Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:40 - 25 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებას პოლიტიკური ჩარევის თაობაზე ბრალდებები მოყვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 მარ.'13 / 18:17

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრის მიერ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას უმაღლეს სასწავლებელში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ჩარევის შესახებ ბრალდებები მოჰყვა.

აგრარული უნივერსიტეტს მართავს ფონდი, რომლის დამფუძნებელიც ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და რეფორმების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძეა

ბენდუქიძე, რომელმაც ქონება რუსეთში 90–იან წლებში დააგროვა, საქართველოში 2004 წელს დაბრუნდა; სწორედ მაშინ დაინიშნა ის ეკონომიკის მინისტრად; შემდეგ 2004–2008 წლებში მას რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2009 წლის დასაწყისამდე მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი იყო. ბენდუქიძემ საქართველოს განათლების სფეროში დაიწყო ინვესტიციების ჩადება და თავისუფალი უნივერსიტეტი დააფუძნა. 2011 წელს ბენდუქიძის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას საქართველოს სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტი გადაეცა მართვის უფლებით, ხოლო მოგვიანებით მან ის შეიძინა დაახლოებით 5 მილიონ აშშ დოლარად იმ პირობით, რომ დაწესებულებას საგანმანათლებლო პროფილს შეუნარჩუნებდა სულ ცოტა რვა წლით და 8 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა. მას შემდეგ, აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ლაშა გოცირიძის თქმით, უკვე 10 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის განახლებისა და ლაბორატორიების აღჭურვის მიზნით.

დეკემბერში უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლების ჯგუფმა, რომლებიც მას შემდეგ დაითხოვეს, რაც უნივერსიტეტში ახალი მენეჯმენტი შევიდა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა, რათა მას კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებთან აგრარული უნივერსიტეტის შესაბამისობა შეესწავლა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია, რომელიც კერძო და სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ინსტიტუციურ და პროგრამულ აკრედიტაციას ახორციელებს. იგი ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან და იღებს გადაწყვეტილებას მიანიჭოს თუ არა ამა თუ იმ დაწესებულებას „ავტორიზაცია“.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება 2013 წლის 3 იანვარს დაიწყო. იანვარში შემოწმების პროცესში უნივერსიტეტის მენეჯმენტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პროცესი მიკერძოებული იყო და რომ ის უბრალო ფორმალობას წარმოადგენდა, რომლის შედეგიც წინასწარ იყო განსაზღვრული.

ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, რომელიც 11 მარტს საღამოს დაიწყო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ 12 მარტს გამთენიისას აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს მიერ დასახელებულ მიზეზებს შორის იყო ის ბრალდებები, რომ უნივერსიტეტმა ორ სტუდენტს დებულების დარღვევით მისცა ბაკალავრის ხარისხი; ასევე შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე განახორციელა რამდენიმე სადოქტორო პროგრამა; კონკურსის გარეშე აიყვანა აკადემიური პერსონალის რამდენიმე თანამშრომელი და წესდებაში რამდენიმე ისეთი დებულება ჰქონდა შეტანილი, რომლებიც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და სტუდენტების უფლებებს არღვევს.

ავტორიზაციის საბჭომ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება ძალაში ოთხ თვეში, მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოსთვის შევა.

აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და მისმა სტუდენტებმა დაგმეს ეს გადაწყვეტილება და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თქმით, მართალია შესაძლოა ყოფილიყო რამდენიმე პატარა ტექნიკური და პროცედურული დარღვევა, მაგრამ ეროვნული ცენტრის მიერ დასახელებული არც ერთი მიზეზი არ არის საკმარისი უნივერსიტეტის წინააღმდეგ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მისაღებად, რამაც ფაქტიურად უნივერსიტეტის მომავალს საფრთხე შეუქმნა.

„ისეთი ხარვეზები არ არსებობს. ყველა ის შენიშვნა თუ ტექნიკური უზუსტობა, რომელიც უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის საბაბად იქნა გამოყენებული, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თითიდან გამოწოვილი მიზეზები“, – განაცხადა აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ 12 მარტს და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და კახა ბენდუქიძეს უკავშირდება. მან ასევე განაცხადა, რომ ამ მცირე ხარვეზებს არანაირი გავლენა არ ჰქონდა განათლების იმ დონეზე, რომელსაც უნივერსიტეტი უზრუნველყოფდა.

ბენდუქიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტს ერთი „მთავარი ხარვეზი“ გააჩნია და „ეს მე ვარ“.  მისი თქმით, გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე მის წინაღმდეგ მიმართული ბრძოლის ნაწილია.

განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი 12 მარტს აგრარულ უნივერსიტეტში მივიდა სტუდენტებთან შესახვედრად, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ეუბნებოდნენ მინისტრს, რომ ეროვნულმა ცენტრმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო იმ ფონზე, როდესაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე უნივერსიტეტში არსებული პირობები და განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კარგი ლაბორატორიების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტმა არ უნდა დაიცვას სტანდარტებით დადგენილი წესები.

მისი თქმით, ის უთანხმოება, რაც უნივერსიტეტის გარშემო განვითარდა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას მოყვა, ხელოვნური და პოლიტიზირებულია. მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უნივერსიტეტი მაშინვე შეძლებს ავტორიზაციის აღდგენას, როგორც კი შემოწმების პროცესში გამოვლენილ პრობლემებს მოაგვარებს.

13 მარტს სტუდენტების ჯგუფი, მათ შორის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, განათლების სამინისტროს წინ შეიკრიბნენ, რათა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება გაეპროტესტებინათ. აქციის პარალელურად მარგველაშვილი რამდენიმე სტუდენტს სამინისტროში მედიის თანდასწრებით ხვდებოდა.

„ამ პუნქტების გამოსწორებას, ჩემი შეფასებით, სჭირდება ერთი-ორი დღე. და მე გაძლევთ თქვენ გარანტიას, რომ როგორც კი წესდება მოვა შესაბამისობაში კანონთან... მაქსიმალურად დაჩქარებულ დროს, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში თქვენ გექნებათ აკრედიტაცია“, - განუცხადა მარგველაშვილმა 13 მარტს სტუდენტებს.

ბენდუქიძემ განაცხადა 12 მარტს, რომ ის ვარიანტი, რომელზეც განათლების მინისტრი საუბრობდა, არც ისე მარტივია, როგორად წარმოჩენასაც ის ცდილობს. ბენდუქიძის თქმით, ამ ვარიანტს ახლავს რისკი, რომ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მაინც იპოვის რაიმე საბაბს, რომ არ აღუდგინოს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია. 

ბენდუქიძემ ასევე განაცხადა, რომ უნივერსიტეტი შეეცდება მოაგვაროს ეს პრობლემა, ერთის მხრივ, ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებით და ამავე დროს იმ მცირე ტექნიკური ხარვეზების მოგვარებით, რომლებიც შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ხოლო მეორეს მხრივ, თავისუფალ უნივერსიტეტში იმ სწავლების კურსების გადატანით, რომლებიც ამჟამად აგრარულ უნივერსიტეტში ისწავლება; ეს ბოლო ვარიანტი, განხორციელების შემთხვევაში, იმას ნიშნავს, რომ აგრარული უნივერსიტეტიდან სტუდენტების გადაყვანა მოხდება თავისუფალ უნივერსიტეტში, თუმცა სწავლება ისევ აგრარულ უნივერსიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით განხორციელდება. ბენდუქიძემ 12 მარტს მოუწოდა სტუდენტებს განაგრძონ პროტესტის გამოხატვა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან მისი თქმით, ეს უსამართლო გადაწყვეტილება „არ უნდა ჩაიფარცხოს“.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ განაცხადა 13 მარტს, რომ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტის წინააღმდეგ კითხვის ნიშნებს აღძრავს. 

„გაუგებარია, თუ რა საჭირო იყო ამგვარი მკაცრი ზომების მიღება უნივერსიტეტის მიმართ“, სადაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რის შედეგადაც განათლების დონემ და შედეგად უნივერსიტეტის პოპულარობამ საგრძნობლად იმატა.

„არსებობს ეჭვი, რომ გადაწყვეტილება შეიძლება უკავშირდებოდეს უნივერსიტეტის მართვაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობას, რაც მეტად შემაშფოთებელია“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ, „სასწავლო პროცესის ამგვარი შეფერხება და მზარდი სასწავლო დაწესებულებისთვის ბარიერების შექმნა დააზარალებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას და უმაღლეს სასწავლებლებზე პოლიტიკური ზეგავლენის საფრთხეს შექმნის“.

როდესაც აშშ–ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს აგრარული უნივერსიტეტის გარშემო არსებულ დაპირისპირებაზე ჰკითხეს, მან განაცხადა 12 მარტს: „მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს აკადემიური სწავლების და პოლიტიკის აღრევა“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი ზედმიწევნით იქნება განხილული. არსებობს ბრალდებები, რომ პოლიტიკის და აკადემიური სწავლების არევა ხდებოდა ადრე და ახლაც არსებობს ბრალდებები, რომ ისევ ხდება პოლიტიკის და აკადემური სწავლების არევა. ამრიგად, ამის შესწავლა უნდა მოხდეს და მთავარია, რომ აკადემიური სწავლება და პოლიტიკა ცალკ–ცალკე იყოს“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა ოფისმა დაიწყო საკითხის დამოუკიდებელი შესწავლა და აღნიშნა, რომ „არ შეიძლება აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში აღრევა“. მისი თქმით, საკითხი სტუდენტების განათლების უფლების დარღვევის გარეშე, სამართლებრივი გზით უნდა მოგვარდეს.

12 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგმო აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების ფაქტი, როგორც მთავრობის მცდელობა, რომ დახუროს „საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტი“.

„სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია. მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.  

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 12 მარტს, რომ „არცერთი სტუდენტი არ დაზარალდება“. „უბრალოდ პოლიტიკურად ვინმე ანგაჟირებას უკეთებს... არაფრისგან უნდათ რომ პრობლემა შექმნან“, განაცხადა მან.

 

უახლესი ამბები
25 ივლ.'17 17:40
ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირში საქართველოს წევრობის პერსპექტივის შესახებ
Civil.ge აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს დაუკავშირდა.
24 ივლ.'17 18:01
საქართველოს და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ისრაელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
24 ივლ.'17 15:36
ევროპულმა საქართველომ საქართველოში ‘რუსული ფაშიზმის’ წინააღმდეგ აქცია გამართა
მოძრაობა „ქართველთა მარშის“ აქტივისტებმა აქციის ჩაშლა ვერ მოახერხეს.
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელური და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19