Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 15:35 - 26 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტის განხილვას იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 მარ.'13 / 17:57

პარლამენტმა დაიწყო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს, აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას, სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. “Must carry”-ისა და “Must offer”-ის მუდმივად შემოღებას და ტელევიზიების მეტი ფინანსური გამჭირვალობის უზრუნველყოფას ეხება.

კანონპროექტი, რომელის ინიცირებაც ფორმალურად განათლების კომიტეტმა მოახდინა, ხოლო ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძეა, იმ საკანონმდებლო წინადადებებს ეყრდნობა, რომელიც კოალიცია მედია ადვოკატირების ფარგლებში მედია ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით იქნა შემუშავებული.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ქართული ოცნების დეპუტატების თქმით, კანონპროეტის მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება მისი სამეურვეო საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტების გზით. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები კი აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების მიზანს არსებული სამეურვეო საბჭოს დაშლა წარმოადგენს, რაც შესაძლოა ახალი ხელისუფლების მხრიდან „მედიაზე ზეწოლად“ შეფასდეს. 

15 მარტს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტის განხილვისას მისმა ავტორმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ღიად რჩება საკითხი, თუ როდის მოხდება სამეურვეო საბჭოს ახალი წესებით ფორმირება. მისი თქმით, განიხილება ორი ალტერნატივა: ერთი ის, რომ ახალი წესი ამოქმედდეს კანონის ძალაში შესვლისთანავე ან მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც არსებული მეურვეების ნახევარზე მეტს ამოეწურება უფლებამოსილების ვადა. ჩაფიძის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციების გზით კანონპროექტის განხილვის პროცესში მიიღწევა.

თუმცა ჩაფიძემ ასევე მიანიშნა, რომ ახალი წესების ამოქმედების ვადა გარკვეულწილად კავშირშია იმასთან, თუ როგორ მოგვარდება „კრიზისი“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას მოჰყვა გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება და მისი შემადგენლობა არსებული 15-დან 9 წევრამდე მცირდება.

მოქმედი წესით, სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს პრეზიდენტი კონკურსის გზით არჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

ახალი წესის მიხედვით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოეთიშება ამ პროცესს და პარლამენტთან ერთად საბჭოს დაკომპლექტებაში სახალხო დამცველიც ჩაერთვება.

კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, 9 მეურვიდან, ექვსი წლის ვადით სამს ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს კი უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის დანარჩენი წევრები, მათ შორის საპარლამენტო უმცირესობიდან. მეურვეობის კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით იმ კომისიის მიერ, რომელსაც დარგის სპეციალისტებისგან პარლამენტის თავმჯდომარე დააკომპლექტებს. ორ კანდიდატს პარლამენტისგან დამოუკიდებლად, ასევე ღია კონკურსით შერჩევის გზით ნიშნავს სახალხო დამცველი, ხოლო ერთ ადგილს საბჭოში ავტომატურად იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობებს იმ შემთხვევებში, თუ მის მიმართ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი, ის დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ნორმებს, ზედიზედ ორი თვის განმავლობაში ან წელიწადში 3 თვეზე მეტის დროის განმავლობაში ვერ ასრულებს მეურვის უფლებამოსილებას, თავად გადადგება თანამდებობიდან ან გარდაიცვლება. მეურვის ინდივიდუალურ  ვადამდელ გათავისუფლებას მოქმედი კანონიც ითვალისწინებს.

თუმცა კანონპროეტში სიახლეს წარმოადგენს ის დებულება, რომელიც პარლამენტს შესაძლებლობას აძლევს უნდობლობა მთელ სამეურვეო საბჭოს გამოუცხადოს, რისი მიზეზიც შესაძლოა გახდეს საბჭოს უმოქმედობა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების ან ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში. უნდობლობის გადაწყვეტილებას პარლამენტი მაღალი კვორუმით, სიითი შემადგენლობის ორი მესამედით მიიღებს.

კანონპროექტის თანახმად, სამეურვეო საბჭოს გარკვეული ფუნქციები ემატება, მათ შორის უჩნდება უფლება, რომ ბიუჯეტში ცვლილებები საკუთარი ინიციატივით შეიტანოს; დაამტკიცოს თანამშრომელთა ხელფასებისა და პრემიების ზღვრული ოდენობები;  დაადგინოს თანამშრომლებისთვის შრომის ხელშეკრულებების ძირითადი პირობები იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა 1 წელზე ნაკლები არ იყოს.

კანონპროეტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა 5 წლის ვადით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 6-წლიანი ვადისა. ამასთან, კანონპროექტში დეტალურად არის გაწერილი პროცედურები და ვადები, რომლითაც სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ამჟამად აჭარის ტელევიზია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაშია. კანონპროექტი ითვალისწინებს აჭარის ტელევიზიის გარდაქმნას საზოგადოებრივ  მაუწყებლად ისე, რომ ის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის სისტემაში იყოს ჩართული.

ეს სისტემური კავშირი გულისხმობს იმას, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან მისი საერთო ოდენობის არანაკლებ 15%-ით; ასევე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ავტომატურად გახდება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; ამასთან თავის პროგრამულ პრიორიტეტებს აჭარის მაუწყებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან შეათანხმებს. 

კანონპროექტის თანახმად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 5 წევრისაგან შედგება, რომელთაც ღია კონკურსის წესით ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო - უმაღლესი საბჭო. თავის მხრივ, სამეურვეო საბჭო, ასევე ღია კონკურსის წესით 3 წლის ვადით ნიშნავს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს.

კანონპროექტის მიხედვით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო იმავე წესებით მუშაობს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის არის იმავე კანონპროექტში დადგენილი. ამასთან, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებული იქნება, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, ისე აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

კანონპროეტის ავტორთა თქმით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებულმა დებულებებმა შესაძლოა კანონპროექტის განხილვის პროცესში გარკვეული კორექტივები განიცადოს.

მაუწყებლების ფინანსური გამჭირვალობა

კანონპროექტი ითვალისწინებს ტელევიზიების დაფინანსების მეტი გამჭირვალობის უზრუნველყოფას.

ამ მიზნით, კანონპროექტი აწესებს მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებას შეავსონ და განასაჯაროონ ქონებრივი დეკლარაციები. მედია მფლობელთა გამჭირვალობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები 2011 წლის აპრილში იქნა მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, საერთო ეროვნული მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე სუბიექტებს, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეკისრებათ ვალდებულება, ჩაატარონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტები. ასეთივე მოთხოვნა არ წაეყენებათ სხვა ტელეკომპანიებს, თუმცა მათ მოეთხოვებათ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ შერჩეულ აუდიტორულ კომპანიებს განახორციელებინონ აუდიტი, რომლის შედეგებიც მაუწყებლებმა თავიანთ ვებ-გვერდებზე უნდა განათავსონ, კანონპროექტის თანახმად.

ამასთან, მაუწყებლებს ეკისრებათ ვალდებულება ყოველწლიურად, 1 მაისამდე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიაწოდოს და ასევე თავის ვებ-გვერდზე ატვირთონ ინფორმაცია თავისი აქტივებისა და პასივების, ასევე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ, მათი ოდენობისა და ინვესტორთა ვინაობის მითითებით.

კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებელს უჩნდება ვალდებულება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას  ყოველკვარტალურად წარუდგინოს დეტალური ანგარიში ყოველდღიური სარეკლამო ჭრების და მიღებული სარეკლამო შემოსავლების შესახებ, რაც ასევე უნდა გამოაქვეყნოს თავის ვებ-გვერდზე.

კანონპროექტის კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სარეკლამო დროის შესყიდვის მკაცრი რეგულაციების შემოღება, რათა, ინიციატივის ავტორთა თქმით, აღმოიფხვრას ტელეკომპანიების საბიუჯეტო წყაროებიდან დაფინანსების არსებული პრაქტიკა. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება მაუწყებლის რაიმე ფორმით დაფინანსება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ტენდერის საშუალებით და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხარჯი ბიუჯეტით აქვს განსაზღვრული, შეისყიდის საეთერო დროს სოციალურ რეკლამის და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

სავალდებულო ტრანზიტი

კანონპროექტი ითვალისწინებს სავალდებულო ტრანტიზის ე.წ. “Must carry”-ისა და “Must offer”-ის წესების მუდმივად დაკანონებას.

ეს წესი გულისხმობს საკაბელო ოპერატორის ვალდებულებას გადასცენ მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებელი არხები, ასევე ის სათემო მაუწყებლები, რომლებიც ამ ოპერატორების დაფარვის ზონაში მაუწყებლობენ და ის ტელევიზიები, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის. თავის მხრივ სატელევიზიო არხები ვალდებული არიან მიაწოდონ თავიანთი სიგნალები საკაბელო ოპერატორებს.

სავალდებულო ტრანზიტის წესი პირველად 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში ამოქმედდა მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები მიიღო. ამ წესის შემოღება, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში არის შესასრულებლად სავალდებულო, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფის საჭიროებამ განაპირობა.

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, “Must carry”-ისა და “Must offer”-ის წესები მუდმივმოქმედ ნორმად დამკვიდრდება.

უახლესი ამბები
26 მაი.'17 15:35
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი გამოვიდნენ.
25 მაი.'17 18:58
სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მმართველს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.
25 მაი.'17 18:30
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს
აშშ-ის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ხელმძღვანელობით მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
25 მაი.'17 14:21
კვირიკაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში გამართვა ‘უაღესად მნიშვნელოვანია’
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.
25 მაი.'17 11:05
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
48