Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:51 - 18 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლავროვი: საქართველოს ახალი მთავრობა ‘პრაგმატულად მოქმედებს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 თებ.'13 / 20:12

საქართველოს ახალი მთავრობა „პრაგმატულად მოქმედებს“ და მოსკოვი მზად არის თბილისთან ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავოს, „მაგრამ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი ძმების ღალატის ხარჯზე“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 25 თებერვალს.

მან ეს განცხადება მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

როდესაც სტუდენტმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდან უთხრა მას, რომ პირადად მისგან სურს გაიგოს იმის თაობაზე, რომ „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობის ფონზე“, ლავროვმა გაიღიმა და უპასუხა: „პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე ისაუბრა ამ საკითხზე პირდაპირ და არაორაზროვნად და მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო ეს“.

„მე მიმაჩნია, რომ თავად ამ საკითხის წამოჭრა უცნაურია, რადგანაც ჩვენ ვუზრუნველვყავით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და აფხაზეთის რესპუბლიკის არსებობის შესაძლებლობა“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს 2008 წლის აგვისტოში ცხინვალზე კონტროლის აღდგენა რომ მოეხერხებინა, აფხაზეთი შემდეგი იქნებოდა.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებობდა საქართველოსთან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, თუმცა ეს მცდელობები სააკაშვილმა ჩაშალა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგაც კი ფიქრობდა რუსეთი, რომ შეთანხმების შანსი არსებობდა. „მაგრამ როდესაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ იქნებოდა რევანში, როდესაც მან განაცხადა, რომ არც აპირებდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის განხილვას – თუმცა ჩვენ მზად ვიყავით სპეციალური დისკუსიები გაგვემართა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მონაწილეობით და სტატუსზე გვესაუბრა - მაგრამ მისი განცხადებების შემდეგ ხიდები დაინგრა და ჩვენ სხვა გზა აღარ გვქონდა [გარდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებისა]“, – განაცხადა ლავროვმა.

„ეს იყო რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება და ის გადახედვას არ ექვემდებარება“, – დასძინა მან.

მისი თქმით, რუსეთს „არასდროს გაუნელებია“ თავისი ურთიერთობები ქართველ ხალხთან.

„ეს ჩვენი ახლო მეზობელია, მოძმე ერი“, – განაგრძო ლავროვმა, „ჩვენ არ ვაპირებდით ქართველი ხალხის იზოლირება მოგვეხდინა. მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება გაეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები“.

„ახლა, საქართველოს ახალი მთავრობა პრაგმატულად მოქმედებს და თუ არსებობს ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესი – რომელიც სრულად არასდროს შეწყვეტილა, ენერგეტიკის სფეროში და სხვა დარგებში ჩვენი კომპანიები იქ მუშაობენ – თუ არსებობს ჰუმანიტარული კავშირების, საჰაერო მიმოსვლის განვითარების ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამ სფეროებში ურთიერთქმედება განვავითაროთ, მაგრამ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი ძმების ღალატის ხარჯზე. ეს არასდროს მოხდება“, – განაცხადა ლავროვმა.

იმავდროულად, 25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს 1 მარტს პრაღაში შეხვდება.

ეს ორ დიპლომატს შორის მეორე შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გეგმებზე გააკეთა განცხადება.

აბაშიძე და კარასინი დეკემბერში შვეიცარიაში შეხვდნენ, რაც პირველი პირველი პირდაპირი მოლაპარაკება იყო ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

აბაშიძე აცხადებს, რომ კარასინთან მოლაპარაკებების დროს ისინი არ ეხებიან მხარეთა „წითელ ხაზებს“ და ამის სანაცვლოდ აქცენტი კეთდება ისეთ საკითხებზე, რომლებზეც შესაძლებელია პროგრესის მიღწევა, მათ შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, ასევე ჰუმანიტარულ და კულტურულ მიმართულებებზე.

უახლესი ამბები
18 ოქტ.'17 14:18
საპარლამენტო კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დაასრულეს
მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს.
18 ოქტ.'17 13:09
სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს ამზადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის 4 000 ეთნიკური ქართველისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას გეგმავს.      
17 ოქტ.'17 19:05
ქალები ხელისუფლებაში: საქართველო ევროპის საბჭოს ანგარიშში
ანგარიში ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს მიმოიხილავს.
17 ოქტ.'17 18:27
თბილისში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები დაკრძალეს
აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული 25 პირის ნეშტი ცოტა ხნის წინ მათ ოჯახებს გადასცეს.
17 ოქტ.'17 13:13
ლავროვი: მოსკოვი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს
ლავროვი ახალგაზრდობის და სტუდენტთა მე-19 მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
17 ოქტ.'17 12:08
თხილის მოსავლის განადგურების გამო კომპენსაციის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს.
16 ოქტ.'17 17:37
საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა იტალიის სენატის თავმჯდომარესთან პიეტრო გრასოსთან.
16 ოქტ.'17 16:11
არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №6
მეექვსე გამოცემაში 9-15 ოქტომბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.
14 ოქტ.'17 12:01
აშშ-ის საელჩოს განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 13 ოქტომბერს დაძლია.
13 ოქტ.'17 19:12
მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის პირვანდელი ვერსია 117 ხმით დაამტკიცა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
88