Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:35 - 24 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს უპასუხა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 მარ.'13 / 13:17

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პარლამენტში დაიბარეს, 18 მარტს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პასუხობდა ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს.

თავის შესავალ სიტყვაში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტრო „დახურული სისტემა იყო და პოლიტიკური დიქტატის ქვეშ იმყოფებოდა“ და პოლიტიკურ ოპონენტებზე  „რეპრესირების მექანიზმს“ წარმოადგენდა.  მან განაცხადა, რომ მისი „ურყევი ნებაა, რომ სამინისტრო გახდეს გამჭირვალე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული, რათა ის რეალურად ემსახურებოდეს ხალხს“.

ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლების მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ მივიდა პარლამენტში.

ღარიბაშვილის თქმით, კრიმინოგენული სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება და ვითარების გაუარესების ნიშნები არ ჩანს მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით პატიმარი იქნა ამნისტირებული.

როდესაც დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბარამიძემ, რომელიც 2004 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ღარიბაშვილს საზოგადოების მზარდი შეშფოთების თაობაზე ჰკითხა კრიმინოგენულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, გაუარესდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამგვარი შეშფოთება საზოგადოების მხრიდან ბუნებრივია მასობრივი ამნისტიის ფონზე, რომლის დროსაც 8 300 პატიმარზე მეტი გათავისუფლდა ციხეებიდან. თუმცა, ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ასეთ განწყობას საზოგადოებაში ხელს უწყობს ნაციონალური მოძრაობის „უსაფუძვლო“ ბრალდებები კრიმინოგენული ვითარების გაუარესების თაობაზე და მათი მცდელობები განზრახ წარმოაჩინონ სიტუაცია „მუქ ფერებში“. 

მისი თქმით, სტატისტიკის თანახმად, კრიმინოგენულ მდგომარეობაში რაიმე მნიშვნელოვანი ზრდა ბოლო თვეებში არ დაფიქსირებულა და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. შემდეგ მან გარკვეული მონაცემები მოიყვანა, რომლის თანახმადაც 2013 წლის თებერვალში 3 800 დანაშაული დაფიქსირდა მაშინ, როცა 2011 და 2012 წლების ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 800 და 3 300 იყო, შესაბამისად. 

„რეალურად, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება საქართველოში და მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, იქნება ეს უმცირესობა, უმრავლესობა თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, როდესაც არ გაქვთ რეალური ფაქტები, ძალიან გთხოვთ, რომ მოსახლეობას კიდევ უფრო ნუ დავძაბავთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ის მეთოდოლოგია, რომელსაც სამინისტრო წლების განმავლობაში იყენებდა დანაშაულის შესახებ სტატისტიკის დადგენისას, ხარვეზებით იყო სავსე და მალე შეიცვლება.

როდესაც მას ჰკითხეს, თუ როგორ მოხდა, რომ მისი მინისტრობის შემდეგ რამდენიმე მისმა ნათესავმა სახელმწიფო სტრუქტურებში დაიკავა სხვადასხვა პოსტები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ მის წინააღმდეგ ნეპოტიზმის თაობაზე გამოთქმული ბრალდებები „არასერიოზულია“. მისი თქმით, მან მისი სიმამრის ბიძაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი საგამოძიებო სამსახურის უფროსად იმიტომ კი არ დანიშნა, რომ ის მისი შორეული ნათესავია, არამედ იმიტომ, რომ „ის კარგი მენეჯერია“, რომელიც თავის სამუშაოს კარგად ასრულებს. კითხვაზე მიაჩნია, თუ არა მას, რომ ეს დანიშვნა ინტერესთა კონფლიქტია, ღარიბაშვილმა უპასუხა: „არავითარი დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს“.

შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის აკადემიის რექტორის მოადგილესთან, ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებით ჰკითხეს. კურტანიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი იყო ლაგოდეხის ერთმანდატიან ოლქში, სადაც მან არჩევნები წააგო. კურტანიძე, რომელიც იმავდროულად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტიც არის, იანვარში ამავე ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა მის ცემაში დაადანაშაულა. პროკურატურის გამოძიება ამ ბრალდებებზე კვლავ მიმდინარეობს. თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს, რომ გაეთავისუფლებინა კურტანიძე დაკავებული თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც მან ერთ–ერთ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ არა მისი დიდსულოვნება და პატიების უნარი, დღეს თითოეული ნაციონალი ცოცხლად იქნებოდა გატყავებული“. ღარიბაშვილმა უთხრა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, რომ იგი კატეგორიულად არ ეთანხმება კურტანიძის ამ განცხადებას, თუმცა ასევე ნათლად აღნიშნა, რომ არ მიაჩნია, რომ კურტანიძე უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. შეეცადა რა შეემცირებინა კურტანიძის როლი პოლიციის აკადემიაში, ღარიბაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ კურტანიძე მხოლოდ სპორტულ პროგრამებს კურირებს და სხვა მხრივ პოლიციის აკადემიის მუშაობაში ჩართული არ არის.

ამ საკითხზე საუბრისას ღარიბაშვილმა ასევე უთხრა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, რომ კურტანიძე წინა ხელისუფლების დროს პოლიციამ აწამა 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ. მოსმენის დროს ღარიბაშვილი ხშირად საუბრობდა წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, რაზეც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები პასუხობდნენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ტაქტიკას იყენებდა, რათა თავი აერიდებინა ოპოზიციური დეპუტატების მიერ დასმული კონკრეტული კითხვებისთვის.

ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნის თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით; ამჟამად გუნავა სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორია. ის ნოემბერში დააკავეს იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის და 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გაათავისუფლეს. გუნავა უარყოფდა ბრალდებებს და აცხადებდა, რომ იარაღი მას პოლიციამ დაკავების დროს ჩაუდო. დაკავების დროს გამოვლენილი პროცედურული დარღვევების მოტივით პროკურატურამ გუნავას ეს ბრალდებები მოუხსნა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ გამოძიება ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს გუნავას ბრალდებას, რომ მას იარაღი ჩაუდეს. იგივე პოზიცია გაიმეორა ღარიბაშვილმაც, რომელმაც უთხრა დეპუტატებს, რომ მან პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა გუნავას დაკავების დროს არსებული დარღვევების გამო, მაგრამ შეუძლებელი იყო იმ ვერსიის დასაბუთება, რომ მას იარაღი ჩაუდეს. 

მოსმენაზე რამდენიმე ისეთი საკითხი იქნა წამოყენებული, რომლებზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის პოზიცია გაიზიარა და ერთ–ერთი მათგანი იყო ამნისტირებული „პოლიტპატიმრები“. ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ურჩევდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას, რომ პოლიტპატიმრების სიაში არ შეეყვანათ ოთხი თუ ხუთი ადამიანი და განაცხადა, რომ ეს სია ნაჩქარევად იქნა შედგენილი. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ციხიდან ამნისტიის შედეგად ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლების თაობაზე ჰკითხეს. ჩახალიანის გათავისუფლება, რომელიც არ იყო პოლიტპატიმრების სიაში, მაგრამ ციხიდან მასშტაბური ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა, მკაცრად დაგმო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა ნაციონალურმა მოძრაობამ; მათი თქმით, ეს ქმედება ჯავახეთში სეპარატისტული მოძრაობის საფრთხეს ქმნის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განუცხადა ნაციონალურ მოძრაობას, რომ „ჩვენ ვფლობთ სიტუაციას რეგიონში [სამცხე–ჯავახეთში]". „არავითარი საშიშროება არ არის“, განაცხადა მან.

ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაციის თაობაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ წინადადებასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ კუთხით სარეაბილიტაციო პროგრამები  მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგი იქნება.

„ჩვენ არ ვეთანხმებით დეკრიმინალიზაციას; ეს არის ჩვენი სამინისტროს პოზიცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ამგვარი ქმედება ნარკოტიკების მოხმარებას შეუწყობს ხელს. 

მოსმენის ბოლოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა კვლავ წაუყენეს ერთმანეთს ბრალდებები ეროვნული ბიბლიოთეკის წინ 8 თებერვალს მომხდარი ინციდენტის გამო. კამათის დროს ღარიბაშვილი კვლავ აცხადებდა, რომ ინციდენტი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების პროვოცირებული იყო, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მან ვერ შეძლო ინციდენტის აღკვეთა.

უახლესი ამბები
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.
23 მაი.'17 18:11
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.
23 მაი.'17 16:53
აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის FSB-ს თანამშრომლებმა გერმანიის მოქალაქე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო დააკავეს.
23 მაი.'17 15:15
საქართველოს ლიდერები მანჩესტერის თავდასხმას გმობენ
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ტერორისტული აქტის შემდეგ განცხადებები გამოაქვეყნეს.
23 მაი.'17 13:31
რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები გაერთიანების საკითხს განიხილავენ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისუფალმა დემოკრატებმა ხმების 4.63%,  ხოლო რესპუბლიკელებმა 1.55% მიიღეს.
22 მაი.'17 18:53
პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
ნონა წოწორიამ განაცხადა, რომ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოში მის საქმიანობას უკავშირდებოდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31