Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 23 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერ-მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 მარ.'13 / 17:33


6 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უზენაესი სასამართლოს მუზეუმი დაათვალიერებინა. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური 

საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან მეხუთე თვეს გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განაცხადეს, რომ მათი საუბრის ძირითადი თემა ეხებოდა სასამართლო სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ივანიშვილის თქმით, კუბლაშვილი თავის თანამდებობაზე კიდევ ორი წელი, უფლებამოსილების ამოწურვამდე უნდა დარჩეს.

პრემიერ-მინისტრი მისი ინიციატივით ესტუმრა 6 მარტს უზენაეს სასამართლოს, სადაც გამართული შეხვედრის შემდეგ მან და სასამართლო ხელისუფლების მეთაურმა მედიისთვის ერთობლივად გააკეთეს განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ განცხადებების ცალკ-ცალკე გაკეთება იგეგმებოდა.

„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. საუბარი საერთოდ შეეხებოდა იმას, რომ სასამართლო უნდა იყოს აუცილებლად დამოუკიდებელი როგორც ახალი, ისე ძველი გუნდისაგან და რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს და ირწმუნოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. ეს იყო ძირითადი, ეს გასდევდა ჩვენს საუბარს ძირითად თემად“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

მისი თქმით, საუბრის ერთ-ერთ მთავარი თემა იყო ასევე სასამართლო სისტემაში, კერძოდ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაგეგმილი რეფორმა, რაზეც კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და დეკემბერში პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, მისი განხილვა შეჩერებულია მანამ, სანამ ვენეციის კომისია 8 მარტს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე ამ რეფორმაზე თავის საექსპერტო დასკვნას წარმოადგენს. რეფორმა, რომელიც საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას ითვალისწინებს, ძირითადად უთანხმოებას იწვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსილების ვადებთან დაკავშირებით, რაც კანონპროექტის თანახმად, ახალი წევრების არჩევისთანავე უნდა შეწყდეს.

„ვისაუბრეთ იმაზეც, რომ რეფორმების გატარებაა აუცილებელი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, „ბატონ კოტესაც გააჩნია მზაობა და თანახმაა. მიუხედავად იმისა, რომ  ეს ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროსაგან და ახალი გუნდისაგან, ის 80%-ზე მეტს ეთანხმება ამ რეფორმების ცვლილებას და მას გააჩნია კითხვები, ობიექტური“.

მიესალმა რა კუბლაშვილის მიერ სასამართლო სისტემის პოზიტივში შეტანილ წვლილს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას მისი ბიოგრაფიით ყველანაირი საფუძველი აქვს იმისათვის, რომ თავისი 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, რომელიც 2015 წლის თებერვალში იწურება, ბოლომდე მიიყვანოს.

„ძალიან კარგად ვიცი ბატონი კოტეს ბიოგრაფია, მისი წარსული და მე ვთვლი, რომ მას აქვს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ დაასრულოს  და ღირსეულად დაასრულოს იმ დროში, რაც მას კიდევ ეკუთვნის და დარჩა, იყოს თავმჯდომარე, დარჩეს და მაქსიმალურად ობიექტური და  დამოუკიდებელი სასამართლო დარჩეს საქართველოში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

„ვიცით და ბატონი კოტეც მეთანხმება იმაში, რომ საზოგადოებას აქვს გარკვეული სკეპტიციზმი, გარკვეული კითხვები სასამართლოსადმი, გარკვეული კითხვები არსებობს წარსულისადმი, მაგრამ ძალიან ბევრიც გაკეთდა სასამართლოში, ნამდვილად ძალიან ბევრი გაკეთდა ამ დროის განმავლობაში და მას აქვს გარკვეული წვლილი იმ პოზიტივში, რაც გაკეთდა სასამართლოში“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, იმ პრინციპზე, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, შეთანხმება შედგა და „ვერ შევთანხმდით მხოლოდ იმაში, რომ რამდენად ბევრია კითხვები დღევანდელი სასამართლოსადმი  - შეიძლება მე მგონია რომ უფრო მეტია კითხვები, ვიდრე ბატონ კოტეს და ასე შემდგომ“.

„მე ჩემი მხრივ, მას გარანტია მივეცი და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ არ არსებობს ჩემი მხრიდან, როგორც მთავრობის მეთაურის ან კოალიციის ლიდერის და ჩემი გუნდის წევრების მხრიდან მცდელობები - თუ მე გავიგე აუცილებლად ამაში ჩავერევი - რომ ვინმემ გაბედოს და ჰქონდეს მცდელობაც კი იმისა, რომ სასამართლოს პროცესებში ან სასამართლოზე ზეგავლენა მოახდინოს და ჩაერიოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სავარუდოდ, გამოეხმაურა რა მისი კოალიციიდან ცალკეული დეპუტატების ბოლო დროინდელ განცხადებებს კოტე კუბლაშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის შესაძლო დაწყების თაობაზე, ივანიშვილმა განაცხადა: „სიტყვა იმპიჩმენტი არ წამოგვცდენია [შეხვედრაზე] და ამის მსგავსი საუბარი არ გვქონია“.

კოტე კუბლაშვილი, თავის მხრივ, მიესალმა პრემიერ-მინისტრთან „ძალიან კარგ“ შეხვედრას.

„ბატონი ბიძინას ინიციატივით შედგა და ამასაც მივესალმები“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, „ასევე მთლიანად მინდა გავიმეორო ის, რაც ბატონმა ბიძინამ გითხრათ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ,  რაც აუცილებელია იმისათვის, რომ სასამართლო სისტემა იყოს უფრო მეტად და უფრო ძლიერად იყოს წარმოდგენილი საქართველოში, როგორც დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი სისტემა“. 

მისი თქმით, შეხვედრის დროს „ძალიან კონკრეტული“ საკითხები არ განხილულა, მაგრამ „ვისაუბრეთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც ხელს შეუწყობს, სწორედ, კიდევ უფრო გაძლიერებას სასამართლო სისტემის“.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ხელისუფლებისგან,  ასე ვთქვათ, არის გადმოდგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სასამართლოს მიმართ ისინი იყვნენ სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლება. ობიექტური შემფასებელი  გადაწყვეტილებებისა, ობიექტურად უყურებდნენ სასამართლოს საქმიანობას,  არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც, უმცირესობაც, უმრავლესობაც და  ყველანი, რომ სასამართლო იყოს და არის, პირველ რიგში, თავისუფალი კორუფციისგან და ასევე იყოს თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკოსებისგან“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

 

უახლესი ამბები
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.
23 მაი.'17 18:11
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.
23 მაი.'17 16:53
აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის FSB-ს თანამშრომლებმა გერმანიის მოქალაქე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო დააკავეს.
23 მაი.'17 15:15
საქართველოს ლიდერები მანჩესტერის თავდასხმას გმობენ
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ტერორისტული აქტის შემდეგ განცხადებები გამოაქვეყნეს.
23 მაი.'17 13:31
რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები გაერთიანების საკითხს განიხილავენ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისუფალმა დემოკრატებმა ხმების 4.63%,  ხოლო რესპუბლიკელებმა 1.55% მიიღეს.
22 მაი.'17 18:53
პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
ნონა წოწორიამ განაცხადა, რომ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოში მის საქმიანობას უკავშირდებოდა.
22 მაი.'17 17:26
მოსკოვი აფხაზეთში ახალ სამართალდამცავ სტრუქტურას ქმნის
რუსეთმა და სეპარატისტულმა რეგიონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე.
22 მაი.'17 12:30
ჯეიმს მატისი: აშშ მზად არის საქართველოს თავდაცვის რეფორმაში დაეხმაროს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თავის ქართველ კოლეგას ლევან იზორიას წერილით მიმართა.
21 მაი.'17 16:34
კვირიკაშვილი იორდანიაში მეფე აბდულა II-ს და ფედერიკა მოგერინის შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.
20 მაი.'17 13:23
პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეუწონლად მიიჩნია
საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი სახელმწიფო აუდიტორის ფიზიკური შეურაცხყოფის საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნას ითხოვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38