეგორიული წინააღმდეგი არიან, ბაქრაძემ უპასუხა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.    

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ 19 მარტს გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობა მზად იყო კენჭისყრა გაემართა პარტიის დეპუტატებს შორის, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო. „მაგრამ კენჭისყრა საჭირო არ გახდა იმიტომ, რომ იყო სრული კონსენსუსი უმცირეობის ყველა წევრს შორის“, – განაცხადა ბაქრაძემ.  

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს სურვილი, რომ „ქართულ ოცნებას“ და მთავრობას საბაბი მისცეს იმისათვის, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შერყევაში დაადანაშაულოს.
   
„ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭეთ ამ ცვლილებას. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ისიც არ გვინდა და არ დავუშვებთ, რომ ვიღაცამ აგდებით ილაპარაკოს ჩვენზე, ვითომ მათ გატეხეს ნაციონალური მოძრაობა, ვითომ ჩვენი ხმები არაფერს არ ნიშნავს და ვითომ ეს ყველაფერი ჩვენ გარეშე ავტომატურად ხდება. ეს ავტომატურად ვერ მოხდება; ამიტომ, ჩვენო ძვირფასო კოლეგებო საპარლამენტო უმრავლესობიდან, მოდით, კეთილი ვინებოთ, ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა, დავაფიქსიროთ რამდენი ხმა გაკლიათ და ჩვენ მოგცემთ ამ ხმებს იმისთვის, რომ გამოჩნდეს, რომ ჩვენ ერთად ვიღებთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას, ჩვენ ერთად ვდგამთ ამ ნაბიჯს და არა ისე, როგორც თქვენ გინდათ გადავდგათ – თქვენ გინდათ გადადგათ ეს ნაბიჯი და ჩვენ გადმოგვათრიოთ ამოგრეხილი ხელებით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„თუ თქვენთვის ამოცანა არის მართლა საკონსტიტუციო ცვლილების მიღება და არა ოპოზიციის დამცირება და გატეხვა, თქვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებთ; მაგრამ თუ თქვენი ამოცანაა ოპოზიციის დამცირება და გატეხვა, უკაცრავად მაგრამ თქვენ ამას ვერ მიიღებთ“, – დასძინა მან.

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66