Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:58 - 19 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 მარ.'13 / 19:57

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 მარტს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ, განაცხადა, რომ შეხვედრა საინტერესო და „ემოციებით სავსე“ იყო და მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა, მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციების გაზიარების შესაძლებლობა შექმნა.

განსხვავებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოქტომბერში გამართული პირველი შეხვედრისგან, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერმა ივანიშვილმა ამჯერად პრესისთვის განცხადებები არა ერთობლივად, არამედ ცალკ-ცალკე გააკეთეს. შეხვედრა დაახლოებით საათნახევარი გრძელდებოდა. პირველად განცხადება პრეზიდენტმა გააკეთა, რასაც რამდენიმე წუთში მოჰყვა პრემიერ-მინისტრის განცხადებები პრესისთვის.

„რა თქმა უნდა, რომ გითხრათ, რომ დღეს ყველაფერზე შევთანხმდით, ვერ შევთანხმდებოდით იმიტომ, რომ ჩვენი მსოფლმხედველობები ბევრ საკითხზე, ზოგადად მსოფლმხედველობაზე განსხვავდება და კონკრეტულ საკითხებზე ხედვა განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ მე ვფიქრობ, ორივე შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ ორივე საქართველოს შვილები ვართ, რომ საქართველოს უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ქართველ ხალხს სჭირდება სიმშვიდე სტაბილურობა და გარანტიები გრძელვადიანი განვითარების. ამაზე ჩვენ ვთანხმდებით, რომ არც ერთ მხარეს არ გვინდა გართულება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ძალაუფლების გაყოფის შესახებ მოლაპარაკებებმა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, „პრაქტიკულად თითქმის“ გამოიღო შედეგი, მაგრამ „იქ არის რაღაცეები, რაზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა“.

„ჩვენი ჯგუფები წესით უნდა დასხდნენ და გააგრძელონ მუშაობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე იყო თუ არა რაიმე წინსვლა საკონსტიტუციო საკითხებზე და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ამნისტიის თაობაზე - სწორედ ეს საკითხი იქცა მთავარ დაბრკოლებად, რამაც ხელი შეუშალა წარმოებულ მოლაპარაკებებში საბოლოო შეთანხმების გაფორმებას - სააკაშვილმა უპასუხა თავისი პოზიციის გამეორებით, რომ მისთვის სიტყვა „ამნისტია“ იყო  „საერთოდ მიუღებელი და გაუგებარი“.

„რას ნიშნავს ამინისტია? ეს ნიშნავს , რომ ვიღაცა ადამიანებმა, 25 ათასმა კაცმა ჩაიდინა დანაშაული, მე ამას სხვანაირად ვუყურებ -  25 ათასმა ადამიანმა ააშენა თანამედროვე ქართული საზოგადოება, სახელმწიფო“, - განაცხადა მან.

თავის განცხადებაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრისას რამოდენიმე ის მთავარი საკითხი წამოწია, რომელიც მისი შეშფოთების საგანს წარმოადგენს, მათ შორის სასმართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა, ასევე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების „მასობრივი დევნის“ შეწყვეტა.

„ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არის ყოველთვის ძალიან საინტერესო“, - განაცხადა მან, „საინტერესო ნიშნავს, რომ არის ფუნდამენტური განსხვავებები ჩვენს ხედვაში და ამას არცერთი არ ვმალავთ, მე ვფიქრობ. მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა, რომ იყო შესაძლებლობა მაინც რამდენადაც არ უნდა გართულდეს ასეთი რაღაცეების ერთმანეთისთვის თქმა, სწორია, რომ ჩვენ ეს საუბრები გვქონდეს, სწორია, რომ ამ თემებზე ერთმანეთს გახსნილად ვესაუბრებით და არა ტელეკამერებით, არა ღია წერილებით და არა ფეისბუქის საშუალებით“.

„რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე როგორც ვხედავ მე დღეს თანამშრომლობის შესაძლებლობებს საქართველოში. აქ არის რამდენიმე ასპექტი“, - განაცხადა მან.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე როგორც პრეზიდენტი და მე დიდი ხანია თქვენ მიცნობთ, ვარ საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში ჩემთვის. იმიტომ, რომ ბოლო წლებში მე შეჩვეული ვარ ყოველ დილით გაღვიძებას, რაღაცა ხალხმრავალ განხილვებს, შეხვედრებს, რაც მთავარია ახალი ობიექტების გახსნას, ახალი ობიექტების მშენებლობის დაწყებას, უნივერსიტეტების გახსნას, სკოლების  მშენებლობას, გზების გაკეთებას, უამრავ სხვა რაღაცას. თქვენ ხედავთ, რომ ჩემი დღეები ამ გრაფიკისგან თითქმის მთლიანად დაცლილია“, - განაგრძო მან.

„ამიტომ, ჩემთვის ასეთი უმოქმედობა რეალურად არის მძიმე ტვირთი და რომ გითხრათ, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ თანამდებობაზე, დღევანდელ ვითარებაში, ეს იქნებოდა სიცრუე, ამას ნამდვილად არ გაკადრებთ“.

„ერთადერთი მიზეზი რატომაც ვრჩები მე პრეზიდენტის თანამდებობაზე, აი ამ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად ბევრ ვერაფერს კონკრეტულად ვეღარ ვაკეთებ, აი ამ მიმართულებებით, რომელიც ჩამოვთვალე, არის ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე, დემოკრატიული ჩარჩო, შევქმნათ რაღაც შესაძლებლობა მაინც საკონსტიტუციო სტაბილურობის, რაღაც სახის ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვის თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც სახის ცივილიზებული ურთიერთობების გარკვევის“, განაცხადა სააკაშვილმა.

შემდეგ მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ აპირებს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება, რომ დაითხოვოს მთავრობა და ახალი შემადგენლობა დანიშნოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამაზე პარლამენტი თანხმობას არ მისცემს. ამ კუთხის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება ქართულმა ოცნებამ დეკემბერში მოახდინა. ეს საკითხი იყო წამყვანი იმ მოლაპარკებებში, რომელიც ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შორის მიმდინარეობდა იმ საკითხების მოცვით, რომელიც პრეზიდენტის პარტიამ წამოაყენა, თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა იმ უთანხმოების გამო, რომელიც საჯარო მოხელეების ამნისტიის მასშტაბებს უკავშირდება.

„მე მინდა ამასთან დაკავშირებით ძალიან მოჭრილად ვთქვა - ყოველგვარი სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება გამოვიყენო პრეზიდენტის არსებული უფლებამოსილება და დავითხოვო საქართველოს მთავრობა ან დავითხოვო საქართველოს პარლამენტი, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა სააკაშვილმა, „ეს მთავრობა აირჩია ქართველმა ხალხმა, ამ მთავრობას ჰქონდა ჯერ კიდევ ძალიან მოკლე პერიოდი იმისათვის, რომ მისი შეფასება ადეკვატური და სრულფასოვანი მოხდეს ან ჩემს მიერ ან იმ ხალხის მიერ, რომელთაც ის აირჩიეს. ამგვარად ყოველგვარი ლაპარაკიც კი, რომ ასეთი განზრახვა შეიძლება დაიბადოს, კიდევ ერთხელ, აგერ ვარ პირველწყარო, უნდა გამოირიცხოს. სრულიად შეუძლებელია, რომ მე ეს გავაკეთო“.

„მეორე არის ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რა უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების და დიალოგის თემა. და აქაც, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია. ჩვენი ინტერესი რა არის? ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სასამართლო“, - განაცხადა მან.

„საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, რომ საქართველოში იყოს დიქტატისგან თავისუფალი სასამართლო. ეს სასამართლო ბუნებრივად ვერ იქნება ჩემი დიქტატის ქვეშ იმიტომ, რომ მე ამის ბერკეტები აღარ მაქვს და ეს მე მგონი, ყველას გვესმის და ეს არ უნდა იყოს არც პროკურატურის დიქტატის ქვეშ, არც რომელიმე სამთავრობო უწყების დიქტატის ქვეშ, არც შანტაჟის ქვეშ“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ სასამართლოს უნდა „ჰქონდეს განცდა, რომ ის არის ხელშეუხებელი“.

„მეორე, უნდა შეწყდეს ყველანაირი ზეწოლა მედიაზე“, - განაცხადა მან და ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ის, რომ „სხვადასხვა  პროცესები ვითარდება საზოგადოებრივ არხზე“ - მას მხედველობაში ჰქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილებით. ბერძენიშვილის თქმით, ის არხიდან იმის გამო გაუშვეს, რომ არ დაემორჩილა დირექტორის მითითებებს, რომ მთავრობა დადებით კონტექსტში გაეშუქებინა.

„ფაქტია, რომ მედიის მიმართულებით მიდის რაღაც გეგმაზომიერი კამპანია პოლიტიკური კონტროლის დამყარების“, - განაცხადა სააკაშვილმა, „ქვეყანაში იქნება ერთი სახის მედიაც და მეორე სახის მედიაც, ჩვენ მთავარია მივაღწიოთ იმას, რომ იყოს პლურალიზმი და არავის არ ქონდეს ცდუნება მთელი მედიის გაკონტროლების იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ თანამოქალაქეებს აღარ ექნებათ საშუალება გაიგონ ალტერნატიული აზრი - ქვეყანაში უნდა იყოს ალტერნატიული აზრი და ოპოზიცია და ამაზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ“.

მისი თქმით, მესამე თემა, რომელიც მან შეხვედრის დროს წამოწია, ეხება იმას, რომ შეწყდეს „მასობრივი დევნა რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი მოქალაქის, მასობრივი შევიწროვება მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი არიან“ ნაციონალური მოძრაობის  წევრები.

მისი თქმით, საკონსტიტუციო საკითხებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან „შეუჯერებადი პოზიციები არ არის“.

„მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გადავლახავთ ამ დაბრკოლებებს“, - განაცხადა მან, „მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბევრად უფრო ფართოა ეს საკითხი, ვიდრე უბრალოდ რაღაც კონკრეტულ კანონპროექტზე თითის დაჭერა პარლამენტში, ბევრად უფრო ფართოა და მე მინდა ჩვენ ყველა ცვლილება მივიღოთ არა ვიღაცეების  ხელის ამოგრეხვით, შანტაჟით, არამედ პოლიტიკური კონსენსუსით; არა ულტიმატუმებით, არამედ იმით, რომ ჩვენ მართლა ყველა დავიჯერებთ, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასარგებლო“.   

„როგორც ყოველთვის, შეხვედრა იყო საკმაოდ ემოციებით სავსე, მაგრამ მეორის მხრივ არ აქვს ალტერნატივა ასეთ შეხვედრებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბოლოო ჯამში,  საქართველოს საკეთილდღეოდ ჩვენი ძალა არის ერთობაში. ეს არის ჩემი ბოლო გზავნილი“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

უახლესი ამბები
19 ოქტ.'17 19:58
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა
ახალი კონსტიტუცია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
19 ოქტ.'17 18:29
არასამთავრობოები სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესში ჩართვას ითხოვენ
ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.
19 ოქტ.'17 16:09
საქართველომ ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ნიდერლანდებს გადასცა
ნიდერლანდების თხოვნა MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა.
19 ოქტ.'17 14:06
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ–სექტემბერში
2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ 7.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
18 ოქტ.'17 14:18
საპარლამენტო კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დაასრულეს
მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს.
18 ოქტ.'17 13:09
სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს ამზადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის 4 000 ეთნიკური ქართველისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას გეგმავს.      
17 ოქტ.'17 19:05
ქალები ხელისუფლებაში: საქართველო ევროპის საბჭოს ანგარიშში
ანგარიში ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს მიმოიხილავს.
17 ოქტ.'17 18:27
თბილისში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები დაკრძალეს
აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული 25 პირის ნეშტი ცოტა ხნის წინ მათ ოჯახებს გადასცეს.
17 ოქტ.'17 13:13
ლავროვი: მოსკოვი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს
ლავროვი ახალგაზრდობის და სტუდენტთა მე-19 მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
17 ოქტ.'17 12:08
თხილის მოსავლის განადგურების გამო კომპენსაციის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
69