Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა მარტის ბოლომდე შედგება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 თებ.'13 / 12:34

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 26 თებერვლის წერულობით მიმართვაში პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწოდებს „2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად“ დააფიქსიროს „უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას“, რასაც ითვალისწინებს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც, ივანიშვილის განცხადებით, კენჭისყრაზე მარტის ბოლომდე დადგება.

„ეს კენჭისყრა კი უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი“, - აცხადებს ივანიშვილი, „გნებავთ ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ - ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი; ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას“.

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტისადმი პრემიერის წერილობითი მიმართვის სრული ტექსტი:

„ხელისუფლების საკითხი ქვეყანაში გადაწყვეტილია და ამიტომ არ მოგმართავთ როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რომელთანაც რაიმე დამრჩა გასარკვევი. თქვენს პოლიტიკურ გუნდსა და საზოგადოებას შორის ვხედავ სულ უფრო მზარდ უფსკრულს, რომელიც სრული მარგინალიზაციისკენ მიაქანებს ამ გუნდის ღირებულ წევრებსაც კი, და ამიტომ მოგმართავთ.

კიდევ იმიტომ მოგმართავთ, რომ არ ვთვლი ქვეყნისთვის სასურველ მოვლენად თქვენს გუნდთან ერთად განვლილი 9 წლის სრულ დისკრედიტაციას. ხელისუფლება თავისი ხალხის წინაშეა პასუხისმგებელი, ხოლო ხალხი თავის ხელისუფლებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ვცდილობ, ყველაფერს და ყველას არ გადაესვას ხაზი, ყველაფერს და ყველას არ მოეცხოს ლაქა, მათ შორის, ქართველი ხალხის თავმოყვარეობას და ღირსებას.

ამიტომ მინდა, რომ როგორმე ღირსეული გამოსავალი ვიპოვოთ, ზედმეტი დანაკარგების გარეშე გავუმკლავდეთ წარსულს და მთელი ენერგია მომავალს მოვახმაროთ. ამიტომ ვწვალობ ამდენს და ვცდილობ დაგანახოთ გამოსავალი, რომელიც გახსნიდა გზას ყველა სხვა პრობლემის ცივილიზებულად მოგვარებისკენ.
ამიტომ შემოგთავაზეთ დეკემბრის ბოლოს ისეთი საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელზე დათანხმებაც თქვენთვის ყველაზე მარტივი იყო (შეგეძლოთ „პიარქულებიც“ კი იქით ჩაგეწერათ). საპარლამენტო უმრავლესობამაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თქვენი პარლამენტში გამოსვლის გადავადება - არ გვინდოდა ის დღე გამხდარიყო წყალგამყოფი. ამიტომ წამოვედით მოლაპარაკებებზეც და ინიციატივის ხელში აღებაც კი შემოგთავაზეთ კონსტიტუციის 2010 წლის მოდელის ნაწილობრივ ამოქმედების ფორმულით. ამიტომ ვთანხმდებოდი ამინისტიის ისეთ ვარიანტსაც კი, რომლის ახსნა ძალიან გამიჭირდებოდა საზოგადოებისთვის.

მაგრამ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ცივილიზებულ, სათანამშრომლო ვითარებაში არ გადასულიყო პროცესი. ამის მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - თქვენს გუნდს თქვენ გარშემო მხოლოდ თქვენ მიერვე გაზვიადებული საფრთხის განცდით აკავებთ და აშანტაჟებთ. თქვენი ამოცანაა, თქვენი გუნდის ცალკეული წევრების დანაშაულზე მთელ გუნდს ააღებინოთ პასუხისმგებლობა და ამით „შეადუღაბოთ“ თქვენი რიგები. 

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ჩვენ მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილება პარლამენტში მარტის ბოლომდე დადგება კენჭისყრაზე. ეს კენჭისყრა კი უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი. გნებავთ ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ - ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი; ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას.

მე კარგად მესმის, რასაც ვამბობ. საკითხი ამგვარად მმართველი კოალიციის შიგნითაც კი არასოდეს დამიყენებია და არ გამომიცხადებია ე.წ. სავალდებულო კენჭისყრა. მაგრამ ახლა საქმე რომელიმე „საკითხს“ არ ეხება. კონსტიტუციური ცვლილებები ეპოქალურ თემას დაუკავშირდა:  წინ – მომავლისკენ, თუ უკან – წარსულისკენ. ამიტომ ვერ მივიღებ ვერანაირ „კი, მაგრამ“-ს და „დღეს არა, ხვალ“-ს. 

რა ელით მათ, ვინც წარსულს აირჩევს? განსაკუთრებული არაფერი, გარდა საზოგადოების სათანადო შეფასებისა. რა ელით მათ, ვინც მომავალს აირჩევს? ასევე განსაკუთრებული არაფერი, გარდა საზოგადოების სათანადო დაფასებისა.  

პირადად მე, სანამ პოლიტიკაში ვარ, მაქსიმალურად შევიკავებ თავს საკუთარი შეფასებებისგან, მაგრამ როდესაც კვლავ საზოგადოების რიგითი წევრი გავხდები (არცთუ შორეულ მომავალში), ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ საზოგადოებას არც ვინმეს შეფასება გადაავიწყდეს და არც დაფასება.  

რაც შეეხება კანონს, იგი ყველასთვის კანონად დარჩება: თქვენგან განთავისუფლებული სასამართლო უდანაშაულოს თავისუფლების გარანტიას მისცემს, ხოლო დამნაშავეს - სასჯელის.

პირადად თქვენც გთავაზობთ ბოლო წინადადებას. უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ, უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. თქვენი წინმსწრები მკაფიო პასუხი კი იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტფაქტუმ არ დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენც მხარს უჭერდით ამ ცვლილებას, ისევე, როგორც დღეს ამტკიცებთ, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არც არასოდეს გიოცნებიათ“.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
70