Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:35 - 24 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ უგულავას მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 თებ.'13 / 18:35


სატელევიზიო კადრი, სადაც თბილისის მერი გიგი უგულავა 23 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წინ მხარდამჭერებს მიმართავს მას შემდეგ, რაც  მას ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი გამომძიებლებთან შეხვედრისას, რა დროსაც მან დუმილის უფლება გამოიყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა 1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდების და თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე თბილისის მერისთვის გიგი უგულავასთვის, რომელსაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აქვს ბრალი წარდგენილი.

სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც უგულავას ქვეყნის დატოვებას აუკრძალავდა.

მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც ცალკე განიხილებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა: "ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული თბილისი მერის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლები იყო ზოგადი და დაუსაბუთებელი, სასამართლოს განჩინებით ბრალდების მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გიორგი უგულავა არ იქნა გადაყენებული თანამდებობიდან".

უგულავას საქმეზე წინასწარი სასამართლო მოსმენა 10 აპრილისთვის არის დანიშნული.

სასამართლო დარბაზში ადვოკატის გვერდით მჯდომმა უგულავამ განუცხადა მოსამართლეს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

მანამდე 25 თებერვალს, როდესაც სასამართლო მისთვის 1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდების საკითხს განიხილავდა, უგულავამ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს; მან განუცხადა მოსამართლეს, რომ იგი 1 მილიონ ლარს ვერ გადაიხდის, რადგანაც არ აქვს.  

ქვეყნიდან გაუსვლელობის თაობაზე პროკურატურის მოთხოვნის შესახებ უგულავამ განაცხადა, რომ ამგვარი აკრძალვის დაწესება  ჩაშლიდა მის ვიზიტს აზერბაიჯანში, სადაც ის რამდენიმე დღეში უნდა გაემგზავროს იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი უხელმძღვანელებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების და ქვეყნიდან გაუსვლელობის თაობაზე, დარბაზში მსხდომი უგულავას მხარდამჭერები ტაშით შეხვდნენ. თავად უგულავამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „ლოგიკური“ იყო.

სისხლის სამართლის ბრალდება უგულავას 23 თებერვალს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა მისი დაკავების გარეშე.

ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თქმით, ტელეიმედის „ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემასთან“ დაკავშირებით, რაც თავის მხრივ უკავშირდება რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს, უგულავას ბრალი წარედგინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თაობაზე სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე; და მითვისება-გაფლანგვის თაობაზე 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე და 7-დან 11 წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.

182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის დარღვევას ედავება თბილისის მერს გამოძიება მეორე ეპიზოდთან დაკავშირებითაც, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მერიის დასუფთავების სამსახურში ფიქტიური დასაქმების საქმეს უკავშირდება.

უგულავას თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები „აბსურდულია“ და პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის იმ მცდელობის ნაწილია, რაც „თბილისის მერიის ხელში ჩაგდებას და დაპატრონებას“ ისახავს მიზნად.  

გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის მდგომარეობით იმედის საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო ჯოზეფ ქეი, რომელსაც იმ დროისთვის ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის დახარჯული ჰქონდა 10 მლნ აშშ დოლარი. მას ხელისუფლების სახელით დაუკავშირდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შეხვდა და „პირდაპირი მუქარით დაიყოლია“ ტელეიმედის დათმობაზე, იმ ერთადერთი პირობით, რომ მას გიგი უგულავა აუნაზღაურებდა 10 მლნ აშშ დოლარის გაწეულ ხარჯებს.

გამოძიების ინფორმაციით, „უგულავას მითითებით, ჯოზეფ ქეიმ თავისი წილი გადასცა კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ, პანამაში რეგისტრირებულ კომპანია  „bordex limited“-ს, ხოლო თანხის გადახდა  განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა  შპს „ახალი რიყის“ მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 000 000 აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 000 000 აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ ქეისათვის გადასაცემად. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს,  ქ.თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული „ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან“ რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით  შპს „ახალ რიყეს“ გადაერიცხა 17 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს „ახალი რიყეს” ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ ქეის კომპანიას „lakebrow limited”-ს  შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ახალი რიყეს“ საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია “იმედი“ მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით“.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ორ კვირაში ტელეკომპანია „იმედი“, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირე და ყოფილი მთავრობის წევრი გიორგი არველაძე მართავდა, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა. ამჟამად, ტელეკომპანიას მფლობელია პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე.

მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით, გამოძიება აცხადებს, რომ გიგი უგულავა იყო ორგანიზატორი საბიუჯეტო თანხების გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის "თვალთმაქცური დაფინანსების".

„კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს, შპს „თბილსერვის ჯგუფ“-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება,“  სადაც ფიქციურად გაფორმდა 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას,  თუმცა დედაქალაქის  ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან  მათ ხელფასის სახით  4 130 728  ლარი დაერიცხათ“, - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

დედაქალაქის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ აქტივისტების დასაქმება მისი დავალებით მოხდა. „ამიტომ მე ვიღებ სრულად პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით“, - განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს 22 თებერვალს, ვიდრე საგამოძიებო სამსახური მის შესახებ განცხადებას გაავრცელებდა. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მის ამ ქმედებაში ვერ ხედავს დანაშაულს. 

იანვრის ბოლოს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება სავარაუდო ფიქტიური სამუშაოების შექმნის საქმეს იძიებდა, უგულავამ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ მაშინ 700 ადამიანზე მეტი დაიქირავა, რათა თბილისელებთან ნაგვის ბუნკერების საცხოვრებელი კორპუსებიდან გარეთ გატანის საჭიროებაზე ესაუბრათ. 
„დიახ, ეს ხალხი მუშაობდა, მათ კონკრეტული ფუნქცია ჰქონდათ იმიტომ, რომ ამ პერიოდში ხდებოდა ძალიან მტკივნეული პროცესი ქალაქში. ეს იყო ბუნკერების გაუქმება, რამაც უამრავ თბილისელს შვება მოუტანა. ამ საკითხს სჭირდებოდა კომუნიკაცია; ამ საკითხს სჭირდებოდა უამრავი ადამიანი, რომელიც დადიოდა და კარდაკარ უხსნიდა ამ საჭიროებას; და სწორედ ამ მიზნით იყო აყვანილი ეს ხალხი“, – განაცხადა უგულავამ.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.
23 მაი.'17 18:11
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.
23 მაი.'17 16:53
აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის FSB-ს თანამშრომლებმა გერმანიის მოქალაქე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო დააკავეს.
23 მაი.'17 15:15
საქართველოს ლიდერები მანჩესტერის თავდასხმას გმობენ
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ტერორისტული აქტის შემდეგ განცხადებები გამოაქვეყნეს.
23 მაი.'17 13:31
რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები გაერთიანების საკითხს განიხილავენ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისუფალმა დემოკრატებმა ხმების 4.63%,  ხოლო რესპუბლიკელებმა 1.55% მიიღეს.
22 მაი.'17 18:53
პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
ნონა წოწორიამ განაცხადა, რომ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოში მის საქმიანობას უკავშირდებოდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
57